უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავისი ქვეყნის შემდგომი დახმარების გაჭიანურებით მოსალოდნელ საფრთხეებზე ილაპარაკა აშშ-ის თავდაცვის ეროვნულ უნივერსიტეტში გამოსვლისას. კონგრესი, რესპუბლიკელების წინააღმდეგობის გამო, ამ დრომდე ვერ ახერხებს უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად მრავალმილიარდიანი პაკეტის დამტკიცებას, რასაც პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია ითხოვს.
11 დეკემბერს, თავდაცვის ეროვნულ უნივერსიტეტში გამოსვლისას, ზელენსკიმ განაცხადა, რომ კონგრესში გადაუწყვეტელი საკითხები შთააგონებს მხოლოდ პუტინსა და მის ავადმყოფ გარემოცვას, რადგან როცა შეფერხებებს და სკანდალებს ხედავენ, ფიქრობენ, რომ ოცნება შესაძლოა, რეალობად იქცეს. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ისეთებს, როგორიც პუტინია, თავისუფლების დამარცხების იმედიც კი არ უნდა ჰქონდეთ.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ რუსეთს იმაზე გაცილებით მეტი სურს, ვიდრე უკრაინის მიწა და რესურსებია და უკრაინა მხოლოდ პლაცდარმად სჭირდება. ზელენსკის განცხადებით, პუტინი უნდა დამარცხდეს და აშშ-ს შეუძლია ჰქონდეს უკრაინის იმედი, ისევე, როგორც უკრაინას აქვს ამერიკის მხარდაჭერის იმედი.
ასევე ნახეთ უკრაინისთვის სამხედრო დახმარებამ 2022 წლის იანვრის შემდეგ ისტორიულ მინიმუმს მიაღწია ასევე ნახეთ სენატში დაიბლოკა უკრაინის დასახმარებლად კანონპროექტის მიღების მცდელობაუკრაინის პრეზიდენტი ვაშინგტონში 11 დეკემბერს ჩავიდა. იმავე დღეს ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვდა აშშ-ის თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინს და არმიის შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარეს, გენერალ ჩარლზ ბრაუნს.
პრეზიდენტმა ზელენსკიმ მოლაპარაკება გამართა საერთაშორისო სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელებთანაც. შეხვედრის წინ ცნობილი გახდა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა უკრაინას დაუმტკიცა კიდევ 900 მილიონი დოლარის ტრანში 4-წლიანი საკრედიტო პროგრამიდან, რომლის საერთო მოცულობა 15,6 მილიარდი დოლარია. წელს უკრაინამ ამ პროგრამით უკვე მიიღო 4,5 მილიარდი.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში შეხვდა სამხედრო-სამრეწველო კომპანიების წარმომადგენლებსაც.
დღეს, 12 დეკემბერს, თეთრ სახლში გაიმართება აშშ-ის და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა. ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვდება კონგრესის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელ სპიკერ მაიკ ჯონსონსაც და სიტყვით გამოვა სენატში.
კონგრესის წარმომადგენელთა პალატის და სენატის წევრი რესპუბლიკელები კიდევ 60 მილიარდი დოლარით უკრაინის დახმარების მხარდაჭერას უკავშირებენ არალეგალური მიგრაციის პრობლემის მოსაგვარებლად მექსიკასთან საზღვარზე ზომების გამკაცრებას და თავშესაფრის მიცემის პოლიტიკის გადახედვას. რესპუბლიკელები არასაკმარისად მიიჩნევენ საზღვრის დასაცავად დემოკრატების მიერ შეთავაზებულ ზომებს.
ასევე ნახეთ "ამერიკის დახმარების გარეშე ომის წაგების დიდი რისკია"პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ კონგრესი გააფრთხილა, რომ თუ წლის ბოლომდე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ, აშშ-ს აღარ ექნება უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად საჭირო ფინანსები.
პენტაგონის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 6 დეკემბრის ჩათვლით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას გაუწია 44,2 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება.