რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგში უპილოტო საფრენი აპარატით დარტყმა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ოპერაცია იყო. ამის შესახებ გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ წერს სპეცსამსახურებში ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით.
გამთენიისას რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ოფიციალური ცნობა, რომ საჰაერო თავდაცვის საშუალებებით ერთი „უკრაინული“ დრონი მოსკოვის ოლქში „გაანადგურეს“, ერთი კი „გზად დაიჭირეს“ ლენინგრადის ოლქში. რუსეთის ხელისუფლებას, განსხვავებით ქალაქ სანქტ-პეტერბურგისგან, რომელსაც საბჭოთა პერიოდში ლენინგრადი ერქვა, მთლიანად ოლქისთვის სახელი არ შეუცვლია.
„უკრაინსკა პრავდის“ წყაროს ინფორმაციით, შეტევა ნავთობის ბაზაზე განხორციელდა „თანამედროვე უკრაინული საშუალებებით“, სამიზნეზე დარტყმა დადასტურებულია, თუმცა კონკრეტული შედეგების შესახებ მონაცემების მოპოვება გრძელდება.
უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრიდან თითქმის ორი წლის განმავლობაში პირველი შემთხვევაა, როცა რუსეთმა ოფიციალურად განაცხადა პეტერბურგის რაიონზე დრონით შეტევის შესახებ. გამოცემა „უკრაინსკა პრავდამ“ უკრაინის სპეცსამსახურების წარმომადგენელს ჰკითხა, იყო თუ არა ეს პირველი შემთხვევა. წყაროს თქმით, პირველი არ ყოფილა, მაგრამ „არის განსხვავებები და ისინი მტერმა იგრძნო".
ასევე ნახეთ მოსკოვის და პეტერბურგის მახლობლად აფეთქებები იყორუსეთს ნავთობის ბაზაზე დარტყმის შესახებ ოფიციალურად არაფერი უთქვამს. სანქტ-პეტერბურგის გუბერნატორ ალექსანდრ ბეგლოვის განცხადებით, „ინციდენტის" შედეგად არავინ დაშავებულა და „მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები".
ტელეგრამ-არხ „ასტრას“ ცნობით, დრონი აფეთქდა სააქციო საზოგადოება „პეტერბურგის ნავთობის ტერმინალის“ ტერიტორიაზე. ეს ობიექტი ქალაქ სანქტ-პეტერბურგში მდებარეობს და რუსული მედიის თანახმად, ბალტიის ზღვის რეგიონში რუსეთის ყველაზე დიდი ტერმინალია.
ტელეგრამ-არხი „ბაზა" წერს, რომ გამოყენებული იყო სამი დრონი, რომელთაგან ორი ფინეთის ყურეში ჩამოვარდა, ერთი კი - ნავთობტერმინალის ტერიტორიაზე, სადაც ხანძარი გაჩნდა.