ბოლნისში 40 წლის კაცმა ცოლს ორი შვილის თვალწინ თავი გადაჰპარსა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ძალადობის ამსახველი კადრები კი ტელეფონით გადაიღო და თანასოფლელებს გაუგზავნა. მოგვიანებით ვიდეო სოციალურ ქსელშიც გავრცელდა.
ტელეკომპანია „მთავარის“ ცნობით, ძალადობაში ეჭვმიტანილი კაცი უკვე დაკავებულია, ბრალს კი სავარაუდოდ დღეს წარუდგენენ.
ძალადობის სავარაუდო მსხვერპლი 19 წლის ქალია, რომელიც, მეზობლების თქმით, ძალადობის შემდეგ სახლიდან გააგდეს.
„რის გამო მოექცა ასე ცოლს, არ ვიცი, მაგრამ ქმარი უკვე დააკავეს, ცოლი კი არ ვიცი, ახლა სად არის. გავიგე, რომ სახლიდან გაუგდიათ“, - ამბობს ერთ-ერთი თანასოფლელი.
„ეს არ არის ოჯახში ძალადობის კლასიკური შემთხვევა, ეს არის ის, რასაც ჩვენ ღირსების დანაშაულს ვეძახით, - უთხრა ტელეკომპანიას იურისტმა და ქალთა უფლებების დამცველმა ბაია პატარაიამ, - ეს არის ადამიანის დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა. მხოლოდ ერთ საქმეზე რეაქციის მიცემა, არ იქნება საკმარისი, სისტემურად უნდა დაიწყოს მუშაობა მოსახლეობასთან, ასეთ პრობლემურ თემებში, სადაც ასეთი დანაშაულები ფიქსირდება, მხოლოდ კონკრეტულ დანაშაულს კი არა, არამედ უნდა დაიწყოს ფართო საგანმანათლებლო მუშაობა“.
ასევე ნახეთ მირჩევნია, მოგკლა და კაცურად მოვიხადო სასჯელი - მკვლელობა „ღირსების სახელით“