მიმდინარე წელს უკრაინის პრიორიტეტი იქნება კონტროლის აღდგენა საჰაერო სივრცეზე - აცხადებს ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება.
დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე (WEF) გამოსვლისას დმიტრო კულებამ უკრაინის დასავლელ მხარდამჭერებს მოუწოდა, უკრაინას მიაწოდონ მაღალი ტექნოლოგიის იარაღი, მათ შორის გრძელი რადიუსის რაკეტები და F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები და ამით კიევს დაეხმარონ "ციდან რუსეთის გაგდებაში".
ამ წლის დაწყებიდან რუსეთი განსაკუთრებით ინტენსიურ საჰაერო დარტყმებს ახორციელებს უკრაინაზე, რის გამოც მძლავრი ზეწოლის ქვეშაა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემები, კლებულობს ტყვია-წამლის და აღჭურვილობის მარაგებიც.
"2024 წელს, ცხადია, პრიორიტეტია ციდან რუსეთის გაგდება, - თქვა კულებამ და დასძინა, - რადგან ის, ვინც ცას აკონტროლებს, გადაწყვეტს როგორ დასრულდება ომი".
დავოსში კულებას გამოსვლის პარალელურად, უკრაინის ხელისუფლებამ მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოაცხადა საჰაერო განგაში.
ასევე ნახეთ ზელენსკი დავოსში დასავლეთს ერთიანობისკენ მოუწოდებს რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად