პოლონეთის დედაქალაქ ვარშავის ცენტრში გაიმართა ოპოზიციის მხარდამჭერთა მრავალათასიანი საპროტესტო აქცია. პოლონეთის პარლამენტთან 11 იანვარს, საღამოს, შეკრებილი დემონსტრანტები, რომელთა შორის ყოფილი მმართველი პარტიის, „სამართალი და სამართლიანობის“ მხარდამჭერები სჭარბობდნენ, პოლონეთის ახალი ლიბერალი პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის და მისი მთავრობის პოლიტიკას აპროტესტებდნენ.
ვარშავის საქალაქო ადმინისტრაციის ცნობით, აქციაში 35 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა. პარტია „სამართალი და სამართლიანობა“ ირწმუნება, რომ დემონსტრანტების რიცხვი 200 ათასამდე იყო.
აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრ ტუსკს პოლონეთის ღალატში ადანაშაულებდნენ. „დოიჩე ველეს" ცნობით, მიტინგზე გამოსვლისას პარტია „სამართალი და სამართლიანობის“ ლიდერმა იაროსლავ კაჩინსკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირი პოლონელების სამშობლოს ლიკვიდაციას აპირებს, დონალდ ტუსკი კი გერმანიის მითითებით მოქმედებს.
ასევე ნახეთ პოლონეთის პრეზიდენტის სასახლეში დააპატიმრეს ორი ყოფილი მაღალჩინოსანიპოლონეთში კონსერვატიული პარტიის, „სამართალი და სამართლიანობის" 8-წლიანი მმართველობა დასრულდა 2023 წლის შემოდგომაზე ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგად. პოლონეთის მთავრობაში მოვიდა ლიბერალური კოალიცია პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის ხელმძღვანელობით.
ახალი მთავრობა, რომელიც წინა ხელისუფლებას ადანაშაულებს სასამართლოს, მედიის და საჯარო მოხელეების დამორჩილებაში, პოლონელებს ამ მემკვიდრეობისგან გათავისუფლებას დაჰპირდა.
ასევე ნახეთ პოლონეთში დაიწყო მთავრობის ინიციირებული საზოგადოებრივი საინფორმაციო საშუალებების ლიკვიდაციის პროცესი