ჩეხეთის პოლიციის ბოლო ცნობით, თავად თავდამსხმელმა, სავარაუდოდ, თავი მოიკლა, თუმცა პოლიციამაც გამოიყენა მის წინააღმდეგ იარაღი. პრაღის მერმა ბოჰუსლავ სვობოდამ თქვა, რომ თავდამსხმელი სიმაღლიდან გადმოხტა და დაიღუპა. სიკვდილის ზუსტი მიზეზები დგინდება.
თავდასხმა უნივერსიტეტის შენობაზე სამი საათისთვის დაიწყო, როდესაც იქ ლექციები მიმდინარეობდა.
სროლის დროს სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები აუდიტორიებში ჩაიკეტნენ. გავრცელდა კადრები, რომლებშიც ჩანს, როგორც ცდილობდნენ ისინი აუდიტორიების კარების ჩახერგვას.
შენობაში მყოფი სტუდენტების ნაწილის ევაკუაცია დასახმარებლად მოსულმა მაშველებმა შეძლეს.
მასობრივი მკვლელობის გამო, ჩეხეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, 23 დეკემბერი მთელი ქვეყნის მასშტაბით გლოვის დღედ გამოცხადდა.
რა არის ცნობილი თავდამსხმელზე?
წინასწარი მონაცემებით, იგი იყო კარლის უნივერსიტეტის 24 წლის სტუდენტი, რომელმაც თავდასხმისთვის ოპტიკურსამიზნიანი იარაღი გამოიყენა.
როგორც ჩეხური გამოცემა Novinky.cz-ი იუწყება, თავდამსხმელი პრაღის შემოგარენიდან, ქალაქ კლადნოდან იყო.
სააგენტო tn.cz-მ გამოაქვეყნა შენობის სახურავზე მყოფი, შეიარაღებული მამაკაცის ფოტო.
კარლის უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ფილოსოფიის ფაკულტეტის შენობაში სროლის გარდა, თავდამსხმელი გამვლელებს შენობის სახურავიდანაც ესროდა.
გავრცელდა კადრები, რომლებშიც ჩანს, როგორ უმიზნებს მამაკაცი იარაღს ქუჩისკენ. კადრში ისმის, სავარაუდოდ, პოლიციელის ხმა, რომელიც თავდამსხმელს უყვირის, რომ მისი მიმართულებით ისროლოს; ისმის პოლიციელის მხრიდან სროლის ხმაც.
ჩეხი ჟურნალისტის, ონდრეი სოუკუპის ცნობით, რომელიც თვითმხილველებს ეყრდნობა, თავდამსხმელი ყვიროდა, რომ მამა მოკლა და ახლა კი სხვებს დახოცავდა.
პოლიციამ დაადასტურა ინფორმაცია კლადნოში, თავდამსხმელის სახლში, დილით აღმოჩენილი გვამის შესახებ. ჩეხური ინტერნეტ-გამოცემა Hospodářské noviny-ის ცნობით, თავდამსხმელის მამა უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომელი და პრაღის აეროპორტის მთავარი პროფკავშირული ორგანიზაციის თავმჯდომარის პირველი მოადგილე იყო. გავრცელებული ცნობებით, სახლში ინახებოდა ცეცხლსასროლი იარაღი და ასაფეთქებელი ნივთიერებები.
ასევე ნახეთ პრეზიდენტი: ვწუხვარ პრაღის ცენტრში მომხდარი მასობრივი სროლის გამო, ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახების წევრებს ასევე ნახეთ სამინისტრო: პრაღაში საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ არისმოედანი კარლის უნივერსიტეტის წინ, სადაც თავდასხმა მოხდა, პოლიციამ მალევე გადაკეტა. შენობაში გვიანობამდე მუშაობდნენ გამნაღმველები, რათა დარწმუნებულიყვნენ, ხომ არ დაუტოვებია იქ თავდამსხმელს ასაფეთქებელი მოწყობილობა.
პოლიციის ცნობით, ინფორმაცია შესაძლო თავდასხმის შესახებ მათ წინასწარ ჰქონდათ, მას შემდეგ, რაც დილით კლადნოში მოკლული მამაკაცი იპოვეს, მაგრამ თავდაპირველად უნივერსიტეტის ის შენობა შეამოწმეს, სადაც თავდამსხმელი სემინარს უნდა დასწრებოდა.
