ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი, ყოფილი „საგარეო საქმეთა მინისტრი“ სერგეი შამბა მიიჩნევს, რომ „ქართულ-აფხაზური კონფლიქტი შვილებსა და შვილიშვილებს არ უნდა გადაეცეს“, „აუცილებელია მშვიდობიანი თანაცხოვრების შესაძლებლობების მოძიება“. ამის შესახებ შამბამ განაცხადა მთავრობის ყოფილ თავმჯდომარესთან, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრთან (დევნილობაში), ვახტანგ ყოლბაიასთან ონლაინ საუბარში. შამბამ და ყოლბაიამ ჟურნალისტ ვანო ჩოკორაის კითხვებს პირდაპირ ეთერში უპასუხეს.
„მე არაერთხელ მისაუბრია ამ თემაზე და აფხაზურ საზოგადოებაში ბევრს არ მოსწონს ჩემი პოზიცია, მაგრამ ყოველთვის ვამბობდი, რომ თუ არის პრობლემა, პირველ რიგში უნდა ისაუბრო. არ არსებობს მეზობელი, ახლობელი ან თუნდაც მონათესავე ხალხები, რომლებსაც ერთმანეთთან არ უომიათ. მთელი ევროპა ამის მაგალითია“, - განაცხადა შამბამ.
მისი თქმით, როგორც აფხაზური, ისე ქართული მხრიდან ბევრი ჯერ ისევ აგრესიულადაა განწყობილი.
ასევე ნახეთ ფაშინიანი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უჭერს მხარს - რას ამბობენ სოხუმსა და ცხინვალში?"ვფიქრობ, დროთა განმავლობაში ეს გაივლის, თუმცა ომიდან დიდი დრო გავიდა, უკვე 30 წელია. შეიძლებოდა როგორმე დაწყებულიყო გარკვეული მოძრაობები ურთიერთგაგებისკენ, მაგრამ ეს ნელა ხდება. ყოველთვის ვემხრობოდი სახალხო დიპლომატიას და როცა საგარეო საქმეთა მინისტრი ვიყავი, ჩვენი წარმომადგენლები ხშირად ხვდებოდნენ ქართველ ოპონენტებს. ეს იყო ერთმანეთის პოზიციების გაგების შესაძლებლობა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რათა პრობლემა როგორღაც დაიძრას მკვდარი წერტილიდან. ახლაც ამ აზრზე ვარ. მიმაჩნია, რომ საჭიროა კავშირების სხვადასხვა არხების ამოქმედება. ჩვენს ხალხებს შორის არსებობს კონფლიქტი, ბევრი ისტორიული გარემოებით და განსაკუთრებით ომით წარმოშობილი და ამ კონფლიქტის გადასალახად საჭიროა საუბარი და ურთიერთგაგების გზების ძიება შემდგომი თანაარსებობისთვის“, - განაცხადა შამბამ.
აფხაზი პოლიტიკოსის პოზიციას დაეთანხმა ვახტანგ ყოლბაია. მისი თქმით, ასეთივე განცხადებები ასლან ბჟანიას „პრეზიდენტობის“ დასაწყისშიც ისმოდა.
„მესმის, საუბარი იყო ეკონომიკურ ურთიერთთანამშრომლობაზე, რომელიც შესაძლოა, კონკრეტულ საქმეში გადაზრდილიყო, მაგრამ, როგორც იტყვიან, ჯერ ყველაფერი დაკარგული არ არის, სურვილი იყოს და“, - დაამატა ყოლბაიამ.
ასევე ნახეთ ოკუპირებული აფხაზეთი უსაფრთხოების ზომებს აძლიერებს რუსეთთან დე ფაქტო საზღვარზექართული მხარე ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში ურთიერთობდა. მასში მონაწილეობდნენ აფხაზური მხარე, საქართველო, რუსეთი, ევროკავშირი და გაერო. შეხვედრები გალში 2018 წლიდან არ ჩატარებულა.
ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმი, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის ფორმატთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეიქმნა. თანათავმჯდომარეები არიან ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს სპეციალური წარმომადგენლები. შეხვედრებში, რომლებიც ამ ეტაპზე მხოლოდ ერგნეთში იმართება, მონაწილეობენ საქართველოს ხელისუფლების, აშშ-ის, რუსეთის და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები.
ასევე ნახეთ უფასო რუსული დენი ფასიანი გახდა - აფხაზეთი „ბნელი ზამთრის“ საფრთხის წინაშეოქტომბერში ოკუპირებულ აფხაზეთში განაცხადეს, რომ მზად არიან განაახლონ მუშაობა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატში.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო IPRM-ის ფორმატის აღდგენასთან დაკავშირებით აფხაზური მხარის განცხადებაზე კომენტარს არ აკეთებს.
ასევე ნახეთ როგორ ეძებდა მთელი აფხაზეთი არარსებულ დივერსანტებს