პარტია "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი დავით თარხან-მოურავი ამბობს, რომ მატრონას ხატზე სტალინის გამოსახულების ჩანაცვლების პროცესს ორგანიზებას საპატრიარქო გაუწევს და არა შემწირველი. მისივე ცნობით, საპატრიარქოს წარმომადგენლები ხატმწერს უკვე დაუკავშირდნენ და სტალინის გამოსახულება სამებაში, სავარაუდოდ, ადგილზე რამდენიმე დღეში ჩასწორდება. ანუ ხატს ეკლესიიდან არ გაიტანენ.
“10-სანტიმეტრიანი ფიგურის შესწორებას რად უნდა 2-მეტრიანი ხატის სადმე გატანა? ერთი-ორი საათის ამბავია და ადგილზე გაასწორებენ. საპატრიარქო თვითონ დაალაგებს ამას, მე არაფერს ვასწორებ და არავის არ ვუთანხმდები. საპატრიარქო გაუწევს ორგანიზებას, ჩვენ არა. ეს საკითხი პრინციპული არ არის, თქვენ ცდილობთ გახადოთ”, - უთხრა რადიო თავისუფლებას დავით თარხან-მოურავმა. სწორედ მან შესწირა სამების საკათედრო ტაძარს ხატი, რომელზეც რუს წმინდანთან ერთად სტალინიცაა გამოსახული.
დავით თარხან-მოურავი ამბობს, რომ საპატრიარქოს ადგილას რომ იყოს, ხატის ჩასწორებას არ მოითხოვდა, "ხატები თავადაც დაუწერია" და იცის, რომ იოსებ სტალინის ასე გამოსახვა ხატწერის კანონიკას არ არღვევს.
საპატრიარქოს 11 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ “ვინაიდან იოსებ სტალინის შეხვედრა წმ. მატრონასთან, არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, არ არის შეტანილი მისი ცხოვრების კანონიკურ ტექსტში, არ არის აღიარებული რუსეთის ეკლესიის მიერ, რომელმაც იგი წმინდანად შერაცხა და ამ საკითხთან დაკავშირებით სპეციალური კვლევაც ჩაატარა, აუცილებელია აღნიშნული ეპიზოდის შეცვლა და ხატწერის კანონიკასთან დაკავშირებული სხვა დეტალების გათვალისწინებაც".
ასევე ნახეთ საპატრიარქო აცხადებს, რომ მატრონას ხატზე შეიცვლება სტალინთან შეხვედრის ეპიზოდი“საპატრიარქოს უნდა, რომ იყოს მშვიდობა და გადაწყვიტა შეცვალოს ფიგურა. მაგას ხომ არ დაწერს მშვიდობა მინდაო, აბა, რა დაწეროს სხვა? განცხადებამდე არანაირი კომუნიკაცია საპატრიარქოსთან არ მქონია”, - ამბობს დავით თარხან-მოურავი და ამატებს, რომ მატრონას ცხოვრებიდან ფრაგმენტები ხატმწერმა დამოუკიდებლად შეარჩია და თავდაპირველად ფეისბუკში გაავრცელა. ფრაგმენტების ნახვის შემდეგ დავით თარხან-მოურავმა მას ხატის დაწერა შესთავაზა. ის ინფორმირებული იყო, რომ ერთ-ერთ ფრაგმენტში იოსებ სტალინიც იყო გამოსახული. მისივე ცნობით, იოსებ სტალინის “10-სანტიმეტრიანი ფიგურა სიმსივნისგან განკურნებული ქალის გამოსახულებით ჩანაცვლდება”.
“ხატმწერმა თვითონ შეისწავლა მატრონას ცხოვრება და ეს სცენები დაწერა. რატომაა იქ სტალინი, ეგ ხატმწერს უნდა ჰკითხოთ. მე ხატს ვიცავ და არა იოსებ სტალინს”, - თქვა დავით თარხან მოურავმა. ის ხატმწერის ვინაობას არც ამჯერად არ ასაჯაროებს. ეს ორმეტრიანი ხატი სამების საკათედრო ტაძარში ორ თვეზე მეტია დგას. ხატმწერმა მასზე მუშაობა 2018 წელს დაიწყო.
