ერთი თვის წინ დაარსებულმა „საქართველოს კინოინსტიტუტმა“, რომელიც კინოცენტრთან ბოიკოტში მყოფ კინემატოგრაფისტებს აერთიანებს, უფლება მოიპოვა ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ქართული სტენდით წარსდგეს. ინფორმაცია დღეს ამის შესახებ საზოგადოებას კინოინსტიტუტის წარმომადგენლებმა მიაწოდეს ბრიფინგზე, სადაც ასევე განიხილეს სტრატეგია, როგორ აპირებს ორგანიზაცია არსებული გამოწვევების ფონზე ქართული კინოს პოზიციონირებას საერთაშორისო ასპარეზზე.
"ძალიან მოკლე დროში კინოინსტიტუტმა შეძლო რომ სტენდით წარსდგეს ბერლინის კინოფესტივალზე. ეს პირდაპირ ეხმიანება ჩვენს უმთავრეს მიზანს. ჩვენი ურთიერთობებით, აქამდე არსებული კონტაქტებით მსოფლიო კინოს პროფესიულ სამყაროში, ხელი შევუწყოთ იმ კოლეგებს, რომელთაც სხვადასხვა ეტაპზე აქვთ თავიანთი პროექტები. ჩვენი სიძლიერე ჩვენს მარვალფეროვნებაშია. ჩვენ გავაერთიანეთ ჩვენი ძალები, და ვიმოქმედებთ იმის მიხედვით, ვის რა გამოცდილება გვაქვს კონკრეტულ სფეროში" - თქვა პრესკონფერენციაზე კინოინსტიტუტის დირექტორმა, ნუცა ალექსი-მესხიშვილმა. ქართულ სტენდს ორგანიზაცია ევროპული კინობაზრობის გახსნის ღონისძიებაზე წარადგენს, რომელიც ყოველწლიურად იმართება და ბერლინალეს ნაწილია. ინსტიტუტის წარმომადგენლების თქმით, მათი თანამშრომლობა ევროპულ კინობაზრობასთან უპრეცენდენტო შემთხვევაა, ვინაიდან ის როგორც წესი სახელმწიფო ინსტიტუციებთან თანამშრომლობს და არა კერძო ორგანიზაციებთან. ქართულ კინოსაც ამ დრომდე ბერლინალეზე ტრადიციულად საქართველოს ეროვნული კინოცენტრი წარმოადგენდა.
"საქართველოს კინოცენტრი კინოს არა თუ აღარ წარმოადგენს, არამედ მეტიც, ის ახორციელებს დამოუკიდებელ ქართველ ავტორებზე ფინანსურ, ბიუროკრატიულ თუ ფსიქოლოგიურ ზეწოლას, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, დამოუკიდებელი კინემატოგრაფისტები, ავტორები, პროდიუსერები ვიღებთ ინიციატივას, რომ შევქმნათ ინსტიტუციები, გავაძლიეროთ ისინი, იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ის წარმატება, ის აღმავლობა, რომელიც ქართულ კინოს ჰქონდა და აქვს საერთაშორისო ბაზარზე“, - უთხრა დღეს ჟურნალისტებს კინოდუკუმენტალისტმა სალომე ჯაშმა.
რაც შეეხება უშუალოდ პროექტებს, კინოინსტიტუტი მხარს დაუჭერს ისეთ ფილმებს, რომლებიც თავის თავში გულისხმობენ სრულმეტრაჟიან მხატვრულ ან/და დოკუმენტურ ფილმებს, რომლებსაც ჰყავთ შემოქმედებითი ჯგუფი და მოპოვებული აქვთ გარკვეული დაფინანსება. ამასთან, მხარს დაუჭერენ უკვე დასრულებულ ფილმებს, რომლებიც პოსტ პროდუქციისთვის ეძებენ პარტნიორებს ევროპაში. გარდა ამისა, ხელშეწყობას აღმოუჩენენ უკვე დასრულებულ ფილმებს, რომლებიც ბოლო ეტაპზეა და ეძებენ კინოფესტივალებს.
„კინოინსტიტუტის კარი ღიაა ყველასთვის, საიტზე უკვე ხელმისაწვდომია ფორმა, რომელიც შეუძლიათ შეავსონ პროექტის ავტორებმა და ეს შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვან, რომ მიიღონ მონაწილეობა ბერლინალეზე“, - განაცხადა ინსტიტუტის წარმომადგენელმა უტა ბერიამ.
საქართველოს კინოინსტიტუტი 2023 წლის 30 ნოემბერს დაარსდა. მისი პრეზენტაცია თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა 5 დეკემბერს.
ასევე ნახეთ 200-ზე მეტი კინემატოგრაფისტი ბოიკოტს უცხადებს კინოცენტრსორგანიზაციის პრეზიდენტი რეჟისორი ნუცა ალექსი-მესხიშვილია. აღმასრულებელი საბჭოს წევრები კი კინოცენტრიდან რეორგანიზაციის პროცესში გათავისუფლებული თანამშრომლები - დავით ვაშაძე, ნინო კუხალაშვილი, ლევან აბდუშელიშვილი და დავით დავითიანი. ორგანიზაციას ასევე ჰყავს 15-წევრიანი კინემატოგრაფისტთა საბჭო, რომელთა შორის არიან: სალომე ჯაში, თეკლა მაჭავარიანი, ანნა ძიაპშიპა, ანა ხაზარაძე, ნინო ჯინჭარაძე, გიორგი შველიძე, ქეთი მაჭავარიანი, უტა ბერია, ნინო კირთაძე, ნოშრე ჩხაიძე, რატი ონელი, პაატა გოძიაშვილი და ნანა ექვთიმიშვილი.
კინოინსტიტუტის მხრიდან საერთაშორისო პლატფორმაზე ქართული სტენდით წასვლა უკვე მეორე პრეცედენტია, როცა კულტურის სამინისტროს პოლიტიკით უკმაყოფილო ხელოვანები დამოუკიდებლად წარმოადგენენ საქართველოს. პირველი შემთხვევა ფრანკფუტრის წიგნის ბაზრობაზე გამომცემელთა და ავტორების მიერ ქართული სტენდის მოწყობა იყო მწერალთა სახლში ხელმძღვანელის ცვლილების ფონზე.
ასევე ნახეთ „დაუმორჩილებელი ქართული ხასიათი“: საქართველოს სტენდი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე