საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მედიის შესაბამისი კითხვის პასუხად გამოეხმაურა სერგეი შამბას, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივნის, განცხადებას, რომელიც შეეხება კონფლიქტის დასაძლევად საუბრის საჭიროებას.
შალვა პაპუაშვილს თქმით, პრიორიტეტი და მთავარი საკითხია, რომ არსებობდეს დიალოგი, რასაც ხელი უნდა შეეწყოს. რაც შეეხება დიალოგის ფორმატს, ის ფორმატს არ აკონკრეტებს და ამბობს, რომ ეს დროის საკითხია.
„ჩვენ აფხაზ თანამოქალაქეებთან კონტაქტის სხვადასხვა ფორმატები არსებობს, მათ შორის ჰუმანიტარული ხასიათის კონტაქტები. ჩვენ ყველა შესაძლო არხს ვიყენებთ იმისთვის, რომ ჩვენ აფხაზ თანამოქალაქეებს ვაჩვენოთ ერთიან სახელმწიფოში ცხოვრების უპირატესობა. რაც შეეხება ფორმატებს, ფორმალურ ფორმატებს და ა.შ. ეს არის მთავრობის კომპეტენცია და მთავრობა ამ პროცესს მიჰყვება. მთავარია ერთი რამ - საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის ამოდის საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან. საქართველოს მთავარი მიზანი, ჩვენი ეროვნული ამოცანა ეს არის - ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ნდობის, ურთიერთობის აღდგენა ჩვენ აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში მედიასთან კომენტარში.
ასევე ნახეთ შამბა: „კონფლიქტის დასაძლევად საუბარია საჭირო“ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი, ყოფილი „საგარეო საქმეთა მინისტრი“ სერგეი შამბა მიიჩნევს, რომ „ქართულ-აფხაზური კონფლიქტი შვილებსა და შვილიშვილებს არ უნდა გადაეცეს“, „აუცილებელია მშვიდობიანი თანაცხოვრების შესაძლებლობების მოძიება“. ამის შესახებ შამბამ განაცხადა მთავრობის ყოფილ თავმჯდომარესთან, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრთან (დევნილობაში), ვახტანგ ყოლბაიასთან ონლაინ საუბარში. შამბამ და ყოლბაიამ ჟურნალისტ ვანო ჩოკორაის კითხვებს პირდაპირ ეთერში უპასუხეს.
ქართული მხარე ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში ურთიერთობდა. მასში მონაწილეობდნენ აფხაზური მხარე, საქართველო, რუსეთი, ევროკავშირი და გაერო. შეხვედრები გალში 2018 წლიდან არ ჩატარებულა.
ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმი, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის ფორმატთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეიქმნა. თანათავმჯდომარეები არიან ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს სპეციალური წარმომადგენლები. შეხვედრებში, რომლებიც ამ ეტაპზე მხოლოდ ერგნეთში იმართება, მონაწილეობენ საქართველოს ხელისუფლების, აშშ-ის, რუსეთის და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები.
ოქტომბერში ოკუპირებულ აფხაზეთში განაცხადეს, რომ მზად არიან განაახლონ მუშაობა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატში.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო IPRM-ის ფორმატის აღდგენასთან დაკავშირებით აფხაზური მხარის განცხადებაზე კომენტარს არ აკეთებს.
ასევე ნახეთ საქართველოს ევროპული მომავალი კონფლიქტის მძევლად არ უნდა იქცეს - სტანო