„გაუგზავნელი წერილი“ - სსრკ, 1959, რეჟისორი მიხეილ კალატოზოვი (კალატოზიშვილი)
საბედნიეროდ, ის დრო გავიდა, როცა მსოფლიო კინოს კლასიკოსს უცხოური გამოცემები რუს რეჟისორად მოიხსენიებდნენ. თუმცა ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, რათა უფრო ახლოს გაიცნონ მიხეილ კალატოზიშვილი და რაც შეიძლება მეტმა მაყურებელმა ნახოს მისი ქართული ფილმები „ლურსმანი ჩექმაში“ და „ჯიმ შვანთე“.
სხვათა შორის, დასავლეთმა მოსკოვში გადაღებული კალატოზიშვილის ორი შედევრიც, „გაუგზავნელი წერილი“ და „მე, კუბა“ მოგვიანებით დააფასა. ამისათვის ამერიკა პირველ რიგში მარტინ სკორსეზეს და ფრენსის ფორდ კოპოლას უნდა უმადლოდეს - მათ გააცოცხლეს დიდი რეჟისორის შემოქმედება ამ ფილმების პრემიერიდან თითქმის 30 წლის შემდეგ. თითქოს უცნაურია - კალატოზოვი დღემდე (!) ერთადერთი საბჭოთა რეჟისორია (და ერთდერთი ქართველი რეჟისიორი), რომელმაც კანის ფესტივალის მთავარი პრიზი, „ოქროს პალმა“ მოიპოვა. დღემდე ვერავინ გაიმეორა რეკორდი, რომელიც კალატოზოვის ფილმმა „მიფრინავენ წეროები“ დაამყარა. ამის მიუხედავად, მოსკოვმა ყველაფერი იღონა, რათა მსოფლიოს არ ენახა „წეროების“ ავტორის შედევრები, რომლებიც მან კანის ფესტივალზე გამარჯვების შემდეგ გადაიღო. „მე, კუბამ“ - არც ხრუშჩოვის იმედი გაამართლა და არც ფიდელის. ისინი კუბის რევოლუციის ჰიმნს ელოდნენ, მაგრამ ზოგადად, კოლონიალიზმის წინააღმდეგ თქმული ლექსი იხილეს. კიდევ უფრო გაუჭირდა „გაუგზავნელ წერილს“, რომლის აღიარებას დიდი რეჟისორი საერთოდ ვერ მოესწრო. ამ ფილმს ყველა მხრიდან შეუტიეს. მათ შორის იმ კრიტიკოსებმა, რომლებმაც კალატოზოვი „მიფრინავენ წეროების“ პრემიერის შემდეგ ახალი საბჭოთა კინოს ლიდერად გამოაცხადეს.
„წეროების“ აღიარების შემდეგ კალატოზიშვილი და მისი ოპერატორი სერგეი ურუსევსკი გათამამდნენ და, როგორც ჩანს, გადაწყვიტეს, რომ ცენზურა ვეღარ ჩაერეოდა მათ შემოქმედებაში. ამას დაემატა კომპარტიის ისტორიული მეოცე ყრილობა, რომელმაც მეტ-ნაკლებად, მაინც გზა გაუხსნა ახალ თაობას საბჭოთა კულტურაში. თუმცა ცენზურა მაინც ფხიზლობდა. ის-ის იყო, კალატოზოვმა ახალი ფილმის გადაღება დაიწყო გეოლოგების ექსპედიციაზე ციმბირში, რომ კულტურის სამინისტრომ მოხსენებითი ბარათი გაავრცელა: „შეშფოთებას გამოვთქვამთ ციმბირის, როგორც „ველური მხარის“ წარმოდგენის გამო კალატოზოვის ახალ ფილმში“.
„გაუგზავნელი წერილი“ შესანიშნავად „ეწყვილება“ ქართულ „ჯიმ შვანთეს“. ბუნებასთან შეჭიდება და ველური ბუნების დამორჩილება მიხეილ კალატოზიშვილის საყვარელი თემა იყო. ალმასების ძიების პროცესი „გაუგზავნელ წერილში“ წარმოდგენილია როგორც სივრცის გარღვევა, როგორც ექსტატიკური ხილვა, როგორც თავისუფლებასთან ზიარების სიამოვნება... სიამოვნება, რომლის შესაგრძნობად სიცოცხლეც კი არ გენანება. შეიძლებოდა თუ არა სივრცის გარღვევის ეს პროცესი, გამოხატული კინოს ენით? კალატოზიშვილის ოპერატორის, სერგეი ურუსევსკის კამერით? ცხადია, შეიძლებოდა. ოღონდ ფილმის ავტორებს ისიც უნდა გაეთვალისწინებინათ, როგორი რეჟიმის პირობებში უხდებოდათ „გაუგზავნელი წერილის“ გადაღება. ამ ფორმალისტურ სიგიჟეს ნიკიტა ხრუშჩოვის კვაზილიბერალური ხელისუფლებაც ვერ აიტანდა.
