რუსუდან ჩაგელიშვილი, ქეთევანის ხელმძღვანელი, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას იხსენებს, რომ ქეთევანმა მუზეუმში მუშაობა სკოლის დამთავრებიდან მალევე, 2016 წლიდან დაიწყო. მუზეუმის თანამშრომლები იყვნენ მისი მშობლები და ბებიაც. ოჯახი პატარა დმანისიდან იყო. ამჟამად ქეთევანს დეკრეტული შვებულება ჰქონდა. მან ოთხი თვის წინ იმშობიარა:
„დეკრეტული შვებულება გაიხანგრძლივა, რადგან ბავშვს, ფაქტობრივად, მარტო ზრდიდა. დედა და და ემიგრაციაში არიან, ამიტომ სამსახურში გამოსვლას ვერ ახერხებდა. მშვიდი, წყნარი გოგო იყო. არაჩვეულებრივი ხელი ჰქონდა, ძალიან კარგად წმენდდა დმანისის მონაპოვარს და ასევე ძალიან კარგად შეეძლო ასლებისა და მულაჟების გაკეთება. მისი მშობლები მუზეუმის თანამშრომლები იყვნენ, ბავშვობიდან იცნობდა აქაურობას და, ბუნებრივად, გენეტიკურად გამოსდიოდა ეს საქმე. თუ საქმე არ ჰქონდა, იჯდა და გამუდმებით კითხულობდა, სქელტანიან წიგნებში იყო ჩაფლული“.
იყო თუ არა მოკლული ქალი წარსულში ქმრის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი, ამის შესახებ ქეთევანის თანამშრომლებმა არაფერი იციან:
„უთქმელი ადამიანი იყო. ქმარზე არასდროს არაფერი უთქვამს. ერთადერთი, რაც უცნაურად მეჩვენებოდა, არასდროს პასუხობდა ტელეფონს, სანამ მესიჯს არ მისწერდი. იმ ბიჭს იცნობდნენ ჩვენი დმანისელი თანამშრომლები. ბიჭი თბილისიდან იყო, თუმცა, სოფელ პატარა დმანისში აგარაკი ჰქონდა. ერთმანეთიც იქ გაიცნეს და შემდეგ დაქორწინდნენ. ვიცით, რომ ბავშვის გაჩენის შემდეგ დროებით დმანისში გადავიდნენ. ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს თბილისში ბავშვის ასაცრელად იყვნენ ჩამოსულები. ასევე ვიცით, რომ წინა დღეს, ქეთევანის მამა იყო მისული მათთან, პროდუქტები მიუტანა“, - მეუბნება რუსუდან ჩაგელიშვილი.
ქეთევან ედიბერიძის ქმარს, 30 წლის გიორგი კავლელაშვილს, საქართველოს პროკურატურამ ბრალი 10 იანვარს წარუდგინა. მკვლელობაში ბრალდებული კაცი ამჟამად კლინიკაში მკურნალობს.
„9 იანვარს, თბილისში, ვარკეთილის დასახლებაში, ბრალდებულმა ცოლს დანით, სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. დაზარალებული მიღებული დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა. აღნიშნულის შემდეგ, ბრალდებულმა დანით გულმკერდის არეში ჭრილობები თავადაც მიიყენა, ის ამჟამად მოთავსებულია საავადმყოფოში და გადის შესაბამის მკურნალობას“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
გიორგი კავლელაშვილს ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტებით, რაც ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს და რაც სასჯელის ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ არც ქეთევან ედიბერიძეს და არც მისი ოჯახის სხვა წევრებს არასდროს მიუმართავთ სამართალდამცავებისთვის ძალადობის ფაქტის შესახებ და, შესაბამისად, გიორგი კავლელაშვილის მიმართ არასდროს ყოფილა გამოწერილი შემაკავებელი ორდერი.
ქალებზე ძალადობა და მკვლელობა სადღესასწაულო დღეებში
2024 წელი სულ რამდენიმე დღეა დადგა, თუმცა, ფემიციდის სტატისტიკამ უკვე მიიწერა ორი მოკლული ქალი. 36 წლის ირმა ბერიძე 44 წლის ქმარმა ახალი წლის ღამეს, ბათუმში მოკლა. კაცმა ქალს სასიკვდილო დაზიანებები ცივი იარაღით მიაყენა. ქალი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
ამ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის "კ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ქალის დაკრძალვის დღეს, ახლობლები ჰყვებოდნენ: „არაფრის გამო ხშირად ეჩხუბებოდა. სვამდა უაზროდ და უშარდებოდა არაფრის გამო. ბათუმში მეზობელს ხშირად გადაურჩენია ირმა“.
ასევე ნახეთ „ბოლოს სულ კონფლიქტი ჰქონდათ“ - ახალი წლის ღამით მოკლული ქალი სოფელ აქუცაში დაკრძალეს
ფემიციდის, ანუ გენდერული ნიშნით ქალის მკვლელობის ბუნების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია მკვლელობები სადღესასწაულო დღეებში. ეს არის დაკვირვება, რომლის შესახებაც დიდი ხანია ლაპარაკობენ ქალთა უფლებადამცველები.
ასეთ დღეებში ქალზე ძალადობისა და ფემიციდის „წამახალისებელი“ ერთ-ერთი მთავარი რისკფაქტორი ალკოჰოლის, ნარკოტიკული საშუალებების ჭარბი მოხმარება და შედეგად, ძალადობის კიდევ უფრო მეტად გამძაფრებული და გახშირებული ფაქტებია.
„შემიძლია დავადასტურო, რომ სადღესასწაულო დღეებში ძალადობისა და ფემიციდის რისკები და საფრთხეები უფრო მეტად იზრდება და ამას, სამწუხაროდ, კონკრეტულ ფატალურ შედეგებშიც ვხედავთ. ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, ეს არის ერთ-ერთი რისკფაქტორი და ეს აღიარებულია რისკების შეფასების ინსტრუმენტითაც“, - მეუბნება გოგა ხატიაშვილი, იურისტი და უფლებადამცველი, რომელიც წლებია სწორედ ქალთა უფლებების, ოჯახში და ქალზე ძალადობის საქმეებზე მუშაობს და ფემიციდის ბუნებას სწავლობს.
ამბობს იმასაც, რომ სადღესასწაულო დღეებში გახშირებული ძალადობის ტენდენციის კვლევებსა და ანგარიშებზე სახელმწიფო უწყებები არ მუშაობენ:
„არადა, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის კანონში, მეექვსე მუხლში, პირდაპირ წერია, რომ ამ ტიპის ჩაღრმავებული კვლევების მომზადება არის პრევენციის ერთ-ერთი ინსტრუმენტი. როდესაც ვსაუბრობთ გარკვეულ ტენდენციებზე, ეს საუბრები ძირითადად ეფუძნება ჩვენს დაკვირვებას, რადგან ძალიან მწირია სახელმწიფო უწყებების მხრიდან ასეთი საკითხების დაინტერესება და ესეც აჩვენებს, რამდენად პრიორიტეტულია ქვეყნისთვის ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა“.
9 იანვრის ღამეს მოკლული 27 წლის ქალის საქმეში, სავარაუდოდ, ჩაერთვება ელისო რუხაძე, „უფლებების საქართველოს“ იურისტი. მას უკვე მიმართეს მოკლული ქალის ოჯახის წევრებმა.
მეუბნება, რომ გარდა მოკლული ქალის ოჯახისა, სადღესასწაულო დღეებში, 31 დეკემბრიდან დაწყებული დღემდე, ორგანიზაციას უკვე დაუკავშირდა ძალადობის მსხვერპლი ათობით ქალი: „წლევანდელი ახალი წელი, რა თქმა უნდა, არ არის გამონაკლისი“, - ამბობს ელისო რუხაძე:
„სამწუხაროდ, ეს ყოველთვის ასეა. ყველა დღესასწაული, იქნება ეს ახალი წელი თუ აღდგომა, გამოირჩევა ოჯახში ძალადობის, ქალებსა და ბავშვებზე ძალადობის გახშირებული ფაქტებით. შვიდი წელია ქალთა და ბავშვთა უფლებებზე ვმუშაობ და შეიძლება ითქვას, რომ ამას უკვე ტენდენციის სახე აქვს - სადღესასწაულო დღეებში ძალადობის რიცხვის ზრდა. მოძალადეების უმეტესობა ალკოჰოლური ან ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი კაცები არიან“.
ძალადობის მსხვერპლი ქალების ამბები კი, რომლებიც ამ დღეებში მიმართავენ უფლებადამცველებს, ძალიან ჰგავს ერთმანეთს:
„კაცები ძალადობენ ქალებზე, რადგან თვლიან, რომ ისინი სათანადოდ ვერ მოემსახურნენ სტუმრებს, ან უარი თქვეს მომსახურებაზე. „კარგი ქალობა“ ვერ გამოიჩინეს მამაკაც სტუმრებთან. მოკლული ქალი, ცხადია, ვერაფერს იტყვის, მაგრამ ქალები, რომლებიც ამჯერად გადარჩნენ, ყვებიან, რომ ძალადობის ძირითადი მიზეზი არის ალკოჰოლური ან ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი მამაკაცი, რომელიც აიძულებს ქალს, მაგალითად, მოემსახუროს სუფრას, რაც დაღლილმა ქალმა შესაძლოა ისე ვერ შეასრულოს, როგორც ამას კაცი თვლის საჭიროდ და რასაც მოჰყვება შემდეგ მძიმე ფიზიკური ძალადობა“, - მეუბნება ელისო რუხაძე.
ცვლილება, რომელიც ქალებს თავშესაფრამდე მისვლას გაუადვილებს
ცოტამ თუ იცის, რომ ბოლო ექვსი თვეა, რაც ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალებს აღარ სჭირდებათ მსხვერპლის ოფიციალური სტატუსი იმისათვის, რომ თავშესაფრის კარი შეაღონ.
თუკი აქამდე ქალებს თავშესაფრამდე მისასვლელად ბიუროკრატიული გზის, მათ შორის, სამართალდამცავებთან, პროკურორთან, მოსამართლესთან, მთავრობის ადმინისტრაციასთან კომუნიკაცია უწევდა, 2023 წლის ივლისიდან, ეს ბარიერი მოიხსნა. იმისათვის, რომ ქალმა 24-საათიანი თავშესაფრის, იურისტების, ექიმებისა და ფსიქოლოგების მომსახურებით ისარგებლოს, მას მხოლოდ თავშესაფართან, 116-006, ცხელ ხაზთან დაკავშირება სჭირდება:
„ქალს რომ თავშესაფრით ესარგებლა, მას აუცილებლად უნდა ჰქონოდა მსხვერპლის ოფიციალური სტატუსი. ამ სტატუსის მიღება კი უკავშირდებოდა არაერთ ბარიერს. მაგალითად, ეს სტატუსი ქალს შეეძლო მიეღო შემაკავებელი ორდერის გამოცემის გზით, ანუ, ის იძულებული იყო მიემართა პოლიციელისთვის. ამ სტატუსის მიღება ასევე შესაძლებელი იყო დამცავი ორდერის გამოცემის გზით, ანუ, ქალი იძულებული იყო მიემართა სასამართლოსთვის. მესამე გზა პროკურორზე გადიოდა, მას უნდა ეცნო ქალი ოფიციალურ დაზარალებულად და ბოლოს, მეოთხე გზა - მთავრობის ადმინისტრაციაში არსებობდა მსხვერპლის იდენტიფიკაციის ჯგუფი და მათთვის უნდა მიემართა მსხვერპლს განცხადებით. დღეს ყველა ეს ბარიერი მოხსნილია და ახლა უკვე პირდაპირ შეუძლია ადამიანს მიმართოს თავშესაფარს. ცხრა ენაზე მოქმედებს თავშესაფრის ცხელი ხაზი, ამ ცხელ ხაზზე დარეკავს ქალი და ოფიციალური სტატუსის გარეშე შეაღებს თავშესაფრის კარს“, - ამბობს გოგა ხატიაშვილი. მისი თქმით, ამ ცვლილების აუცილებლობაზე წლების განმავლობაში მიუთითებდნენ სახელმწიფოს უფლებადამცველები.
საქართველოში 2023 წლის 6 თვის მონაცემებით, ქალის მკვლელობის 13 შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც ოჯახში დანაშაულის ნიშანი 7 შემთხვევაში გამოიკვეთა. საგულისხმოა, რომ 2022 წლისგან განსხვავებით, როდესაც ქალთა მკვლელობის მცდელობების მაჩვენებელი აჭარბებდა მკვლელობის შემთხვევებს, 2023 წლის 6 თვის მონაცემების საფუძველზე ირკვევა, რომ ქალთა მკვლელობების რიცხვი თითქმის 54%-ით აჭარბებს მკვლელობის მცდელობათა რაოდენობას, რაც ქვეყანაში ფემიციდის თვალსაზრისით გაუარესებულ ვითარებაზე მეტყველებს.
*ქალთა მიმართ ან ოჯახში ძალადობის ფაქტის შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ 112-ზე. გარდა ამისა, 112-ის მობილური აპლიკაციის საშუალებით, შეგიძლიათ გაააქტიუროთ SOS, ჩუმი განგაშის ღილაკი. ამასთანავე, ძალადობის ფაქტის შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ ცხელ ხაზზე - 116 006 და მიიღოთ უფასო კონსულტაცია იურიდიულ, ფსიქოლოგიურ, სოციალურ და სამედიცინო საკითხებზე.