ცხინვალში დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს

ფოტო არქივიდან: ცხინვალის შესასვლელი

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დარღვევის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქის მიმართ აღძრა სისხლის სამართლის საქმე.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მცხოვრებლები - 1988 წელს დაბადებული გიორგი მელაძე და 1994 წელს დაბადებული დიმიტრი კორინთელი - 24 ნოემბერს უკანონოდ დააკავეს. ისინი ცხინვალის იზოლატორში იმყოფებიან. მათთან ერთად დაკავებული ხვიჩა კორინთელი 5 დეკემბერს გაათავისუფლეს.

„საგამოძიებო მოქმედებების დროს გამოვლინდა, რომ დიმიტრი კორინთელმა თავისი უკანონო ქმედებები მობილური ტელეფონით გადაიღო“, - ვკითხულობთ დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებაში.

ხვიჩა და დიმიტრი კორინთელები, თანასოფლელ გიორგი მელაძესთან ერთად, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა "გიორგობის" მეორე დღეს, 24 ნოემბერს, სოფლის ეკლესიიდან გაიტაცეს. წმინდა გიორგის სახელობის აძვის ეკლესია რამდენიმე წელია, საოკუპაციო ხაზს მიღმა მოაქციეს.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგაც ადგილობრივები იქ უპრობლემოდ მიდიოდნენ, მაგრამ დაახლოებით 5 წლის წინ ტერიტორია ოკუპირებულად გამოაცხადეს. დაკავებულთა ნათესავების მონათხრობით, ხვიჩა კორინთელი ძმისშვილთან, დიმიტრი კორინთელთან და თანასოფლელ გიორგი მელაძესთან ერთად სწორედ ამ ეკლესიაში წავიდა, თუმცა ისინი დააკავეს და ცხინვალში გადაიყვანეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აძველების დაკავების შესახებ ინფორმაცია 25 ნოემბერს გაავრცელა. სუსის ცნობით, აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის „ცხელი ხაზი“; უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.

ჯერჯერობით გაურკვეველია, როდის გაათავისუფლებენ დიმიტრი კორინთელს და გიორგი მელაძეს.

ასევე ნახეთ ოკუპირებული ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან საქართველოს ერთი მოქალაქე გაათავისუფლეს