კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა მარიამ ჭაჭიას და ნიკ ვოიგთის ფილმს, „ჯადოსნურ მთას“, რომელიც აბასთუმნის ცნობილი ტუბსაავადმყოფოსა და მისი ბინადრების თავგადასავალს და ამ ისტორიული შენობის ნგრევის ამბავს ჰყვება, "ტყუილი და მშვენიერი აფიორა" უწოდა და განაცხადა, რომ დროა, ეროვნულმა კინოცენტრმა „ჭკუა ისწავლოს“ და „ბერკეტები გაამკაცროს“ იმ რეჟისორების მიმართ, ვინც დამტკიცებული სცენარიდან გადაუხვევს.
„ჯადოსნური მთის“ რეჟისორები ამ განცხადებას არა მარტო მათ, არამედ მთლიანად სფეროს მიმართ მუქარად აფასებენ.
რადიო თავისუფლება: მარიამ, კულტურის მინისტრმა თქვა, რომ თქვენ შეცვალეთ შეთანხმებული სცენარი, რაც არ იყო გათვალისწინებული ხელშეკრულებით და ამით დაარღვიეთ პირობები. რას უპასუხებდით მას?
მარიამ ჭაჭია: პირველ რიგში, ვიტყვი, რომ დოკუმენტურ კინოში, წინასწარ, ვერანაირად ვერ განსაზღვრავ, რა შეიძლება მოხდეს. მეორე - როდესაც მინისტრი ამბობს, რომ მე შევცვალე სცენარი, ეს არის შეცდომა, რადგან მე სცენარი არ შემიცვლია. მე დავრჩი ჩემს გადასაღებ მოედანზე, სადაც მოვიდა ბიძინა ივანიშვილი. მე არსად წავსულვარ. ხოლო დოკუმენტური კინო იმიტომ არის საინტერესო და გრძელდება დიდხანს მისი გადაღება, რომ ჩვენ ვაფიქსირებთ იმ მოვლენებს, რაც ხდება.
როდესაც ბიძინა ივანიშვილი მოვიდა და დაანგრია ის შენობა, სადაც ვიღებდით, რა თქმა უნდა, ეს ჩემს ფილმშიც აისახა. დაემატა მის ფინალში. ამას ვერანაირად ვერ განვსაზღვრავდით 2015 წელს, როდესაც ამ ფილმის დაფინანსება მოვიპოვეთ.
რადიო თავისუფლება: თეა წულუკიანმა მოგიხსენიათ ქალ რეჟისორად, რომელიც ამით ცდილობს თავის დამკვიდრებას...
მარიამ ჭაჭია: ჩემი მოხსენიება არა სახელით, არამედ გენდერის ნიშნით, მგონია, რომ არის ქალი რეჟისორების ხაზგასმით დისკრიმინაცია, თან როდესაც ამბობს, რომ ცუდ ფილმებს ვიღებთ. ძალიან ცუდია, რომ მან ჩემზე წინასწარ არ მოაგროვა ინფორმაცია, რადგან მე ჩემი წინა ფილმით უკვე დავიმკვიდრე ჩემი ადგილი როგორც დოკუმენტალისტმა.
რადიო თავისუფლება: როდესაც მას ჰკითხეს, რა უნდა ქნას ასეთ დროს კინოცენტრმა, მან მექანიზმების გამკაცრება ახსენა... თქვენ, როგორც რეჟისორი, რას ფიქრობთ ამაზე?
მარიამ ჭაჭია: ეს იყო ყველაზე საშიში რამ, რაც მინისტრმა თქვა. ეს კომენტარი არ იყო მხოლოდ ჩემკენ მომართული. რეალურად, ეს ნათქვამი არის გაფრთხილება იმ ახალგაზრდა დოკუმენტალისტებისთვის, ვინც ახლა აპირებს ფილმების გადაღებას. პირდაპირ ეუბნება, თუ თქვენ რაიმე კრიტიკულს გადაიღებთ, ჩვენ თქვენ გადაცენზურებთ, დაგაშინებთ და ამისთვის გარკვეულ ბერკეტებს გამოვიყენებთ. მისი განცხადებები პირდაპირ იწვევს საბჭოთა კავშირის დროის ასოციაციას, როცა ეს რეჟიმი არ აფინანსებდა ისეთ ფილმებს, რომლებიც არ ასახავდა საბჭოთა იდეოლოგიას.
რადიო თავისუფლება: როგორ თვლით, ამ ფილმმა ნაწილობრივ მიაღწია მიზანს? და თქვენ, როგორც რეჟისორი, ხელისუფლების ამ კრიტიკის შემდეგ რას ფიქრობთ?
