ინაშვილი და თარხან-მოურავი უარყოფენ, რომ მატრონა მოსკოველის ხატზე ისინიც გამოსახეს

არიან თუ არა მატრონა მოსკოველის ხატზე ირმა ინაშვილი და დავით თარხან-მოურავი გამოსახული? - "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერები გაჩენილ კითხვას პასუხობენ.

პარტია "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერები და სამების საკათედრო ტაძრისთვის მატრონა მოსკოველის ხატის შემწირველები ირმა ინაშვილი და დავით თარხან-მოურავი უარყოფენ, რომ ხატის ერთ-ერთ ეპიზოდში თავადაც არიან გამოსახული. ინფორმაცია, რომ ხატზე, სავარაუდოდ, მათი ვედრების ეპიზოდია ასახული, "TV პირველმა" გაავრცელა.

მატრონა მოსკოველის ხატის ერთ-ერთი ფრაგმენტი. სწორედ ამ ნაწილთან დაკავშირებით გაჩნდა მოსაზრება, რომ მასში ირმა ინაშვილისა და დავით თარხან-მოურავის ვედრებაა ასახული.

"მე დავაკვირდი ხატზე გამოსახულ მანდილოსანს, ირმა ინაშვილს შავი თმა აქვს, ამ მანდილოსანს უფრო წითური-ყავისფერი. თვალები, სახის მოხაზულობა, ცხვირი - მგონი სრულიად ნათელია, რომ ეს არ არის ირმა ინაშვილი, ვერანაირად ვერ მიამსგავსებ იქ გამოხატულ მანდილოსანს ირმა ინაშვილს, ვერც თვალებით, ვერც ცხვირით, ვერც სახის მოხაზულობით, ვერ ცხვირით. თუ გსურთ, რომ გამოიგონოთ, ყველაფრის გამოგონება შეიძლება", - უთხრა დავით თარხან-მოურავმა ტელეარხს.

ირმა ინაშვილმა რადიო თავისუფლების სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. მან ამ საკითხზე პოზიცია მხოლოდ "TV პირველის" ფეისბუკგვერდზე კომენტარების ველში მოსაზრების დაწერით გამოხატა.

"გამეხარდებოდა, ასეთი დახვეწილი სახე და ცხვირი რომ მქონდეს, მაგრამ არა მაქვს. ამ გოგონას გვერდით რომ მამაკაცია, ის (თქვენი ლოგიკით) სერგი კაპანაძე იქნება, სიბერეში", - აცხადებს ის.

ინფორმაცია ხატზე, რომელზეც საბჭოთა დიქტატორი იოსებ სტალინიც იყო გამოსახული, ფეისბუკში რამდენიმე დღის წინ გაავრცელა დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ.

ასევე ნახეთ „მატრონა და სტალინი“ - დარჩება ხატი სამებაში?

სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა, არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა 7 იანვარს თქვა, რომ მატრონა მოსკოველის ხატი, რომელზეც იოსებ სტალინიც იყო გამოსახული, უკვე რამდენიმე თვეა, სამების საკათედრო ტაძარშია და მისთვის ყურადღება ამ დრომდე არავის მიუქცევია.

პრორუსული პარტია "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი ფეისბუკვიდეოში, რომელიც თავის პირად გვერდზე 7 იანვარს, საღამოს გამოაქვეყნა, ადასტურებს, რომ რუსი წმინდანის ხატი, რომელზეც საბჭოთა დიქტატორი იოსებ სტალინიც იყო გამოსახული, სამების საკათედრო ტაძარს მან შესწირა. იმავეს ამბობს ფეისბუკზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში მისი პარტიის წევრი დავით თარხან-მოურავი.

ასევე ნახეთ ინაშვილის თქმით, მატრონას ხატზე გადაწყვეტილება საპატრიარქომ ხელისუფლების "რჩევით" მიიღო

9 იანვარს კი სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანდა, რომ მატრონა მოსკოველის ხატს ლურჯი საღებავი შეასხეს. იმ დროს ხატი ტაძრის ცენტრალური შესასვლელიდან მარჯვენა მხარეს, ნაკლებად გამოსაჩენ ადგილზე იყო. რამდენიმე საათში ხატი გაწმინდეს. 10 იანვარს დილით კი, იგი თვალსაჩინო ადგილზე განათავსეს.

მოგვიანებით გაირკვა, რომ საღებავი ხატს სამოქალაქო აქტივისტმა ნატა ფერაძემ შეასხა. "ხატის შეურაცხყოფის" გამო 10 იანვარს მის სახლთან აქცია გამართა ძალადობრივმა ჯგუფმა, რომელიც "ალტ-ინფოს" მოწოდებით შეიკრიბა. აქციაზე ისინი შეურაცხყოფას აყენებდნენ არა მხოლოდ ნატა ფერაძეს, არამედ იქ მომუშავე ჟურნალისტებსაც.

17 იანვარს რადიო თავისუფლებამ აღმოაჩინა, რომ ხატი სამების საკათედრო ტაძრიდან შესწორების გასაკეთებლად გაიტანეს.

ასევე ნახეთ "ალტ-ინფო" ნატა ფერაძეს ემუქრება, აქტივისტი საქართველოდან გაქცევას არ გეგმავს
ასევე ნახეთ სამებაში ხატზე საღებავის შესხმის საქმეზე შსს-მ სამართალწარმოება დაიწყო
საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა ზუსტი რაოდენობა უცნობია. საზოგადოება „მემორიალის“ მონაცემებით, საუბარია სულ ცოტა 12 მილიონ ადამიანზე, თუმცა გულაგის ისტორიის მუზეუმის შეფასებით, ეს რიცხვი 20 მილიონამდე აღწევს. სტალინური "დიდი წმენდის“ ყველაზე უარეს წლებში, 1937-სა და 1938-ში, სტალინის საიდუმლო სამსახური დღეში ათასზე მეტ ადამიანს ანადგურებდა, მათ უმრავლესობას - დახვრეტის გზით. 30-იანი წლების სტალინური რეპრესიების მძლავრმა ტალღამ გადაუარა საქართველოსაც, სადაც იშვიათია ოჯახი, რომლიდანაც არავინ გადაასახლეს, დააპატიმრეს ან დახვრიტეს. სსრკ-ში დაახლოებით 3,5 მილიონი ადამიანი იქნა რეპრესირებული ეროვნული ნიშნით.