მოქალაქეები პეტიციით ითხოვენ “გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის” დაბრუნებას საზოგადოებრივ მაუწყებელზე

დავით გორგილაძე

დავით გორგილაძის გადაცემის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დაბრუნებას მოქალაქეები პეტიციით ითხოვენ - საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის, თინათინ ბერძენიშვილისადმი მიმართულ პეტიციაში წერია, რომ დავით გორგილაძის გადაცემა "გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე" მოულოდნელად და არამოტივირებულად დაიხურა.

„არხის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი თავისუფალი იყო პოლიტიკური გავლენებისგან და საზოგადოების განათლებას ისახავდა მიზნად. მისი არჩევნებამდე 1 წლით ადრე დახურვა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად და ცენზურად შეიძლება იქნას წაკითხული“, - ვკითხულობთ პეტიციაში.

15 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ მომავალი წლიდან არხის ეთერში აღარ გავა "გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე".

„არხის ხელმძღვანელობისგან მოყვანილი მიზეზი ფინანსური რესტრუქტურიზაციაა. პირადი შეფასებებისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ", - უთრა რადიო თავისუფლებას დავით გორგილაძემ.

ასევე ნახეთ დათო გორგილაძე: პირველ არხზე ჩემი გადაცემა აღარ გავა

"გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის" ბოლო გადაცემა საზოგადოებრივ მაუწყებელზე 29 დეკემბერს გავა. იგი ამ ტელევიზიის თანამშრომელი აღარ იქნება. დავით გორგილაძე ამბობს, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს მისთვის თანამშრომლობის გაგრძელება არ შეუთავაზებია.

დათო გორგილაძე ღიად გამოხატავდა კრიტიკას იმ პოლიტიკოსების მიმართ, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ე.წ. აგენტების კანონს. საპარლამენტო უმრავლესობის ინიციირებული კანონპროექტით გათვალისწინებული იყო, რომ ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც პარტნიორი ქვეყნებიდან ფინანსდება, "უცხოური გავლენის აგენტებად" დარეგისტრირებულიყო. ამ კანონპროექტს საქართველოს პარტნიორები ქვეყნის ევროინტეგრაციის ხელშემშლელად აფასებდნენ - უმრავლესობამ დოკუმენტის მიღების გადაწყვეტილება ხალხმრავალი აქციების გამო შეცვალა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი ბოლო წლების განმავლობაში მუდმივად მზარდია. გასულ წელს 82 მილიონ ლარზე მეტი იყო, წელს კი 101 მილიონი ლარია. დაფინანსების 15 პროცენტი აჭარის ტელევიზიას ეკუთვნის.