„ვაგნერელს“ სასჯელი შეუმსუბუქეს მისი მსხვერპლის მიერ უკრაინაში ომის გაკრიტიკების გამო

საილუსტრაციო ფოტო. კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ წევრი

რუსეთის სასამართლომ 7 წლით პატიმრობა მიუსაჯა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მიერ დაქირავებულ, მკვლელობისთვის ადრეც გასამართლებულ მაქსიმ ვოლკოვოის, რომელმაც 2023 წლის ბოლოს, უკრაინიდან დაბრუნების შემდეგ, ისევ მკვლელობა ჩაიდინა. მოსამართლემ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე სასჯელი გამოიყენა.

გამოძიების თანახმად, ვოლკოვოიმ ჯერ სასტიკად სცემა და შემდეგ დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა პირს, რომელთან ერთადაც სუფრაზე იმყოფებოდა. რუსეთის პრიმორსკის მხარის ქალაქ დალნერეჩენსკის სასამართლომ ვოლკოვოისთვის სასჯელის შემამსუბუქებელ გარემოებად მიიჩნია მოკლულის გამონათქვამები უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ შესახებ, რამაც განსასჯელის „გრძნობები შეურაცხყო“ და კონფლიქტი გამოიწვია.

სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებად არც ის მიიჩნია, რომ ვოლკოვოი მკვლელობის გამო ადრეც ნასამართლევი იყო. მას 2022 წლის მარტში 8 წელი მიუსაჯეს, თუმცა კოლონია 2023 წელს, მას შემდეგ დატოვა, რაც „ვაგნერმა“ უკრაინაში საომრად დაიქირავა. მკვლელობის მეორე საქმეზე განაჩენის გამოტანისას, სასამართლომ ვოლკოვოის სასჯელის შემამსუბუქებელ გარემოებად ჩაუთვალა უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობაც.

ასევე ნახეთ კრემლმა WSJ-ს რეპორტაჟი პრიგოჟინის სიკვდილის შესახებ „ბულვარული საკითხავის“ ჟანრს მიაკუთვნა

რუსეთის კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერმა“ უკრაინასთან საომრად პატიმრების დაქირავება დაიწყო 2022 წლის ზაფხულიდან, უკრაინაში რუსეთის არმიის არაერთი მარცხის შემდეგ. პრეზიდენტმა პუტინმა საომარ მოქმედებებში მონაწილეობის სანაცვლოდ შეიწყალა მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებული არაერთი პატიმარი. ათეულობით მათგანმა უკრაინიდან დაბრუნების შემდეგ ისევ ჩაიდინა მკვლელობა და სხვა მძიმე დანაშაული.

ომის არაერთ დანაშაულში ეჭვმიტანილმა „ვაგნერმა“, რომელიც აქტიურად იყო ჩართული უკრაინის წინააღმდეგ ომში, საბრძოლო მოქმედებების ზონის დატოვება 2023 წლის მაისიდან, დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის აღების შემდეგ დაიწყო, 23-24 ივნისს კი „ამბოხება“ მოაწყო რუსეთის თავდაცვის სამინისტროს და გენერალური შტაბის წინააღმდეგ.

23 აგვისტოს რუსეთის ტვერის ოლქში ჩამოვარდა თვითმფრინავი, რომელშიც, ოფიციალური ინფორმაციით, „ვაგნერის“ დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინიც იმყოფებოდა. მისი სიკვდილი 2023 წლის 27 აგვისტოს დაადასტურა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა.