საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია (SOVLAB-ი) განცხადებით გამოეხმაურა იმ ხატის განთავსებას სამების საკათედრო ტაძარში, რომელზეც საბჭოთა დიქტატორი იოსებ სტალინია გამოსახული. ორგანიზაცია აქცენტს აკეთებს სტალინის მმართველობის დროს სიკვდილით დასჯილ სასულიერო პირებზე.
„საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია გმობს სტალინის განმადიდებელი შინაარსის შემცველი ხატის - „წმინდა მატრონა მოსკოველი აკურთხებს სტალინს“ ქართული ვერსიის სამების საკათედრო ტაძარში განთავსებას. საქართველოს საბჭოთა რუსეთის მიერ ოკუპირების (რომლის ინიციატორიც სწორედ იოსებ სტალინი იყო) 103 წლისთავამდე სულ მცირე ხნით ადრე ამ ხატის სამების ტაძარში არსებობა საბჭოთა რუსული ტოტალიტარიზმის მსხვერპლთა ხსოვნის შეურაცხყოფაცაა.
იოსებ სტალინის მმართველობის დროს საქართველოში სიკვდილით დასაჯეს ასეულობით სასულიერო პირი, მათ შორის უმეტესწილად - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქები და ათასობით მრევლი, განსაკუთრებით 1924 წლის ანტისაბჭოთა აჯანყებისას და შემდეგ 1937-1938 წლების სტალინური ტერორის დროს. მთელს სსრკ-ში სტალინის მმართველობის დროს სიკვდილით დასაჯეს დაახლოებით 80,000 სასულიერო პირი და მილიონამდე მოქალაქე, მხოლოდ და მხოლოდ მათი რელიგიური რწმენისთვის", - ვკითხულობთ განცხადებაში.
SOVLAB-ის მიმართვის ადრესატები არიან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო და ხელისუფლების წარმომადგენლები.
„საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია მოუწოდებს საქართველოს საპატრიარქოს მკაფიოდ დააფიქსიროს პოზიცია იოსებ სტალინის ფიგურასთან დაკავშირებით. მოვუწოდებთ საქართველოს საპატრიარქოს უზრუნველყოს აღნიშნული ხატის შემომწირველთათვის დაბრუნება და სამების საკათედრო ტაძრიდან გატანა.
განსაკუთრებით პრობლემურად მიგვაჩნია, საშობაო ლიტურგიისას ამ ხატის განთავსების სივრცეში საქართველოს მთავრობის და პარლამენტის წევრების, რეაქციის გარეშე დგომა, რომლებიც საქართველოს ყველა მოქალაქეს წარმოადგენენ და კანონით განსაზღვრულ ფარგლებში (იხ. თავისუფლების ქარტია) უნდა რეაგირებდნენ საჯარო სივრცეში ტოტალიტარული სიმბოლოების გამოფენაზე და კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი დიქტატორის და მასობრივი მკვლელობების ორგანიზატორის დადებით კონტექსტში წარმოჩენაზე. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, იმოქმედოდნ კანონის შესაბამისად და შეასრულონ მათზე დაკისრებული მოვალეობა, რაც საბჭოური და ნაცისტური ტოტალიტარული სიმბოლოების საჯარო სივრცეში დემონსტირების აღკვეთაში მდგომარეობს", - ნათქვამია განცხადებაში.
ასევე ნახეთ საღებავი შეასხეს ხატს, რომელზეც სტალინია გამოსახულირამდენიმე დღის წინ, 6 იანვარს, დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ ფეისბუკზე გამოაქვეყნა იმ ხატის ფოტოები, რომელიც თბილისში, სამების საკათედრო ტაძარშია განთავსებული და მასზე საბჭოთა დიქტატორი იოსებ სტალინია გამოსახული. რამდენიმე საათში ამ ხატის ვიდეომასალა ისევ ფეისბუკზე გამოაქვეყნა პოლიტიკოსმა, საბჭოთა კვლევის ლაბორატორიის მკვლევარმა გიორგი კანდელაკმაც. უცნობია, ვინ არის წმინდა მატრონა მოსკოველის ხატის ხატმწერი.
სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა, არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა 7 იანვარს თქვა, რომ მატრონა მოსკოველის ხატი, რომელზეც იოსებ სტალინიცაა გამოსახული, უკვე რამდენიმე თვეა, სამების საკათედრო ტაძარშია და მისთვის ყურადღება ამ დრომდე არავის მიუქცევია.
ასევე ნახეთ „მატრონა და სტალინი“ - დარჩება ხატი სამებაში? ასევე ნახეთ სტალინი ხატზე - „ხალხების მამა“ და ეკლესია