„გაუგზავნელ წერილს“ ყველა მხრიდან შეუტიეს. ხელისუფლებას არ მოსწონდა ფინალი (ელოდნენ ბედნიერ დასასრულს), კრიტიკოსებისგან კი ფილმს ხასიათების არარსებობის გამო მოხვდა. მაგრამ ფსიქოლოგია და ხასიათები საერთოდ არ აინტერესებდა კალატოზოვს. მისი მიზანი იყო, დიახაც, „პათეტიკური შეტევა“ მაყურებელზე, რათა მასაც გასჩენოდა აზარტის ვნება და სახიფათო თავგადასავლის სურვილი. კალატოზოვი არც მალავს, რომ უძღვნის ფილმს უტოპიას (რომლისაც ასე სჯეროდათ საბჭოთა „სამოციანელებს“), ფაქტობრივად იღებს ფანტასტიკის ჟანრის ფილმს რომანტიკოს-პასიონარებზე... იღებს რადიკალურად არალიტერატურულ ფილმს, რომელსაც ვერ მოჰყვები, რადგან „გაუგზავნელ წერილში“ მთავარი არა იმდენად გმირებია, არა პერსონაჟების დიალოგები და მონოლოგები, რამდენადაც კამერა და სივრცე. ეს „სუფთა კინოა“!
დისკუსიაში, რომელიც ფილმის პრემიერის შემდეგ გაიმართა, განსხვავებული პროფესიების ადამიანები ჩართეს. ყველა შეფასება ნეგატიური იყო. „ეს ხომ არარეალურია!“ (ინჟინერი), „ისევ ურუსევსკი და კალატოზოვი, რომელთა ფილმებში ყველაფერი ტრიალებს“ (ჟურნალისტი), „მიმწოლი ფილმია... არ მომწონს, ჩემზე რომ ძალადობენ“ (მოქანდაკე), „სად გაგონილა, გვიან შემოდგომაზე, ტყეში ხანძარი ჩნდებოდეს“ (ექიმი). პირობითობა არ აპატიეს. ფორმალიზმი დაგმეს. ცოტა ხანში „გაუგზავნელი წერილი“ ეკრანებიდან მოხსნეს.
თუმცა მარცხმა დიდი რეჟისორი არ მოადუნა. იგი უკვე „მე, კუბაზე“ მუშაობდა, როცა 1961 წელს, მოსკოვის კინოფესტივალზე მოეწყო რეტროსპექტივა სახელწოდებით „ფილმები, რომლებიც არ გინახავთ“. ამ კვირეულის პროგრამაში ჩართეს „ჯიმ შვანთე“, რომელიც შესაძლებელია მაშინ გაახსენდათ, როცა „გაუგზავნელი წერილის“ მომხრეებმაც და მოწინააღმდეგეებმაც ფილმის თანაავტორად სერგეი ურუსევსკის დასახელება დაიწყეს. როდესაც საუბრობდნენ „გადაჭარბებულ პლასტიკურობაზე“ (როგორც ნაკლზე), ურუსევსკის იხსენებდნენ და მაშინაც, როცა საუბრობდნენ „პლასტიკურ ექსპრესიულობაზე“ (როგორც ღირსებაზე), ისევ მხოლოდ და მხოლოდ ოპერატორს ახსენებდნენ.
ასე დაუბრუნდა მაყურებელს „ჯიმ შვანთე“ - კალატოზიშვილის შედევრი, გადაღებული ურუსევსკის გარეშე. ჟორჟ სადული, კინოს ისტორიკოსი, რომელმაც ფილმი იმ ფესტივალზე ნახა, წერდა, რომ კალატოზიშვილის „ჯიმ შვანთე“ უფრო მნიშვნელოვანია კინოს ისტორიისთვის, ვიდრე იმავე წლებში გადაღებული ფრანგული, გერმანული და ამერიკული ფილმები.
მართალია, „ჭარბი პლასტიკურობა“ თუ „ჭარბი ექსპრესიულობა“ ფილმში „გაუგზავნელი წერილი“ კამერამ შექმნა. მაგრამ ამ ფილმის ვიზუალურ სიმდიდრეს პირველ რიგში გამოსახულების ფანტასტიკური სიღრმე აღწევს. შეიძლება ითქვას, ეს მოცულობითი გამოსახულებაა, რომელმაც, წესით, „ჯიმ შვანთეს“ მხატვარი, დავით კაკაბაძე უფრო უნდა გაგვახსენოს, ვიდრე ურუსევსკი. ეგაა, რომ „გაუგზავნელ წერილს“ თითქმის იგივე ბედი ეწია, რაც „ჯიმ შვანთეს“. და შეიძლებოდა საერთოდ დაკარგულიყო, რომ არა 1995 წელს, ფრენსის ფორდ კოპოლას მიერ რესტავრირებული ვერსია, თავისი სილამაზით დღესაც რომ გაჯადოებს.