ირანში უსაფრთხოების ძალებმა მაჰსა ამინის ოჯახის ადვოკატს წაართვეს ანდრეი სახაროვის პრემიის დიპლომი, რომელიც 22 წლის ირანელ ახალგაზრდა ქალს სიკვდილის შემდეგ მიენიჭა. მაჰსა ამინი მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც პოლიციამ ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო დააკავა.
ადამიანის უფლებათა დამცველ ჯგუფ Hengaw-ის თანახმად, დიპლომი ამინის ოჯახის ადვოკატს, სალეჰ ნიკბახტს, წაართვეს თეირანის აეროპორტში, სადაც ის საფრანგეთიდან 22 დეკემბრის საღამოს ჩავიდა.
სავარაუდოდ, უსაფრთხოების ძალებმა დიპლომის გარდა, წაიღეს ადვოკატის პასპორტი და მობილური ტელეფონიც.
ევროპარლამენტის ანდრეი სახაროვის პრემია „აზრის თავისუფლებისთვის“ მაჰსა ამინის სიკვდილის შემდეგ მიენიჭა.
დეკემბრის დასაწყისში ირანის ხელისუფლებამ ნება არ დართო მაჰსა ამინის ოჯახის წევრებს, საფრანგეთში ანდრეი სახაროვის პრემიის მისაღებად წასულიყვნენ.
ოჯახის წევრების ნაცვლად, დაჯილდოების ცერემონიალზე მივიდნენ ოჯახის ადვოკატები.
ასევე ნახეთ
ირანის ხელისუფლებამ სახაროვის პრემიის მისაღებად არ გაუშვა მაჰსა ამინის ოჯახის წევრებისახაროვის პრემიის ლაურეატი ასევე იღებს 50 ათასი ევროს ჩეკს. არ არის დაზუსტებული, ჰქონდა თუ არა ნიკბახტს ეს ჩეკი და ისიც წაართვეს თუ არა უსაფრთხოების ძალებმა.
ირანელი ქურთი მაჰსა ამინი თავსაფრის არასწორი ტარების გამო 2022 წლის სექტემბერში პოლიციამ თეირანში დააკავა. დაკავებიდან მალევე მაჰსა ამინი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ირანის ხელისუფლება აცხადებს, რომ 22 წლის ქალს სისხლის ჩაქცევა დაემართა. დაკავების შემსწრეთა თქმით, ის პოლიციელებმა სცემეს.
ამინის სიკვდილს მოჰყვა მასობრივი საპროტესტო, ანტისამთავრობო გამოსვლები ირანში, რომლის მთავარი ლოზუნგი იყო „ქალი, სიცოცხლე, თავისუფლება“.
უფლებადამცველების მონაცემებით, დემონსტრაციების დროს დაიღუპა 500 ადამიანი, მათ შორის 71 ბავშვი, ასეულობით პირი დაშავდა, 20 ათასი ადამიანი დააკავეს.