ჩეხეთში, პრაღაში, მომხდარ სროლას გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებული განცხადებით დაღუპულთა ოჯახების წევრებს მიუსამძიმრა.
"ვწუხვარ პრაღის ცენტრში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევისა და მასობრივი სროლის გამო. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახების წევრებს", - წერს სალომე ზურაბიშვილი.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პრაღაში საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ არის.
დღეს, 21 დეკემბერს, პრაღის ცენტრში, იან პალახის მოედანზე, კარლის უნივერსიტეტის შენობაში, მოხდა შეიარაღებული თავდასხმა, რომლის შედეგადაც, ოფიციალური ინფორმაციით, დაიღუპა 15-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის თავად თავდამსხმელი. ათობით დაჭრილი გადაიყვანეს პრაღის სხვადასხვა საავადმყოფოში.
ჩეხეთის პოლიციის ცნობით, ეჭვმიტანილი მოკლეს. მაგრამ პრაღის მერმა, ბოჰუსლავ სვობოდამ თქვა, რომ თავდამსხმელი სიმაღლიდან გადმოხტა და დაიღუპა.
წინასწარი მონაცემებით, იგი არის კარლის უნივერსიტეტის 24 წლის სტუდენტი, რომელმაც თავდასხმისთვის ოპტიკურსამიზნიანი იარაღი გამოიყენა.
სააგენტო Ceske Noviny-ის თანახმად, სროლა მოხდა კარლის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე. ამ ფაკულტეტის სტუდენტები კლასებში ჩაიკეტნენ, ნაწილის ევაკუაცია კი დასახმარებლად მოსულმა მაშველებმა შეძლეს. ადამიანების ევაკუაცია მოხდა მახლობლად მდებარე შენობებიდანაც.
პრაღის კარლის უნივერსიტეტის წინ მდებარე მოედანი პოლიციის მიერაა გადაკეტილი. ეს ადგილი მცირე მანძილითაა დაშორებული პრაღის ძველი ქალაქიდან და პრაღის სასახლიდან.