Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბიშვილი ევროკომისიის რეკომენდაციაზე: ეს არის ჩვენი პასუხი რუსეთს, ოკუპაციას!


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი

ორბელიანების სასახლის წინ მოწყობილი სცენიდან საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიმართა მოქალაქეებს, რომლებიც მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე ევროკომისიამ რეკომენდაცია გამოაცხადა.

ზურაბიშვილის განცხადებით, დღევანდელი დღე საქართველოს მიღწევაა.

„გილოცავთ ჩემო თანამემამულენო. გილოცავთ აქ, საქართველოში და ვინც საზღვრების მიღმა, იქა ხართ და იქიდან გვიყურებთ. გილოცავთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ყველა მცხოვრებთ. რამეთუ ერთი რამ ნამდვილად ვიცი, ჩვენი ევროპული მომავალი თქვენი მომავალიცაა. გილოცავთ, რამეთუ ეს დღე თქვენ გეკუთვნით. ეს დღე საქართველოს მიღწევაა. დღეს მე ნამდვილად მიხარია. დღეს ჩვენ ყველას ერთად გვიხარია. ეს დღე ჩვენი წინაპრებისაა, ვინც ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის, თავისუფლების, დემოკრატიის წინსვლისთვის იბრძოდნენ და სიცოცხლე შესწირეს.

ეს დღე აუცილებლად ილიასია, რადგან დღეს მისი დაბადების დღეა, მაგრამ ეს დღე ასევე აკაკისია, ნიკოსი, ვაჟასი, სულხან-საბასი, ერეკლესი და... და... და... შეუძლებელია ყველა ჩამოვთვალო, იმიტომ რომ ეს დღე არის ჩვენი ყველასი ერთად, ვინც საუკუნეების მანძილზე სხვადასხვა ფორმით იზიარებდა ამ უდიდეს მისწრაფებას, რომ საქართველო გამხდარიყო იმ ცივილიზებული ოჯახის წევრი, რომელსაც ჰქვია ევროპა, ევროპული ცივილიზაცია, ევროპული კულტურა, ჩვენი კულტურისა და ჩვენი იდენტობის საფუძველზე.

ეს დღე ზვიადის და მერაბისაა. ეს დღე ასევე ზურა ჟვანიასია და ამ ქვეყნის ყველა მეთაურისა, რომლებმაც ამ დიდ საქმეში წვლილი შეიტანა, მაგრამ ყველაზე უფრო მეტად ეს დღე თქვენი დღეა, რამეთუ ქართველი ხალხის ურყევი ნების გამოხატვა ლხინში და ჭირში, ომის და ოკუპაციის და სხვა ზეწოლის მიუხედავად, ქართველმა ხალხმა თავისი თქვა. თავისი გზა აირჩია და აღარ უყოყმანია ამ გზაზე. რამეთუ ვიცით, რომ ეს გზა ჩვენი კულტურის, იდენტობის, დაცულობის, მშვიდობის და ტერიტორიული გამთლიანების ერთადერთი გზაა. სხვა გზა კი მონობამდე და ჩვენი თავის დაკარგვამდე მიდის და ეს ქართველ ხალხს არ ეხმარება.

ეს დღე არანაკლებად იმათი დღეა, ვინც ამ ქვეყნის სადარაჯოზე იდგა და დღევანდელ დღეს ვერ დაესწრო. ვინც ამ ქვეყნის უსამართლო და ტრაგიკულ ოკუპაციას ემსხვერპლა, ყველასი დღეა, რამეთუ ამ შეუპოვარი სამშობლოს სიყვარულზე დგას ჩვენი წარსულიც და ჩვენი მომავალი.

ეს არის ჩვენი პასუხი რუსეთს, ოკუპაციას, ყველა მის უღირსობაზე და ეს არის ყველას გამარჯვება, ვინც ამას ებრძოდა, ვინც ამას გაუმკლავდა და დღევანდელ დღეს სინამდვილეში აქ არის, ჩვენთან ერთად არიან. იმიტომ, რომ ამ დღისთვის იბრძოდნენ", - მიმართა შეკრებილებს სალომე ზურაბიშვილმა. ათონელის ქუჩაზე მოქალაქეებთან ერთად იმყოფებოდნენ უცხოელი დიპლომატები და ქართველი პოლიტიკოსები.

პრეზიდენტის ინიციატივით, შეკრებილმა ხალხმა დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო.

ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ესაუბრა უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტებს, მათ მიულოცა მათთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი დღე - მათ მიენიჭათ გაწევრიანების მოლაპარაკების რეკომენდაცია. „ეს არის მათთვის ძალიან დიდი ნაბიჯი წინ. ჩვენც მივყვებით ნაბიჯ-ნაბიჯ", - შენიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. მისი თქმით, ერთ მშვენიერ დღეს საქართველო, უკრაინა და მოლდოვა გახდებიან ევროკავშირის წევრები.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკომისია გამოდის რეკომენდაციით, საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი - იმ დათქმით, რომ ქვეყანა გარკვეულ რეფორმებს განახორციელებს.

ფონ დერ ლაიენის თანახმად, ევროკავშირი „სრულად უჭერს მხარს საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის გულწრფელ სურვილს, გაწევრიანდეს ევროკავშირში“ და „ევროკავშირისადმი ეს მისწრაფებები უკეთ უნდა აირეკლოს ხელისუფლებამ“.

მან თქვა, რომ საქართველოსთვის „მართლაც არის საზეიმო დღე“, - და დასძინა, რომ „კიდევ არის საქმე გასაკეთებელი, საშინაო დავალება მოსამზადებელი".

ფონ დერ ლაიენის თანახმად, საქართველომ ბოლო თვეების განმავლობაში „გადადგა ნაბიჯები ევროკავშირთან ჩართულობის გასაძლიერებლად და რეფორმების განსახორციელებლად“, მათ შორის მიიღო კანონები გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ საბრძოლველად.

მისი თქმით, მართალია, საქართველოში წარმოდგენილია სასამართლო რეფორმა, თუმცა „ჯერ კიდევ საჭიროა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს „ჰოლისტური“ რეფორმა“.

ევროკომისიის მიერ რეკომენდაციის გაცემის შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო - 27 წევრი ქვეყანა - დეკემბერში მიიღებს. ამ რეკომენდაციას ევროკავშირის წევრმა 27-ვე ქვეყანამ უნდა დაუჭიროს მხარი.

XS
SM
MD
LG