Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვიმედოვნებ, მომავალში რუსეთის სანქციებთან საქართველოს შესაბამისობა გაიზრდება - ევროკავშირის ელჩი


საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი
საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი

ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ საქართველო მიმართავს დიდ ძალისხმევას, არ დაუშვას ქვეყნის ტერიტორიის გამოყენება რუსეთის წინააღმდეგ სანქციებისთვის გვერდის ასავლელად. რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში ელჩი აგრეთვე აღნიშნავს, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები "ძვირად უჯდება ევროკავშირს, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს. თითოეული წევრი სახელმწიფო იხდის ძალიან მაღალ ფასს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამო".

"ჩვენ კოლექტიურად ჩავთვალეთ, რომ რუსეთი უნდა დაისაჯოს იმისთვის, რასაც უკრაინაში სჩადის. ამიტომაც, ჩვენი წევრი ქვეყნების ეკონომიკებისთვის მძიმე ფასის მიუხედავად, გადავწყვიტეთ, განგვეხორციელებინა ეს სანქციები და შემიძლია გითხრათ, რომ მიმდინარეობს მუშაობა მორიგ პაკეტზე...

ამას არ ვაკეთებთ მარტოები, არამედ ჩვენ მსგავსად მოფიქრალ პარტნიორებთან ერთად, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს ჩათვლით, "დიდი შვიდეულის" ფარგლებში და ვცდილობთ, ზეწოლა მოვახდინოთ რუსეთზე, რაც შეიძლება ბევრი საერთაშორისო პარტნიორის მონაწილეობით", - ამბობს პაველ ჰერჩინსკი.

მისი განცხადებით, საქართველო ერთ-ერთია იმ პარტნიორ ქვეყნებს შორის, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაციებში მკაფიოდ უჭერენ მხარს რუსეთის იზოლაციას.

"ამავდროულად, საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, არ შეერთებოდა რუსეთის წინააღმდეგ ვაჭრობის სფეროში ჩვენ მიერ დაწესებულ სანქციებს. სრულად მესმის დასაბუთება: საქართველო [რუსეთის] მეზობელი ქვეყანაა. მისი ეკონომიკა დიდად განსხვავდება ჩვენისგან და რუსეთთან ვაჭრობა მისთვის ჯერაც ძალიან მნიშვნელოვანია. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ მომავალში რუსეთის წინააღმდეგ ჩვენ მიერ დაწესებულ და ყველა სხვა სანქციებთან საქართველოს შესაბამისობა გაიზრდება...

​გამოვთქვამთ სინანულს [საქართველოსა და რუსეთს შორის] პირდაპირი რეისების აღდგენაზე გადაწყვეტილების მიღების გამო. ოთხ დღეში რუსეთის სასტიკი, არაპროვოცირებული, უსაფუძვლო შეჭრიდან, ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა ერთსულოვნად გადაწყვიტეს, აეკრძალათ რუსეთის ყველა ავიაკომპანიის ყველა თვითმფრინავის ყველა რეისი. ნამდვილად დასანანი იყო, რომ საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, დაეშვა პირდაპირი რეისები [რუსეთთან]", - ამბობს ელჩი.

მან ამავე ინტერვიუში დეზინფორმაციაზე საუბრის დროს ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობის კომუნიკაციასა და რიტორიკაზე:

"თქვენ გაქვთ მართლაც უცნაური შეთქმულების თეორიები, რომელთა უმრავლესობა, ვიტყოდი, რომ ქვეყნის გარედან მოდის, თუმცა, სამწუხაროდ, მათ იმეორებენ და ზოგჯერ აძლიერებენ საქართველოს შიგნით. ზოგიერთი მათგანის სამიზნე არის ევროკავშირი. მათი უმრავლესობა იმდენად აბსურდულია, გამეორებაც არ მინდა. ვისურვებდით, საქართველოში ყველა, მთავრობის ჩათვლით, ძალიან აქტიურად ებრძოდეს ამ ნარატივებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ იმ საწამლავმა, რომელიც მსოფლიოში ვრცელდება მათ მიერ, ვისაც კარგი არ სურს ევროკავშირისთვის, არ მოწამლოს დისკუსია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სწრაფვაზე".

8 ნოემბერს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკომისია გამოდის რეკომენდაციით, საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი - იმ დათქმით, რომ ქვეყანა გარკვეულ რეფორმებს განახორციელებს.

ფონ დერ ლაიენის თანახმად, ევროკავშირი „სრულად უჭერს მხარს საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის გულწრფელ სურვილს, გაწევრიანდეს ევროკავშირში“ და „ევროკავშირისადმი ეს მისწრაფებები უკეთ უნდა აირეკლოს ხელისუფლებამ“.

მან თქვა, რომ საქართველოსთვის „მართლაც არის საზეიმო დღე“, - და დასძინა, რომ „კიდევ არის საქმე გასაკეთებელი, საშინაო დავალება მოსამზადებელი".

ფონ დერ ლაიენის თანახმად, საქართველომ ბოლო თვეების განმავლობაში „გადადგა ნაბიჯები ევროკავშირთან ჩართულობის გასაძლიერებლად და რეფორმების განსახორციელებლად“, მათ შორის მიიღო კანონები გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ საბრძოლველად.

მისი თქმით, მართალია, საქართველოში წარმოდგენილია სასამართლო რეფორმა, თუმცა „ჯერ კიდევ საჭიროა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს „ჰოლისტური“ რეფორმა".

ევროკომისიის მიერ რეკომენდაციის გაცემის შემდეგ, საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო - 27 წევრი ქვეყანა - დეკემბერში მიიღებს. ამ რეკომენდაციას ევროკავშირის წევრმა 27-ვე ქვეყანამ უნდა დაუჭიროს მხარი.

XS
SM
MD
LG