Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

200-ზე მეტი კინემატოგრაფისტი ბოიკოტს უცხადებს კინოცენტრს


კულტურის სამინისტროსთან გამართული აქციის მონაწილეები, 2023 წლის ივლისი
კულტურის სამინისტროსთან გამართული აქციის მონაწილეები, 2023 წლის ივლისი

კინემატოგრაფისტები, რომლებიც გაერთიანებული არიან „ქართული კინოს თავისუფლებისთვის“, ბოიკოტს უცხადებენ კინოცენტრის ამჟამინდელ ხელმძღვანელობას და აცხადებენ, რომ პროტესტის ნიშნად მონაწილეობას აღარ მიიღებენ „მიტაცებული კინოცენტრის გამოცხადებულ კონკურსებსა და პროექტებში“.

„ჩვენ უარს ვამბობთ საკონკურსო კომისიების წევრობაზე, რადგან არ გვსურს ვიქცეთ ფორმალურ თანამონაწილედ იმ პროცესისა, რომელსაც ქართული თანამედროვე კინო, კულტურა და მეცნიერება განადგურებისაკენ მიჰყავს“.

კინემატოგრაფისტების სახელით გავრცელებულ განცხადებას ამჟამად 225 ხელმომწერი ჰყავს. მათ შორის არიან რეჟისორები, სცენარისტები, მსახიობები, ოპერატორები, კინოსტუდიების წარმომადგენლები და სხვა.

განცხადებაზე ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ კინოცენტრის დირექტორი უნდა იყოს არჩეული მხოლოდ გამჭვირვალე და საჯარო პროცესით "სფეროს წარმომადგენლების მიერ და არ იყოს დანიშნული მინისტრის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით. მხოლოდ დემოკრატიული წესით არჩეული მმართველის პირობებში შეძლებს კინოცენტრი უზრუნველყოს ქართველი კინემატოგრაფისტების სიტყვის, გამოხატვისა და შემოქმედების თავისუფლება. დამოუკიდებლობა კინოცენტრს! ხელოვნება ცოცხალი, დამოუკიდებელი და პოლიტიკურია!" - ნათქვამია განცხადებაში, რომელზე ხელმოწერებიც გრძელდება.

თვეზე მეტია, კინოცენტრის თანამშრომლები კულტურის სამინისტროსთან აქციებს მართავენ. პროტესტი მოჰყვა კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის საკადრო გადაწყვეტილებას - მინისტრმა ცენტრის ხელმძღვანელად დანაშაულის პრევენციისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოსა და აღსრულების ეროვნული ბიუროს ყოფილი თანამშრომელი კობა ხუბუნაია დანიშნა და სამსახურიდან მოულოდნელად დაითხოვა ყოფილი დირექტორის მოადგილე ნინო კუხალაშვილი. კინოს სფეროს მოღვაწეები შიშობენ, რომ კინოცენტრის, ამ სფეროს მნიშვნელოვანი საყრდენის, დამოუკიდებლობას ბოლო მოეღო, ამიერიდან კინოს დაფინანსებაში სახელმწიფო პირდაპირ ჩაერევა და, მეტიც, ცენზურას დაუწესებს მისთვის მიუღებელ ფილმებს.

XS
SM
MD
LG