Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის ხელისუფლებამ სახაროვის პრემიის მისაღებად არ გაუშვა მაჰსა ამინის ოჯახის წევრები


ბანერები ევროპარლამენტის შენობაზე
ბანერები ევროპარლამენტის შენობაზე

ირანის ხელისუფლებამ ნება არ დართო მაჰსა ამინის ოჯახის წევრებს, საფრანგეთში ანდრეი სახაროვის პრემიის მისაღებად წასულიყვნენ.

ევროპარლამენტის ანდრეი სახაროვის პრემია „აზრის თავისუფლებისთვის“ მაჰსა ამინის სიკვდილის შემდეგ მიენიჭა.

პრემიის მისაღებად მიწვეული იყვნენ ამინის მშობლები და ძმა. მაგრამ ვიზის ქონის მიუხედავად, ირანის სასაზღვრო დაცვამ მათ თვითმფრინავში ასვლის უფლება არ მისცა და პასპორტები ჩამოართვა. ოჯახის წევრების ნაცვლად, ცერემონიალზე მათი ადვოკატები მივლენ, იტყობინება „გერმანული ტალღა“.

ირანელი ქურთი მაჰსა ამინი თავსაფრის არასწორი ტარების გამო 2022 წლის სექტემბერში პოლიციამ თეირანში დააკავა. დაკავებიდან მალევე მაჰსა ამინი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ირანის ხელისუფლება აცხადებს, რომ 22 წლის ქალს სისხლის ჩაქცევა დაემართა. დაკავების შემსწრეთა თქმით, ის პოლიციელებმა სცემეს.

ამინის სიკვდილს მოჰყვა მასობრივი საპროტესტო, ანტისამთავრობო გამოსვლები ირანში, რომლის მთავარი ლოზუნგი იყო „ქალი, სიცოცხლე, თავისუფლება“.

უფლებადამცველების მონაცემებით, დემონსტრაციების დროს დაიღუპა 500 ადამიანი, მათ შორის 71 ბავშვი, ასეულობით პირი დაშავდა, 20 ათასი ადამიანი დააკავეს. რამდენიმე დემონსტრანტს სასჯელის უმაღლესი ზომა, სიკვდილი, მიუსაჯეს.

სახაროვის პრემია, რომელსაც ევროპარლამენტი ყოველწლიურად გასცემს, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული პრემიაა ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში.

XS
SM
MD
LG