კარლის უნივერსიტეტს პრაღის რამდენიმე უბანში აქვს შენობები.
ადგილი, სადაც თავდასხმა მოხდა, ტურისტულ ცენტრშია და მცირე მანძილით არის დაშორებული პრაღის ძველი ქალაქიდან და პრაღის სასახლიდან.
"რთულია დაიჯერო, რომ ჩვენ მშვიდ პრაღაში სროლაში მოვყევით. მე ლექციას ვკითხულობდი, როდესაც შენობაში სროლის ხმები გაისმა, ფანჯრის მინები აზანზარდა. შემდეგ იყო ყვირილი, აუდიტორიაში სპეცრაზმი შემოიჭრა და შეამოწმა იქაურობა", - იხსენებს მომხდარს რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ჟურნალისტი სერგეი მედვედევი, რომელიც კარლის უნივერსიტეტის ლექტორია. ის და მისი სტუდენტები თავდასხმას უვნებლად გადაურჩნენ.
თავდასხმის გამო, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ, რომელიც სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ოლომოუცში, შეწყვიტა შეხვედრები და პრაღაში დაბრუნდა. მან მოუწოდა მოქალაქეებს, დაემორჩილონ ადგილობრივი ხელისუფლებისა და პოლიციის ინსტრუქციებს.
რა ვერსიები განიხილება თავდამსხმელის მოტივის შესახებ?
სისხლიანი სროლების დასრულების შემდეგ ინტერნეტის ჩეხურ სეგმენტში განხილვის საგნად იქცა ტელეგრამის არხი, რომელიც, სავარაუდოდ, მსროლელის სახელისა და გვარის გამოყენებით იყო შექმნილი.
გავრცელდა რუსულ ენაზე დაწერილი ტექსტი ტელეგრამის ამ არხიდან. მასში ნათქვამია, რომ შეიარაღებული თავდასხმის მომზადება შთაგონებული იყო სკოლის მოსწავლეების მიერ მოწყობილი თავდასხმებით, რომლებიც მოხდა რუსეთის ქალაქ ყაზანის გიმნაზიაში 2021 წელს და ბრიანსკის სკოლაში - 2023 წელს. პირველ შემთხვევაში 9 ადამიანი დაიღუპა, მეორეში კი - ორი, მათ შორის თავდამსხმელი.
ამ ტელეგრამის არხის აუთენტიკურობა არ არის დადასტურებული, ხოლო ერთ-ერთი შესწორება მასში, სავარაუდოდ, თავად თავდამსხმელის დაღუპვის შემდეგ შეიტანეს. უცნობია, ვინ შეიტანა ეს შესწორება და ისიც, თუ საიდან შეიძლებოდა სცოდნოდა თავდამსხმელს რუსული ენა.
ჩეხეთის პოლიციის უფროსმა მარტინ ვონდრაშეკმა ჟურნალისტებთან საუბარში ახსენა, რომ ამოწმებდნენ იმ ვერსიასაც, რომ ეჭვმიტანილი შთაგონებული იყო „რუსეთში ცოტა ხნის წინ მომხდარი მსგავსი თავდასხმით“.
ჩეხეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ტრაგიკული ინციდენტი არ უკავშირდება საერთაშორისო ტერორიზმს, ხოლო იარაღი თავდამსხმელმა ლეგალურად შეიძინა.
ჩეხეთის რესპუბლიკის კონსტიტუციაში მოქალაქეების ცეცხლსასროლი იარაღის ფლობის უფლება 2021 წლიდან არის განსაზღვრული. ცვლილება შეიტანეს ევროკავშირის ზეწოლის საპასუხოდ, რომელიც მოითხოვდა იარაღის შესახებ ადგილობრივი კანონმდებლობის გამკაცრებას. მიუხედავად ამისა, რეგისტრირებული იარაღის საერთო რაოდენობა შედარებით მცირეა - 2022 წელს ჩეხეთის პოლიციაში დაახლოებით ასი ათასი ერთეული იარაღი იყო რეგისტრირებული.