Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინისთვის სამხედრო დახმარებამ 2022 წლის იანვრის შემდეგ ისტორიულ მინიმუმს მიაღწია


უკრაინული ეკიპაჟი გერმანულ ტანკ "ლეოპარდში"
უკრაინული ეკიპაჟი გერმანულ ტანკ "ლეოპარდში"

2023 წლის აგვისტო-ოქტომბერში დასავლეთის ქვეყნებიდან უკრაინისთვის დაპირებული დახმარების მოცულობამ 2022 წლის იანვრიდან ყველაზე დაბალ დონეს მიაღწია და გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 90%-ით შემცირდა. ამის შესახებ კილის მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებზე დაყრდნობით წერს „ევროპეისკა პრავდა“.

ცნობილია, რომ 2023 წლის აგვისტოდან ოქტომბრამდე პერიოდში ახალი დახმარების პაკეტების საერთო ღირებულებამ 2.11 მილიარდი ევრო შეადგინა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2022 წლის იანვრის შემდეგ.

სამხედრო დახმარების მხრივ უკრაინის აქტიური დონორები არიან გერმანია, ფინეთი, ირლანდია, ხორვატია, ლიტვა, ლუქსემბურგი, ნიდერლანდი, ნორვეგია, შვედეთი და შვეიცარია, ასევე - კანადა და გაერთიანებული სამეფო.

შეერთებული შტატები რჩება სამხედრო დახმარების ყველაზე დიდ დონორად, დაახლოებით 44 მილიარდი ევროთი. ამასთან, როგორც „ევროპეისკა პრავდა“ წერს, გერმანია სწრაფად ეწევა შტატებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარებით, რომლის საერთო მოცულობა 17 მილიარდ ევროზე მეტია.

6 დეკემბერს შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა, რომ უკრაინას გაუწევს კიდევ 175 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას. სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თანახმად, თუ კონგრესი დამატებითი დაფინანსების საკითხს არ გადაწყვეტს, ეს უკრაინის დახმარების ერთ-ერთი ბოლო პაკეტი იქნება.

  • თეთრმა სახლმა კონგრესი უკვე გააფრთხილა, რომ თუ წლის ბოლომდე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ, აშშ-ს აღარ ექნება უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად საჭირო ფინანსები.
  • ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა, რესპუბლიკელების წინააღმდეგობის გამო, ჯერჯერობით ვერ შეძლო შეთანხმება ფინანსურ პაკეტზე, რომელიც აუცილებელია უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად.
  • სენატში 6 დეკემბერს ჩატარდა დემოკრატების მიერ მომზადებული კანონპროექტის განხილვის დასაწყებად საჭირო პროცედურული კენჭისყრა. მომხრე იყო 49 სენატორი, წინააღმდეგი - 51. გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი იყო 100-დან, სულ მცირე, 60 სენატორის მხარდაჭერა.

XS
SM
MD
LG