საქართველოს პარლამენტს რამდენიმე დღე აქვს ახალი პრემიერის ასარჩევად. ვადის ათვლა დაიწყო ზუსტად იმ მომენტიდან, როცა ირაკლი ღარიბაშვილმა გადადგომის შესახებ საჯაროდ განაცხადა.
ასევე ნახეთ ირაკლი ღარიბაშვილი: ვტოვებ პრემიერ-მინისტრის თანამდებობას, საჭიროა სხვებსაც მიეცეთ შესაძლებლობა
განცხადების დაწერა საჭირო არ არის?
არა, პრემიერ-მინისტრს თანამდებობიდან გადასადგომად განცხადების დაწერა არ სჭირდება. მას უფლებამოსილება შეუწყდა 29 იანვრის 17:00 საათიდან, როცა ბრიფინგი გამართა.
თუმცა მას შეეძლო გადადგომის შესახებ განცხადებით მიემართა საქართველოს პრეზიდენტისთვის ან პარლამენტისთვის.
და ახლა ვინ ასრულებს პრემიერის მოვალეობას?
ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის შემდეგ პრემიერის მოვალეობის შესრულება შეუძლია რომელიმე ვიცე-პრემიერს. დღეს ეს თანამდებობა უკავიათ კულტურის მინისტრ თეა წულუკიანსა და ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილს.
კი მაგრამ, მინისტრები გადაყენებულად არ ითვლებიან?
ითვლებიან. პრემიერის გადადგომისთანავე, ყველა მინისტრი გადაყენებულად ითვლება. ისინი ახლა იმავე სამინისტროებში მინისტრების მოვალეობას ასრულებენ.
ვის შეუძლია ახალი პრემიერ-მინისტრის კანდიდატის დასახელება?
საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, დღეს კანდიდატის დასახელება შეუძლია მხოლოდ „ქართულ ოცნებას“, რადგან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა მან მიიღო.
როგორ ასახელებს პარტია კანდიდატს?
30 დეკემბერს, როცა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მესამედ დაბრუნდა, პარტია „ქართული ოცნების“ წესდებაში ცვლილება შეიტანეს. ის საპატიო თავმჯდომარის თანამდებობაზე აირჩიეს და სწორედ მას მისცეს კანდიდატის დასახელების უფლება.
მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი დაასახელებს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს და პოლიტსაბჭო მას დაამტკიცებს, შეთავაზება პარლამენტს გადაეგზავნება. დრო „ქართულ ოცნებას“ 7 თებერვლამდე აქვს.
და მერე რა ხდება პარლამენტში?
პარლამენტს პრემიერის გადადგომიდან ზუსტად 2-კვირიანი ვადა აქვს მთავრობის ახალი მეთაურის ასარჩევად. სამთავრობო პროგრამას ჯერ კომიტეტები და ფრაქციები განიხილავენ, შემდეგ კი დასკვნასთან ერთად უგზავნიან ბიუროს.
სწორდ ბიურო განსაზღვრავს პრემიერისა და მინისტრთა კაბინეტის დამტკიცებისთვის პარლამენტში გასამართი სხდომის თარიღს. მთავრობის დასამტკიცებლად საჭიროა დეპუტატთა უმრავლესობის (76 ხმა) მხარდაჭერა.
აქვს "ქართულ ოცნებას" 76 ხმა?
იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ირაკლი კობახიძე იქნება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, სახელისუფლებო პარტიას ხმები ჰყოფნის.
მინისტრთა კაბინეტის დამტკიცებას მმართველი პარტია ოპოზიციის დახმარების გარეშეც შეძლებს. საპარლამენტო უმრავლესობას, დღევანდელი მოცემულობით, 84 მანდატი აქვს.
დარჩა კიდევ რამე, რაც საჭიროა ახალი პრემიერის თანამდებობაზე დასანიშნად?
კი. ფორმალურად საჭიროა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ხელმოწერაც. ამისთვის მას ორი დღე აქვს.
„თუ საქართველოს პრეზიდენტი დადგენილ ვადაში არ დანიშნავს პრემიერ-მინისტრს, იგი დანიშნულად ჩაითვლება“, - წერია კონსტიტუციაში.
კი მაგრამ, მთვარი ის არის, ვინ იქნება ახალი პრემიერი?
ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი კანდიდატი სახელდება - ირაკლი კობახიძე, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე. ვინ და როგორ წარადგენს მას, ამის შესახებ ზემოთ უკვე მოგიყევით.
ასევე ნახეთ მდინარაძე ადასტურებს, რომ პრემიერად კობახიძის კანდიდატურას განიხილავენასევე ნახეთ ღარიბაშვილისა და კობახიძის „როქი“ - რა(მე) დგას ცვლილებების უკან?