კადიროვი სპორტსმენებს და ბლოგერებს "ჩეჩნური ტრადიციების დისკრედიტაციის" გამო დაემუქრა

არქივის ფოტო: რამზან კადიროვი

ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ „მკაცრი მუშაობა" უნდა ჩატარდეს იმ ადგილობრივი სპორტსმენებისა და ბლოგერების წინააღმდეგ, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებენ ჩეჩენი ხალხის ღირებულებებს. მან ასეთი ბრძანება მას შემდეგ გასცა, რაც სპორტსმენი ბლოგერები ასხაბ ტამაევი და არბი ემიევი გაკიცხა მათი გავრცელებული ვიდეორგოლებისთვის. უცნობია, რას გულისხმობს ჩეჩნეთის ხელისუფლება „მკაცრ მუშაობაში.“

"თუ სპორტსმენი ხარ, სპორტში გამოიჩინე თავი და ეს იკმარე. სწორედ ამით ამოიწურება თქვენი მისია, მაგრამ ნუ ჩაერთვებით პოლიტიკაში. ზოგი „ჰაიპის“ გულისთვის მონაწილეობს საეჭვო გადაცემებში, რომლებიც არ შეესაბამება ჩეჩნეთის ეროვნულ წეს-ჩვეულებებს და ტრადიციებს. ნამდვილი ჩეჩენი ასეთ რამეში მონაწილეობას არ მიიღებს", - განაცხადა კადიროვმა ჩეჩნეთის მთავრობის გაფართოებულ შეხვედრაზე.

უცნობია, რის გამო გაიკიცხნენ სპორტსმენები. მანამდე უსაფრთხო ინტერნეტლიგის ხელმძღვანელმა ეკატერინა მიზულინამ უსაყვედურა ტამაევს, თავის ტელეგრამის არხზე ონლაინ კაზინოს რეკლამისთვის. გროზნოში გამართული შეხვედრის შემდეგ, ორივე ბლოგერმა გამოთქვა სპორტის სამინისტროსთან ურთიერთობის და "საეჭვო რეკლამების გარეშე ბიზნესპროექტების განხორციელების სურვილი".

რამზან კადიროვს, რომელიც პოლიტიკასა და „საეჭვო გადაცემებში“ მონაწილეობისათვის ჩეჩენი სპორტსმენებისა და ბლოგერების დასჯის მოწოდებით გამოვიდა, ძალიან ახლო ურთიერთობა აქვს სწორედ პოლიტიკური განცხადებებით ცნობილ ხამზატ ჩიმაევთან.

ასევე ნახეთ

UFC-ის ჩემპიონმა ხამზატ ჩიმაევმა რამზან კადიროვს „პალესტინისთვის საბრძოლველად წასვლა“ სთხოვა

ხამზატ ჩიმაევმა, შერეული საბრძოლო ხელოვნების (UFC) ჩეჩნური წარმოშობის მებრძოლმა, აბუ-დაბიში გამართულ UFC 294-ის ტურნირზე გამარჯვების შემდეგ, რინგიდან ჩეჩნეთის მეთაურ რამზან კადიროვს მიმართა და აღნიშნა, რომ "მზად არის პალესტინაში პირველი წავიდეს", რათა "მოკვდეს მუსლიმი ძმებისთვის."