იემენელმა ჰუთებმა განაცხადეს, რომ სარაკეტო დარტყმა განახორციელეს წითელი ზღვის ადენის ყურეში მყოფ ტანკერ მარლინ ლუანდაზე, რომელიც მარშლის კუნძულების დროშის ქვეშ დაცურავს. ამერიკელი ოფიციალური პირების განცხადებით, გემს ხომალდსაწინააღმდეგო ბალისტიკური რაკეტა მოხვდა.
მრავალეროვნულმა კორპორაციამ Trafigura-მ, რომელიც ზემოხსენებულ ტანკერს ფლობს, ბიბისის შეატყობინა, რომ სარაკეტო თავდასხმის შედეგად გემის ერთ-ერთ სატვირთო განყოფილებაში გაჩნდა ხანძარი, რომლის ჩასაქრობად გემის ბორტზე სახანძრო ტექნიკა განთავსდა. დაზარალებულების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.
საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი კომპანია Trafigura-ს წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ ტანკერს რუსული წარმოშობის მძიმე ნახშირწყალბადების ნარევი ნავთობპროდუქტები გადაჰქონდა. აღინიშნა, რომ ნავთობპროდუქტი შეძენა მოხდა G7-ის მიერ დადგენილი ზღვრულ ფასზე დაბლა, ამიტომ სანქციების დარღვევა არ მომხდარა.
ასევე ნახეთ
აშშ-მა და ბრიტანეთმა კვლავ განახორციელეს დარტყმები ჰუთების ობიექტებზე იემენშიჰუთების შიიტური გასამხედროებული დაჯგუფება, რომელიც თავს „ანსარ ალაჰს“ უწოდებს, წითელ ზღვაში გემებს თავს ესხმის 2023 წლის შემოდგომიდან, ისრაელსა და პალესტინელთა რადიკალურ ისლამისტურ მოძრაობა ჰამასს შორის ომის დაწყების შემდეგ. ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუთები, რომლებიც იემენის ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს აკონტროლებენ, მტრად მიიჩნევენ ისრაელს, აშშ-ს და საუდის არაბეთს და აცხადებენ, რომ გემებზე თავდასხმებს არ შეწყვეტენ, სანამ ისრაელი ჰამასის წინააღმდეგ ომს არ დაასრულებს.
ჰუთები, რომლებიც იემენის უმეტეს ნაწილს აკონტროლებენ, დაახლოებით ორი თვის განმავლობაში თავს ესხმიან წითელ ზღვაში მცურავ გემებს. ამ მარშრუტზე მოდის მსოფლიო ვაჭრობის 15 პროცენტამდე. ჰუთების თავდასხმებმა შეაფერხა საერთაშორისო ვაჭრობა ევროპასა და აზიას შორის. სხვადასხვა საზღვაო კომპანიებმა შეაჩერეს თავიანთი საქმიანობა რეგიონში, ხოლო გემები აფრიკის გარშემო მდებარე სხვა მარშრუტებზე გადაამისამართეს.