"ალტ-ინფო" აცხადებს, რომ ბანკებმა ანგარიშები დაუხურეს

"ალტ-ინფოს" საბანკო ანგარიშები დაუხურეს.

პრორუსული, ულტრამემარჯვენე, ძალადობრივი მოწოდებებით ცნობილი "კონსერვატიული მოძრაობის" მიერ დაფუძნებულ ტელევიზიას, "ალტ-ინფოს", ანგარიშები დაუხურეს. ინფორმაციას რადიო თავისუფლებას უდასტურებს პარტიის ერთ-ერთი ლიდერი კონსტანტინე მორგოშია.

არხის ფეისბუქგვერდზე წერია, რომ "საქართველოს ბანკმა" "კონსერვატიული მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს, შოთა მარტინენკოს ანგარიში დაუხურა. სწორედ მისი სახელით გროვდებოდა შემოწირულებები.

"ალტ-ინფოს" ტელეეთერში გამოტანილია "თიბისი ბანკის" ანგარიში, რომელზე თანხის გადარიცხვაც შეუძლებელია.

"ბანკმა უთხრა, რომ არ სურს მასთან თანამშრომლობა. მიზეზი გასაგებია, რომ "ალტ-ინფოს" ერთ-ერთი ლიდერია, მაგრამ პასუხი ეს იყო... ყველამ დახურა ['თიბისი' და 'საქართველოს ბანკი']", - ამბობს კონსტანტინე მორგოშია რადიო თავისუფლებასთან კომენტარში. ის დასძენს, რომ საბანკო ანგარიშის გახსნისას პრობლემები შეექმნათ ბიძინა ივანიშვილის "ქართუშიც".

იმის მიუხედავად, რომ არც პარტიას და არც ტელეარხს არ აქვთ პირდაპირი წვდომა საბანკო სერვისებზე, მორგოშია აცხადებს, რომ ეს მათ პრობლემას არ შეუქმნის.

"გაჭირვებით არ გვიჭირს. ამაზე ვიზრუნეთ, შევქმენით 'ათასეულები', რომლებიც აგროვებენ თანხებს - 10-10 კაცი ერთმანეთს ურიცხავს, ვერც გააკონტროლებ. ათი ათასი კაცი რომ შეაგროვებს 30-30 ლარს, ეს ჰყოფნის ჩვენს არხს", - ამბობს მორგოშია.

ასევე ნახეთ აღსრულების ბიურომ "ალტ-ინფოს" 233 ათასი ლარის გადახდა მოსთხოვა

"ალტ-ინფო" არის ჰომოფობიური და პრორუსული პოლიტიკური პარტია "კონსერვატიული მოძრობის" ლიდერების მიერ დაფუძნებული არხი, რომელიც ფინანსდება ერთ-ერთი ლიდერის, კოკა მორგოშიას მამიდის სახელით. ამ ჯგუფის ორგანიზებით თბილისში არაერთი აქცია გაიმართა, რომელიც შემდეგ ძალადობაში გადაიზარდა.

ასევე ნახეთ კოკა მორგოშიას 80 წლის მამიდამ მილიონი ლარი შეიტანა "ალტ-ინფოში" 2022 წელს