გენერალ ზალუჟნის ოფისში მოსასმენი აპარატურა აღმოაჩინეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, გენერალი ვალერი ზალუჟნი

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა მედიით გავრცელებული ინფორმაცია, რომ შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, გენერალ ვალერი ზალუჟნის ოფისში ნაპოვნია მოწყობილობა ფარული მოსმენისთვის.

უსაფრთხოების სამსახურის მიერ გვიან ღამით გამოქვეყნებული ცნობით, „ტექნიკური მოწყობილობა“ აღმოჩენილია ვალერი ზალუჟნის „დისლოკაციის ერთ-ერთ პოტენციურ ადგილზე“.

17 დეკემბერს, ღამით გამოცემა „უკრაინსკა პრავდამ“ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ გენერალ ზალუჟნის და მისი რამდენიმე თანამშრომლის სამუშაო კაბინეტებში მოსასმენი აპარატურა იპოვეს. გამოცემის წყაროთა თანახმად, საუბარია ვალერი ზალუჟნის ახალ სამუშაო კაბინეტზე, რომელსაც იქ გენერლის გადასვლამდე ამოწმებდნენ. ზალუჟნის კაბინეტში მოსასმენი მოწყობილობის აღმოჩენა BBC-ს უკრაინულ სამსახურს დაუდასტურა რამდენიმე წყარომ უკრაინის სამხედრო წრეებიდან.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალური ინფორმაციით, ტექნიკა აღმოჩენილია არა უშუალოდ ვალერი ზალუჟნის კაბინეტში, არამედ ერთ-ერთ სივრცეში, რომელიც „შესაძლოა მომავალში სამუშაოდ გამოეყენებინა“. უსაფრთხოების სამსახურის ცნობითვე, მოწყობილობა, რომელიც ექსპერტიზისთვის გაიგზავნა, გამორთული იყო და მასში რაიმე ინფორმაცია, ან აუდიოჩანაწერის გადაცემის საშუალება არ აღმოუჩენიათ.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია ინფორმაციის მოპოვების სპეციალური ტექნიკური საშუალებების უკანონოდ შეძენის და გამოყენების მუხლით. საქმეს უსაფრთხოების სამსახური იძიებს.

ასევე ნახეთ წყარო ზალუჟნის გარემოცვიდან: შთაბეჭდილებაა, რომ ზელენსკის „კარგი“ და „ცუდი“ არმია ჰყავს

ვალერი ზალუჟნი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალია 2021 წლის ივლისიდან.