Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის მთავრობის წევრმა დაადასტურა, რომ უკრაინულმა დრონმა პეტერბურგამდეც მიაღწია


უკრაინის მრეწველობის სტრატეგიული დარგების მინისტრი ოლექსანდრ კამიშინი
უკრაინის მრეწველობის სტრატეგიული დარგების მინისტრი ოლექსანდრ კამიშინი

უკრაინის მიერ წარმოებულმა დრონმა, რომლითაც რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგში ნავთობის ბაზას შეუტიეს, სამიზნემდე 1250 კილომეტრის მანძილი დაფარა. ამის შესახებ გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ წერს უკრაინის მრეწველობის სტრატეგიული დარგების მინისტრ ოლექსანდრ კამიშინზე დაყრდნობით.

დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, 18 იანვარს გამართულ ერთ-ერთ შეხვედრაზე კამიშინმა თქვა, რომ უკრაინას შეუძლია აწარმოოს როგორც მცირე ზომის, 350 დოლარის ღირებულების დრონები, ასევე „ის, რაც სანქტ-პეტერბურგამდე მიფრინდა", 1250 კილომეტრის მანძილი გაიარა და მიზანს მოხვდა. მინისტრის განცხადებით, ასიმეტრიულ ომს უამრავი უპილოტო საფრენი აპარატი სჭირდება და უკრაინას მათი წარმოების გაზრდა შეუძლია. კამიშინი დარწმუნებულია, რომ წელს „უფრო მეტი მსგავსი მოვლენა“ იქნება.

რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრიდან თითქმის ორი წლის განმავლობაში, პეტერბურგის რაიონზე დრონით შეტევის შესახებ პირველად 18 იანვარს განაცხადა. მანამდე რუსეთი არ მალავდა, რომ უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმებია არაერთ სხვა ქალაქზე, მათ შორის მოსკოვზე.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ 18 იანვარს გამოქვეყნებული ოფიციალური ინფორმაციით, ლენინგრადის ოლქში „უკრაინული“ დრონი „გზად დაიჭირეს“. რუსეთის ხელისუფლებას, განსხვავებით ქალაქ სანქტ-პეტერბურგისგან, რომელსაც საბჭოთა პერიოდში ლენინგრადი ერქვა, მთლიანად ოლქისთვის სახელი არ შეუცვლია.

უკრაინის სპეცსამსახურების წარმომადგენელმა გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ აცნობა, რომ სანქტ-პეტერბურგში უპილოტო საფრენი აპარატით დარტყმა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ოპერაცია იყო და შეტევა ნავთობის ბაზაზე განხორციელდა „თანამედროვე უკრაინული საშუალებებით“.

რუსეთს ნავთობის ბაზაზე დარტყმის შესახებ ოფიციალურად არაფერი უთქვამს. სანქტ-პეტერბურგის გუბერნატორმა ალექსანდრ ბეგლოვმა ზოგადად განაცხადა, რომ „ინციდენტის" შედეგად არავინ დაშავებულა და „მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები".

ტელეგრამ-არხ „ასტრას“ ცნობით, დრონი აფეთქდა სააქციო საზოგადოება „პეტერბურგის ნავთობის ტერმინალის“ ტერიტორიაზე. ეს ობიექტი ქალაქ სანქტ-პეტერბურგში მდებარეობს და რუსული მედიის თანახმად, ბალტიის ზღვის რეგიონში რუსეთის ყველაზე დიდი ტერმინალია. ტელეგრამ-არხი „ბაზა" წერდა, რომ გამოყენებული იყო სამი დრონი, რომელთაგან ორი ფინეთის ყურეში ჩამოვარდა, ერთი კი - ნავთობტერმინალის ტერიტორიაზე, სადაც ხანძარი გაჩნდა.

XS
SM
MD
LG