აფეთქებები იყო რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგში. ადგილობრივი გამოცემები „ფონტანკა“ და „მეში“ წერენ, რომ გამთენიისას რუსეთის საჰაერო თავდაცვის საშუალებებმა ქალაქში ჩამოაგდეს უპილოტო საფრენი აპარატი. გამოცემების თანახმად, დრონი ჩამოვარდა ქარხანა „ნევის მაზუთის“ ტერიტორიაზე, სადაც ხანძარი ცარიელ ცისტერნებს გაუჩნდა და მალევე ჩააქრეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პეტერბურგში უპილოტო საფრენი აპარატის განადგურებაზე ოფიციალურად არაფერი უთქვამს.
გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ ეს დაზვერვის სპეცოპერაცია იყო და დრონმა სამიზნემდე „წარმატებით მიაღწია".
დღის 12 საათისთვის სანქტ-პეტერბურგის გუბერნატორ ალქსანდრ ბეგლოვის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ „ნევის რაიონში, სამრეწველო მოედანზე მოხდა ინციდენტი, რომელსაც ძალოვანი უწყებების ყურადღება დასჭირდა“. კონკრეტულად რა „ინციდენტი“ ბეგლოვს არ უთქვამს. გუბერნატორის მტკიცებით, „არავინ დაშავებულა და ქონება მნიშვნელოვნად არ დაზიანებულა“.
რუსული სააგენტო „ტასის“ ცნობით, გამთენიისას, ერთ საათზე მეტი ხნით დახურეს პეტერბურგის საერთაშორისო აეროპორტი „პულკოვო“. აეროპორტის პრესსამსახურში მიზეზი არ დაასახელეს. რუსეთის აეროპორტები მსგავს ზომას, როგორც წესი, დრონებით შეტევის დროს მიმართავენ.
ასევე ნახეთ უკრაინის მთავრობის წევრმა დაადასტურა, რომ უკრაინულმა დრონმა პეტერბურგამდეც მიაღწია18 იანვარს უპილოტო საფრენი აპარატით დარტყმა იყო „პეტერბურგის ნავთობის ტერმინალის“ ტერიტორიაზეც. უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრიდან თითქმის ორი წლის განმავლობაში, ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინამ პეტერბურგის რაიონს დრონით შეუტია.
უკრაინული მედია სპეცსამსახურების წარმომადგენელზე დაყრდნობით წერდა, რომ პეტერბურგის ნავთობის ტერმინალზე დარტყმა იყო უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ოპერაცია და შეტევა განხორციელდა „თანამედროვე უკრაინული საშუალებებით“. მოგვიანებით ეს დაადასტურა უკრაინის მრეწველობის სტრატეგიული დარგების მინისტრმა ოლექსანდრ კამიშინმა.
იანვარში დრონებით შეტევა იყო რუსეთის ბრიანსკის ოლქის ქალაქ კლინცის და კრასნოდარის ოლქის ქალაქ ტუაფსეს ნავთობის ბაზებზეც. უკრაინის სპეცსამსახურებში განაცხადეს, რომ ეს მათი ოპერაცია იყო.