აშშ-მა კვლავ გამოხატა აღშფოთება და განაცხადა, რომ იმოქმედებს იორდანიაში აშშ-ის სამხედროების დაღუპვის პასუხად - დრონით განხორციელებულ თავდასხმაში აშშ ბრალს სდებს ირანის მიერ მხარდაჭერილ გასამხედროებულ ჯგუფებს.
პარალელურად, ვაშინგტონმა და ლონდონმა თეირანზე ზეწოლა კოორდინირებული სანქციების ახალი პაკეტით გააძლიერეს.
აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა 29 იანვარს გაიმეორა მანამდე პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ გამოთქმული პირობა, რომ დრონით თავდასხმის განმახორციელებელი ძალები პასუხს აგებენ. თავდასხმას ემსხვერპლა სამი ამერიკელი სამხედრო, ათობით ჯარისკაცი დაიჭრა - პენტაგონის ცნობით, მათგან ბევრი თავის არეში.
"პრეზიდენტი და მე არ მოვითმენთ თავდასხმებს აშშ-ის ძალებზე და ყველა საჭირო ნაბიჯს გადავდგამთ აშშ-ის და ჩვენი სამხედროების დასაცავად", - თქვა ოსტინმა პრესკონფერენციაზე.
მოგვიანებით, უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა ჯონ კირბიმ ჟურნალისტებს უთხრა: "ჩვენ არ ვეძებთ ომს ირანთან". თუმცა, მისი თქმით, დრონით განხორციელებული შეტევა "ესკალაციაზე იყო მიმართული, ეს ცხადია და პასუხს საჭიროებს".
თავდასხმის დეტალები 29 იანვარს ბუნდოვანი რჩება. აშშ-ის ოფიციალური პირი, რომელიც ანონიმურობის დაცვის პირობით საუბრობს, ამბობს, რომ მტრის ძალების დრონი შესაძლოა, შეეშალათ ამერიკულ დრონში, რომელიც აშშ-ის ობიექტზე ბრუნდებოდა და ამიტომ მის ჩამოსაგდებად ძალისხმევას არ მიმართეს.
ასევე ნახეთ დრონი, რომელმაც იორდანიაში აშშ-ის სამხედროები იმსხვერპლა, შესაძლოა აშშ-ის დრონში შეეშალათირანმა 29 იანვარს უარყო კავშირი თავდასხმასთან, საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბრალდებებს "უსაფუძვლო" უწოდა. სამინისტროს პრესმდივნის, ნასერ ქანაანის თქმით, რეგიონში მოქმედი "წინააღმდეგობის ჯგუფები" თეირანისგან მითითებებს არ იღებენ - თუმცა დასავლეთის ქვეყნები ირანს ბრალს სდებენ ამგვარი ჯგუფების დახმარებაში, წვრთნასა და აღჭურვაში.
29 იანვარს აშშ-მა და ბრიტანეთმა გამოაცხადეს კოორდინირებული სანქციები "ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" (IRGC) 11 წარმომადგენლის წინააღმდეგ - გავრცელებული ცნობებით, მათ კავშირი აქვთ კრიმინალურ ქსელთან, რომელიც მიზანში იღებს უცხოელ დისიდენტებსა და ირანის რეჟიმის ოპონენტებს.
ასევე ნახეთ იორდანიაში ამერიკელებზე თავდასხმის პასუხისმგებლობა „ისლამურმა წინააღმდეგობამ“ აიღო - მედია