მარიამ ჭაჭია: არ ვიცი, ამ ფილმს რამეს დაუშავებენ თუ არა, თუმცა დღეს დილიდან ვიღებ გამოხმაურებებს, რომ ხელისუფლებამ ნახა ფილმი და დაიწყო ამ საკითხის გააზრება, თუმცა მე პირადად ახლა ძალიან აღელვებული ვარ, რადგან ეს იყო არა ზოგადად განხილვა ფილმისა, არამედ ჩემი დაბულინგება. და სხვა დოკუმენტური ფილმების გადაღების მსურველებისთვისაც ეს არის პირდაპირი მუქარა.
Your browser doesn’t support HTML5
კულტურის მინისტრმა თეა წუკუკიანმა ტელეკომპანია „იმედისთვის“ 13 დეკემბერს მიცემულ ინტერვიუში, მარიამ ჭაჭიას და ნიკ ვოიგთის დოკუმენტური ფილმი, „ჯადოსნური მთა“, გააკრიტიკა და თქვა, რომ რეჟისორმა თავდაპირველი, კინოცენტრთან შეთანხმებული სცენარი შეცვალა, დაარღვია ხელშეკრულება და გადაწყვიტა, ბიძინა ივანიშვილის კრიტიკით „დაემკვიდრებინა ადგილი".
„მივიღეთ მშვენიერი აფიორა“, - თქვა წულუკიანმა.
მისი განცხადებით, კინოცენტრმა წლების წინ სულ სხვა ფილმის, სახელწოდებით „აბასთუმნის“ სცენარი დაამტკიცა და დააფინანსა, რომელშიც საერთოდ არ იყო ნახსენები ბიძინა ივანიშვილი. „ხელშეკრულებაში კი ჩაიწერა, რომ შინაარსის ცვლილება არის დაუშვებელი“, - ამბობს წულუკიანი.
„მაგრამ როდესაც 2018 წელს, ბიძინა ივანიშვილი იწყებს აბასთუმანში ინვესტიციის ჩადებას და შენდება უმაღლესი დონის სასტუმროები... რეჟისორი ცვლის სცენარს და დოკუმენტურ ფილმში ამბობს ტყუილს, რომ ივანიშვილმა დაანგრია ტუბერკულოზთან ბრძოლის მთელი ინფრასტრუქტურა... ამის შესახებ კინოცენტრი ტელევიზიიდან იგებს. სახელმწიფო თავს გრძნობს მოტყუებულად“, - თეა წულუკიანმა ამ სიტყვებს ისიც მოაყოლა, რომ კინოცენტრს დღეს აქვს „სუსტი მექანიზმები“ მსგავს შემთხვევასთან დასაპირისპირებლად და „დროა, მასაც ჰქონდეს ისეთი მკაცრი ბერკეტები, როგორებიც აქვთ სხვა ქვეყნების კინოცენტრებს, თუ რეჟისორი დამტკიცებული სცენარიდან გადაუხვევს“.
„კინოცენტრი არ არის არავის დუქანი - ეს არის სახელმწიფო ორგანიზაცია. ის გიფორმებთ ხელშეკრულებას უფლება-მოვალეობების შესახებ, რაც ნიშნავს, რომ სცენარიდან გადახვევის უფლება არ გააქვს“, - განაცხადა კულტურის მინისტრმა.
კინემატოგრაფისტები, რომლებიც გაერთიანებული არიან „ქართული კინოს თავისუფლებისთვის“, ბოიკოტს უცხადებენ კინოცენტრის ამჟამინდელ ხელმძღვანელობას და აცხადებენ, რომ პროტესტის ნიშნად მონაწილეობას აღარ მიიღებენ „მიტაცებული კინოცენტრის გამოცხადებულ კონკურსებსა და პროექტებში“.
კინოცენტრის თანამშრომლები კულტურის სამინისტროსთან აქციებს რამდენიმე თვის განმავლობაში მართავდნენ. პროტესტი მოჰყვა კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის საკადრო გადაწყვეტილებას - მინისტრმა ცენტრის ხელმძღვანელად დანაშაულის პრევენციისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოსა და აღსრულების ეროვნული ბიუროს ყოფილი თანამშრომელი კობა ხუბუნაია დანიშნა და სამსახურიდან მოულოდნელად დაითხოვა ყოფილი დირექტორის მოადგილე ნინო კუხალაშვილი. კინოს სფეროს მოღვაწეები შიშობენ, რომ კინოცენტრის, ამ სფეროს მნიშვნელოვანი საყრდენის, დამოუკიდებლობას ბოლო მოეღო, ამიერიდან კინოს დაფინანსებაში სახელმწიფო პირდაპირ ჩაერევა და, მეტიც, ცენზურას დაუწესებს მისთვის მიუღებელ ფილმებს.
ასევე ნახეთ 200-ზე მეტი კინემატოგრაფისტი ბოიკოტს უცხადებს კინოცენტრსYour browser doesn’t support HTML5