საქართველოში სესხზე მოთხოვნა იზრდება. მოთხოვნა იმდენად მზარდია, რომ ბოლო ხუთ წელში მაჩვენებელი გაორმაგდა. განახლებული მონაცემები, რომელიც 2023 წლის ოქტომბრის მდგომარეობას ასახავს, ეროვნულმა ბანკმა რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა.
- მხოლოდ ბოლო ერთ თვეში (ოქტომბერში) გაიცა თითქმის 1 მილიარდი ლარის ოდენობის სესხი;
- ჯამში სულ გაცემულია 50,1 მილიარდი ლარის მოცულობის თანხა. ეს თითქმის ორჯერ აღემატება 2019 წლის იანვრის მონაცემებს, როცა ბანკებს გასესხებული ჰქონდა 26,4 მილიარდი.
2017 წლის თებერვლის მდგომარეობით ბანკებიდან გასესხებული თანხის მხოლოდ 34,7% იყო ლარში. 2023 წლის ოქტომბერში კი 54,8%.
ეროვნულ ბანკს საქართველოში უცხოური ვალუტაში თანხის სესხებზე შეზღუდვები 2017 წლის იანვრიდან აქვს დაწესებული, 2019 წლის იანვრიდან კი რეგულაცია კიდევ უფრო გაამკაცრა. ფულის სესხება უცხოურ ვალუტაში შეუძლებელია, თუ თანხის მოცულობა 200 000 ლარზე ნაკლებია. გამკაცრებული პოლიტიკის პირობებში შემცირებულია უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების წილი.
დღევანდელი მდგომარეობით, სესხების ნახევარზე მეტი 50,1 მილიარდიდან 35,5 მილიარდი თბილისშია გაცემული, შემდეგ ადგილზეა აჭარა და იმერეთი.
თბილისი და აჭარის რეგიონი ასევე იმით არის გამორჩეული, რომ სესხების ძირითადი ნაწილი დოლარსა და ევროშია გაცემული. თბილისის შემთხვევაში თანხის 52%, აჭარაში - 54%. ყველა სხვა რეგიონში მონაცემები საპირისპიროა.
2023 წლის იანვარში განახლებული საქსტატის მონაცემები აჩვენებს, რომ რეგიონებში აღებული სესხების მოცულობა პირდაპირ კავშირში არაა მოსახლეობის რაოდენობასთან.
საქართველოში დაახლოებით 3,7 მილიონი მოსახლეა, მათგან თბილისი პირველ ადგილზეა, მას იმერეთი და ქვემო ქართლი მოსდევს. მხოლოდ მათ შემდეგ არის სესხების აღებით მეორე ადგილზე მდგომი აჭარა.
საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი, ალექსანდრე ძნელაძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ პატარა ქალაქებში ხალხი ბანკებში შედარებით მცირე თანხებს ითხოვს, უცხოურ ვალუტაზე დაწესებული შეზღუდვები კი მათ ლარში თანხის აღებისკენ უბიძგებს.
"დიდ ქალაქებში, სადაც კომპანიებსა და ადამიანებს შემოსავალი უცხოურ ვალუტაში აქვთ, სავალუტო რისკის გამო, სესხს იღებენ იმავე ვალუტაში, რაშიც მათი შემოსავალია. აქედან გამომდინარე უფრო დიდი მოთხოვნა უცხოურ ვალუტაზე არის ხოლმე დიდ ქალაქებში", - ამბობს ის.
2020 წლის მარტში საქართველოში ამოქმედდა კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული მკაცრი შეზღუდვები. თუმცა მაშინ, წინა თვესთან შედარებით, თითქმის 11 პროცენტით გაზარდა სესხებზე მოთხოვნა - ბანკებმა გასცეს 3,37 მილიარდი ლარის ოდენობის თანხა. ძირითადად, თბილისსა და აჭარაში.
2024 წლის 1 იანვრიდან კიდევ უფრო მკაცრდება სესხის აღება მათთვისაც, ვისაც ხელფასი ლარში ერიცხება. უცხოურ ვალუტაში სესხის აღება მხოლოდ 300 000 ლარზე მეტი თანხის მოთხოვნის შემთხვევაში გახდება შესაძლებელი.
ამავდროულად, ევროსა და დოლარში სესხის აღებაზე შეზღუდვები მოიხსნება მათთვის, ვისაც ამავე ვალუტაში აქვს შემოსავალი.
ასევე ნახეთ 1 იანვრიდან სესხის აღების წესი იცვლება - ვისთვის მარტივდება?