7 იანვარს დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ ფეისბუკზე გამოაქვეყნა იმ ხატის ფოტოები, რომელიც, მისი თქმით, თბილისში, სამების საკათედრო ტაძარშია განთავსებული და მასზე საბჭოთა დიქტატორი იოსებ სტალინია გამოსახული. რამდენიმე საათში ამ ხატის ვიდეომასალა ისევ ფეისბუკზე გამოაქვეყნა პოლიტიკოსმა, საბჭოთა კვლევის ლაბორატორიის მკვლევარმა გიორგი კანდელაკმაც. წმინდა მატრონა მოსკოველის ხატმწერის ვინაობა ცნობილი არ არის.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე "ტაბულასთან" საუბარში ამბობს, რომ სტალინის ხატზე გამოსახვის შესახებ საუბარი შობის დღესასწაულის გადასაფარად არის შემოტანილი საინფორმაციო სივრცეში და აზუსტებს, რომ ეს არის არა სტალინის, არამედ მატრონას ხატი.
"ამას მატრონას ხატი ეწოდება და არა სტალინის, ისიც, რომ თუ წმ. გიორგის ფრესკაზე სადმე დიოკლიტიანეა გამოსახული, ეს დიოკლიტიანეს ხატი არ არის", - უთხრა ანდრია ჯაღმაიძემ "ტაბულას".
ანდრია ჯაღმაიძის განმარტებას დეკანოზი ილია ჭიღლაძე არადამაჯერებლად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ ამ ორი შემთხვევის კონტექსტი განსხვავებულია.
"დიოკლიტიანე ხატებზე ისახება, როგორც ეკლესიის და წმ. გიორგის მდევნელი მკვლელი, როგორც დამარცხებული ბოროტება. ხოლო სტალინის მატრონას ხატზე გამოსახვის ერთადერთი აზრი და მიზანდასახულობაა, გაავრცელოს ხალხში აზრი, რომ სტალინი იყო ფარული ღრმადმორწმუნე და მოქმედებდა “წმინდა” მატრონას ლოცვა-კურთხევით, რომ იყო წმინდანის გზით და მითითებით მავალი ქრისტიანი", - ამბობს ის. მატრონა მოსკოველის შესახებ ბიოგრაფიულ ცნობებში მართლაც ნახავთ, რომ მასთან სტალინი ომის დროს დადიოდა "რჩევების მისაღებად", თავად წმინდანმა კი სრულიად ახალგაზრდამ იწინასწარმეტყველა "საბჭოთა რევოლუცია".
ანდრია ჯაღმაიძეს რადიო თავისუფლებაც დაუკავშირდა. გვინდოდა მიგვეღო პასუხი კითხვებზე, რა დროიდან არის განთავსებული რუსი წმინდანის ხატი სამების ტაძარში და ვინ არის მისი ხატმწერი.
"გილოცავთ ქრისტეს შობას, იფიქრეთ ამ საიდუმლოზე და გაიხარეთ. სტალინი და მატრონა მოიცდიან სხვა დღეებისთვის", - მოგვწერა დეკანოზმა ჩვენი კითხვების პასუხად.
სტალინის გამოჩენა ქართულ ეკლესიებსა და იკონოგრაფიაში სიახლე არ არის. "ევროპა ჩვენი სახლიას" დამფუძნებელი თორნიკე ბარათაშვილი იხსენებს, რომ იოსებ ჯუღაშვილის ფოტო 2017 წელს ბაგრატის ტაძარში იყო გამოფენილი. ამ ფოტოზე ის სასულიერო პირებთან არის გამოსახული.
იოსებ სტალინის ხატები რამდენიმე წელია ჩნდება რუსულ ეკლესიებში, რუსი მორწმუნეების ნაწილი მის წმინდანად შერაცხვასაც კი ითხოვს.
მითი იოსებ სტალინის ღვთისმოსაობის შესახებ თანამედროვე რუსული პროპაგანდის ერთ-ერთი პროდუქტია - რეალურად კი საბჭოთა რეპრესიების ერთ-ერთი სამიზნე სწორედ რელიგიები, მათი მსახურები და მიმდევრები იყვნენ. საბჭოთა ხელისუფლების პირველივე წლებში დაიწყო ღვთისმსახურთა მასობრივი დაპატიმრება, დაიხურა ეკლესიები და დაარსდა "უღმერთოთა კავშირები".
ასევე ნახეთ რას ნიშნავს სტალინის დაბრუნება საჯარო სივრცეში?
ასევე ნახეთ ულვაშას მონატრება
ასევე ნახეთ ღმერთი თუ ღმერთის მკვლელი? ასევე ნახეთ როგორ მოუწყო სტალინმა რეპრესიები საკუთარ ნათესავებს