მებაჟეებმა სანქციების გვერდის ავლის 1770 მცდელობა აღმოაჩინეს - ფინანსთა მინისტრი

საილუსტრაციო ფოტო

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ამბობს, რომ ქვეყნის მებაჟე-ოფიცრებს უკრაინაში ომის დაწყების გამო დაწესებული სანქციების გვერდის ავლით საქართველოში ტვირთის შემოტანის ასეულობით მცდელობა აქვთ აღკვეთილი. ამის შესახებ მან ილაპარაკა "მებაჟის დღისთვის" მიძღვნილ ღონისძიებაზე, რომელიც დღეს, 26 იანვარს, გაიმართა.

"სანქციების შემოღების შემდეგ საქართველოს საბაჟო საზღვრებიდან გაბრუნებისა და საბაჟო პროცედურების განხორციელებაზე დაფიქსირებული გვაქვს უარის თქმის 1770 შემთხვევა. დღეისათვის აქტიურია 36 საოპერაციო რისკის პროფილი, რომელიც ავტომატურ რეჟიმში ახდენს სანქცირების შესახებ მონაცემთა იდენტიფიცირებას და დამატებითი რისკ-ფაქტორების გამოვლენის ინიცირებას. ჩვენი საბაჟო სამსახურების მუშაობა ამ მიმართულებით აღიარებულია ყველა პარტნიორი ქვეყნის მიერ უმაღლეს დონეზე", - თქვა მინისტრმა.

მასალა არქივიდან ვიმედოვნებ, მომავალში რუსეთის სანქციებთან საქართველოს შესაბამისობა გაიზრდება - ევროკავშირის ელჩი

2023 წლის ივნისში შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა ჯიმ ო’ბრაიენმა რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების გვერდის ავლაზე საუბრისას საქართველოც ახსენა.

მაშინ საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ თქვა, რომ „საქართველო სრულად იცავს საერთაშორისო სანქციებს“ და რომ ამერიკელი მაღალჩინოსნის განცხადება „კვლავ ინტერპრეტირებულია მედიის მხრიდან და გამოყენებულია საქართველოს წინააღმდეგ მორიგი დეზინფორმაციისთვის“.

მასალა არქივიდან საქართველო და სანქციები - ზუსტად რა თქვა ჯიმ ო’ბრაიენმა

„საქართველო ნახსენები იყო არა როგორც ქვეყანა, სადაც ხდება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ დაწესებული სანქციების გვერდის ავლა, არამედ იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომლებიც აქტიურად თანამშრომლობენ პარტნიორებთან იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოხდეს სანქციების რეჟიმის დარღვევის პრევენცია“, - ეწერა ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.

მასალა არქივიდან რუსეთისთვის სანქცირებული ელექტროსაქონელი საქართველოს სტატისტიკაში - რა გადის და სად?

საქართველოს მთავრობას ეროვნულ დონეზე რუსეთისთვის ეკონომიკური შეზღუდვები არ დაუწესებია, თუმცა აცხადებს, რომ იცავს საერთაშორისო სანქციებს. ამასთან, პერიოდულად ვრცელდება ცნობები, რომ რუსეთი სანქცირებულ საქონელს შესაძლოა, საქართველოს გავლით იღებდეს.

რუსეთისთვის დასავლეთის მიერ დაკისრებული სანქციების აღსრულების საერთაშორისო კოორდინატორები აცხადებენ, რომ ხელისუფლება სერიოზულად ეკიდება საკითხს, რომ საქართველოს ტერიტორია არ იქნეს გამოყენებული სანქციებისგან თავის ასარიდებლად და მუშაობა მიმდინარეობს კონტროლის მექანიზმების კიდევ უფრო დასახვეწად და გასაღრმავებლად.