სტალინის გამოსახულებიანი ფრაგმენტის გავრცელების შემდეგ ხატს ადგილი შეუცვალეს და უფრო გამოსაჩენ ადგილას დადგეს.
ასევე ნახეთ სამებაში საღებავით დასვრილი ხატი გაწმინდეს და უფრო თვალსაჩინო ადგილზე გადაიტანესსაპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში რადიო თავისუფლებას კითხვებზე პასუხის მისაღებად ურჩიეს სამების საკათედრო ტაძრის არქიმანდრიტ იოვანე მჭედლიშვილთან დაკავშირება. არქიმანდრიტ იოვანე მჭედლიშვილისთვის ჯერ არავის მიუწოდებია ზუსტი ინფორმაცია, როგორ წარიმართება ფრაგმენტის ჩანაცვლების პროცესი. ასევე უცნობია, ვისი ინიციატივით შეიცვლება სტალინის გამოსახულება ხატზე - საპატრიარქოს თუ შემწირველის.
ინფორმაცია ხატზე, რომელზეც საბჭოთა დიქტატორი იოსებ სტალინიცაა გამოსახული, ფეისბუკში რამდენიმე დღის წინ გაავრცელა დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ.
ასევე ნახეთ „მატრონა და სტალინი“ - დარჩება ხატი სამებაში?სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა, არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა 7 იანვარს თქვა, რომ მატრონა მოსკოველის ხატი, რომელზეც იოსებ სტალინიცაა გამოსახული, უკვე რამდენიმე თვეა, სამების საკათედრო ტაძარშია და მისთვის ყურადღება ამ დრომდე არავის მიუქცევია.
პრორუსული პარტია "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი ფეისბუკვიდეოში, რომელიც თავის პირად გვერდზე 7 იანვარს, საღამოს გამოაქვეყნა, ადასტურებს, რომ რუსი წმინდანის ხატი, რომელზეც საბჭოთა დიქტატორი იოსებ სტალინიც არის გამოსახული, სამების საკათედრო ტაძარს მან შესწირა. იმავეს ამბობს ფეისბუკზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში მისი პარტიის წევრი დავით თარხან-მოურავი.
ასევე ნახეთ ინაშვილის თქმით, მატრონას ხატზე გადაწყვეტილება საპატრიარქომ ხელისუფლების "რჩევით" მიიღო9 იანვარს კი სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანდა, რომ მატრონა მოსკოველის ხატს ლურჯი საღებავი შეასხეს. იმ დროს ხატი ტაძრის ცენტრალური შესასვლელიდან მარჯვენა მხარეს, ნაკლებად გამოსაჩენ ადგილზე იყო. რამდენიმე საათში ხატი გაწმინდეს. 10 იანვარს დილით კი, იგი თვალსაჩინო ადგილზე განათავსეს.
მოგვიანებით გაირკვა, რომ საღებავი ხატს სამოქალაქო აქტივისტმა ნატა ფერაძემ შეასხა. "ხატის შეურაცხყოფის" გამო 10 იანვარს მის სახლთან აქცია გამართა ძალადობრივმა ჯგუფმა, რომელიც "ალტ-ინფოს" მოწოდებით შეიკრიბა. აქციაზე ისინი შეურაცხყოფას აყენებდნენ არა მხოლოდ ნატა ფერაძეს, არამედ იქ მომუშავე ჟურნალისტებსაც.
ასევე ნახეთ "ალტ-ინფო" ნატა ფერაძეს ემუქრება, აქტივისტი საქართველოდან გაქცევას არ გეგმავს ასევე ნახეთ სამებაში ხატზე საღებავის შესხმის საქმეზე შსს-მ სამართალწარმოება დაიწყო