საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინას სტუმრობს

უკრაინისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სტეფან სეჟურნე უკრაინაში ჩავიდა. როგორც მისმა უკრაინელმა კოლეგამ, დმიტრო კულებამ განაცხადა სტეფან სეჟურნესთან ერთობლივ ბრიფინგზე, შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს უკრაინის ცის დასაცავად სისტემებისა და რაკეტების, ასევე დრონების შემდგომი მიწოდების საკითხი.

თანამშრომლობის შესახებ ორმხრივი მოლაპარაკებების შედეგად საფრანგეთი და უკრაინა შეთანხმდნენ, რომ ერთობლივად იმუშავებენ თავდაცვისთვის ხელსაყრელი პირობების შესაქმნელად.

„უპირველეს ყოვლისა, სამართლებრივ სფეროში, რათა მათ შორის ურთიერთქმედების სამართლებრივი და ფინანსური პირობები მაქსიმალურად ხელსაყრელი იყოს და შევძლოთ, მეტი იარაღი ვაწარმოოთ“, - აღნიშნა კულებამ.

ასევე ნახეთ სუნაკი: ბრიტანეთი უკრაინის გვერდით იქნება

ორმხრივი მოლაპარაკების საკითხებს შორის იყო უკრაინის სვლა ევროკავშირისა და ნატოსკენ. „ შევთანხმდით, რომ საფრანგეთი მხარს დაუჭერს არა მხოლოდ უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციას, არამედ ამ გზაზე კონკრეტული ვადების დაცვას“, - ხაზგასმით აღნიშნა კულებამ. კულებასა და სეჟურნეს შორის განხილულ საკითხებს შორის იყო რუსეთის გაყინული აქტივების და რუსული აგრესიის დანაშაულთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალის შექმნის საკითხებიც. დაგეგმილია სტეფან სეჟურნეს შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთანაც.

ასევე ნახეთ უკრაინა დიდი ბრიტანეთისგან მიიღებს კიდევ 2,5-მილიარდიან სამხედრო დახმარებას