რა უფლებამოსილებები აქვს ივანიშვილს „ქართულ ოცნებაში" - გამოქვეყნდა პარტიის განახლებული წესდება

ბიძინა ივანიშვილი, „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს პარტიების რეესტრში ოფიციალურად გამოქვეყნდა "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წესდებაში მმართველი პარტიის ყრილობაზე შეტანილი ცვლილებები.

30 დეკემბერს მიღებულ შესწორებებში მთავარ საკითხს ახალი სტრუქტურული ერთეული - პარტიის საპატიო თავმჯდომარე - წარმოადგენს.

პარტიის სტრუქტურა

პარტიის ორგანოებია:

ა) პარტიის ყრილობა;

ბ) პარტიის პოლიტიკური საბჭო;

გ) პარტიის სარევიზიო კომისია;

გ/1) პარტიის საპატიო თავმჯდომარე;

დ) პარტიის თავმჯდომარე;

ე) პარტიის გენერალური მდივანი;

ე/1)პარტიის პოლიტიკური მდივანი".

ამონარიდი „ქართული ოცნების" წესდებიდან.

წესდებაში აღნიშნულია კრიტერიუმები, რომლებსაც პარტიის საპატიო თავმჯდომარე უნდა აკმაყოფილებდეს: „პარტიის საპატიო თავმჯდომარედ პარტიის ყრილობამ შეიძლება, აირჩიოს პირი, რომელსაც მიუძღვის განსაკუთრებული დამსახურება ქვეყნის და პარტიის წინაშე".

ამონარიდი „ქართული ოცნების" წესდებიდან

დოკუმენტში ჩამოყალიბებულია საპატიო თავმჯდომარის უფლებამოსილებები - საპატიო თავმჯდომარე არის პარტიის მთავარი პოლიტიკური მრჩეველი. ამასთან, მას შეუძლია, მოიწვიოს პოლიტიკური საბჭოს სხდომა. „პოლიტიკური საბჭოს სხდომას იწვევს პარტიის საპატიო თავმჯდომარე ან პარტიის თავმჯდომარე თავისი ინიციატივით ან პოლიტიკური საბჭოს წევრთა არანაკლებ ერთი მესამედის მოთხოვნით", - ვკითხულობთ „ქართული ოცნების" წესდებაში.

გარდა ამისა, განახლებულ წესდებაში, ძველი ვერსიისგან განსხვავებით, განისაზღვრა პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის წარდგენის საკითხი. ამ პროცედურაში მნიშვნელოვან როლს საპატიო თავმჯდომარე ასრულებს. სწორედ ის წარუდგენს პოლიტსაბჭოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურას დასამტკიცებლად. „[პოლიტიკური საბჭო] პარტიის საპატიო თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას", - ნათქვამია დოკუმენტში.

პარტიის საპატიო თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, შეიძლება „ქართული ოცნების" რიგგარეშე ყრილობის მოწვევაც. ის ასევე არის პოლიტსაბჭოს წევრი. „პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში შედიან პარტიის საპატიო თავმჯდომარე, პარტიის თავმჯდომარე და პარტიის ყრილობის მიერ არჩეული 15 წევრი", - აღნიშნულია მმართველი პარტიის წესდებაში.

ასევე ნახეთ მესამედ მოსვლისა და ორი წასვლის ქრონიკა - ივანიშვილის ცარცის წრე
ასევე ნახეთ რა თქვა ივანიშვილმა პოლიტიკაში ისევ დაბრუნების შემდეგ

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის და „ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში კიდევ ერთხელ ოფიციალურად დაბრუნების გადაწყვეტილება 30 დეკემბერს, მმართველი პარტიის ყრილობაზე გამოცხადდა. ის პარტიის საპატიო თავმჯდომარედ აირჩიეს.