უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ვალერი ზალუჟნის შორის სავარაუდო კონფლიქტზე გამოცემა The Economist-ის შემდეგ წერს დამოუკიდებელი უკრაინული გამოცემა Українська правда.
გამოცემის ერთ-ერთი წყაროს, გენერალ ზალუჟნის ახლო გარემოცვის წარმომადგენლის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტს, არმიის უმაღლეს მთავარსარდალ ვოლოდიმირ ზელენსკის, თავდაცვის ძალების ზოგიერთ მეთაურთან კონტაქტი აქვს არმიის მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის გვერდის ავლით. წყაროს თანახმად, ზოგჯერ იქმნება შთაბეჭდილება, რომ ზელენსკის ორი სახეობის შეიარაღებული ძალები ჰყავს - „კარგი“, რომელსაც სახმელეთო ძალების მეთაური, გენერალი სირსკი ხელმძღვანელობს და „ცუდი“, რომელიც გენერალ ზალუჟნის ექვემდებარება.
როგორც გამოცემის წყარო ამბობს, ეს ხელს უწყობს მთავარსარდლის დემოტივაციას და რაც მთავარია, ხელს უშლის მთელი არმიის ხელმძღვანელობაში. მისივე ცნობით, ზელენსკიმ ზალუჟნის გვერდის ავლით, ფაქტობრივად, შექმნა სხვადასხვა საჯარისო შენაერთის მეთაურებთან ურთიერთობის პარალელური არხები, მათ შორის სახმელეთო და საჰაერო ძალების მეთაურებთან, სირსკისა და ოლეშჩუკთან. წყაროს თანახმად, მეთაურებთან პირდაპირი კონტაქტი შესაძლოა, ზელენსკის მუშაობას უფრო სწრაფს ხდიდეს, მაგრამ დესტაბილიზაცია შეაქვს ზალუჟნის მუშაობაში, რადგან ინფორმაციის ნაწილს ვეღარ იღებს მის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი მეთაურებისგან.
Українська правда-ს წყარო აცხადებს, რომ სამხედრო, კერძოდ, მობილიზაციის თვალსაზრისით, უარყოფითი შედეგი ჰქონდა პრეზიდენტ ზელენსკის პოლიტიკურ გადაწყვეტილებასაც, „ხმამაღალი მედიაისტორიის“ სახე მიეცა კორუფციის გამო საოლქო კომისარიატებში „წმენდისთვის“. წყარო უარყოფითი ეფექტის გამომწვევად ასახელებს არმიაში ზელენსკის საკადრო გადაწყვეტილებებსაც.
Українська правда-ს ცნობით, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაკვეთით რეგულარულად ატარებენ სოციოლოგიურ გამოკითხვას, რომელიც აჩვენებს, რომ ზალუჟნის რეიტინგი სტაბილურად იზრდება.
გამოცემა წერს, რომ პრეზიდენტის ოფისის ერთ-ერთ ტელეგრამ-არხზე ახლახან გამოქვეყნებული შედეგით, საპრეზიდენტო არჩევნები რომ ტარდებოდეს, ზელენსკი პირველ ტურში მიიღებდა ხმების დაახლოებით 47%-ს. Українська правда-ს თანახმად, მან მოიპოვა ამ გამოკითხვის სრული ვერსია, რომლის მიხედვით, ზელენსკი მეორე ტურში ზალუჟნისთან ერთად გავიდოდა და შესაძლოა, დამარცხებულიყო კიდეც.
2023 წლის ნოემბრის დასაწყისში, გენერალმა ზალუჟნიმ გამოცემა The Economist-ს განუცხადა, რომ ფრონტზე სიტუაცია ჩიხში შევიდა და იმის გამო, რომ უკრაინა და რუსეთი ტექნოლოგიური თვალსაზრისით ერთნაირად აღჭურვილი არიან, ომი პოზიციური ბრძოლის ეტაპზე გადავიდა. შეფასებას პატური სიტუაციის შესახებ, ზელენსკი არ დაეთანხმა. მოგვიანებით, გამოცემა The Sun-თან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ სამხედროები, რომლებიც პოლიტიკურ საქმიანობას აპირებენ, ომით აღარ უნდა დაკავდნენ. ნოემბრის ბოლოს გამოცემა The Economist-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელიც ეხებოდა ზელენსკის და ზალუჟნის კონფლიქტს. ეს უარყვეს უკრაინის პრეზიდენტის ოფისში.