ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა ცხინვალში 28 დეკემბერს გამართულ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ადგილობრივი ბლოგერის მიერ "რესპუბლიკის" უსაფრთხოების საკითხზე დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა, რომ ყურადღებით აკვირდებიან საქართველოში არსებულ ვითარებას და „ხედავენ, როგორც აძლიერებენ ისინი თავიანთ არმიას დასავლეთის დახმარებით“.
„მინდა, ქართველ პოლიტიკოსებს ვურჩიო, არ დაივიწყონ 2008 წლის გაკვეთილები და ნუ დააბიჯებენ ერთსა და იმავე ფოცხს“, - განაცხადა ალან გაგლოევმა.
მისივე თქმით, 2015 წელს ალიანსისა და ინტეგრაციის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ე.წ. სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ აგრესია რუსეთზე თავდასხმად განიხილება.
როგორც რადიო თავისუფლების პროგრამა "ეხო კავკაზა" წერს, გარდა ამისა, გაგლოევმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსი პარტნიორების დახმარებით, „სამხრეთი ოსეთი“ სამხედრო და სამოქალაქო მიზნებისთვის განკუთვნილი დრონების საწარმოს შექმნას აპირებს
„სპეციალური სამხედრო ოპერაციის გამოცდილებიდან გამომდინარე, სადაც წარმატებით გამოიყენება სხვადასხვა ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები, ჩვენ გვესმის, რომ აუცილებელია ჩვენი შეიარაღებული ძალების გაძლიერება დრონებით და ამას აუცილებლად გავაკეთებთ“, განაცხადა გაგლოევმა.
ასევე ნახეთ გაგლოევის თქმით, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის რუსეთთან მიერთების შესაძლებლობა არ არის
2008 წლის 7 აგვისტოს, გამთენიისას, რუსეთის რეგულარული სამხედრო ძალები, რომლებსაც არ ჰქონდათ მშვიდობისმყოფელთა სტატუსი, უკვე საქართველოს ტერიტორიაზე აწარმოებდნენ სამხედრო იერიშს, რასაც საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა 7 აგვისტოს, 23:35 საათზე, ცხინვალის რეგიონისკენ გადაადგილებითა და ცეცხლის გახსნით უპასუხეს. რუსეთის მიერ დაწერილი ისტორიის მიხედვით, 7 აგვისტოს ღამით თბილისი ესხმის თავს "მძინარე ცხინვალს" და კრემლი მშვიდობისმყოფელთა დასაცავად უპასუხებს სრულმასშტაბიანი ომით.
2008 წლის აგვისტოს ომს საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე და 14 პოლიციელი შეეწირა. თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, დაღუპულად მიიჩნევა 169 სამხედრო. ომის დროს დაიჭრა 1747 ადამიანი. საკუთარი სახლი დატოვა თითქმის 150 000-მა პირმა, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე ადამიანი.
2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად საქართველომ კონტროლი დაკარგა 189 სოფელზე, მათგან 125 დღემდე რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ქვეშაა.
საქართველოს ორი რეგიონის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა რუსეთმა და იმავე წლის სექტემბერში - ნიკარაგუამ. 2009 წელს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონები ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარეს ვენესუელამ და ნაურუმ და 2018 წელს - სირიამ. საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობა ჯერ აღიარეს, შემდეგ კი გააუქმეს ვანუატუმ და ტუვალუმ.