“ჰამასმა” გადადო მძევლების მეორე ჯგუფის გათავისუფლება - საერთაშორისო მედია

„ჰამასსა“ და ისრაელს შორის დადებული ოთხდღიანი ზავის პირობებით, „ჰამასმა“ 13 მძევალი გადასცა „საერთაშორისო წითელ ჯვარს“.

შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირში ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებული "ჰამასი" აცხადებს, რომ გადაწყვიტა ისრაელელი მძევლების გათავისუფლების მეორე რაუნდის გადადება. ამის შესახებ საერთაშორისო მედია მოძრაობის წარმომადგენლებზე დაყრდნობით იუწყება.

Reuters-ის თანახმად, ბოევიკები მოითხოვენ, რომ ისრაელმა ჰუმანიტარული საქონლით დატვირთულ მანქანებს ღაზის ჩრდილოეთ სექტორში შესვლის უფლება მისცეს. გარდა ამისა, „ჰამასის“ სამხედრო ფრთა აცხადებს, რომ მძევლების გათავისუფლება გადაიდება, თუ ისრაელი არ შეასრულებს პალესტინელი პატიმრების გათავისუფლებაზე შეთანხმებულ პირობებს.

ისრაელის არმიის წარმომადგენელმა ფრანგულ ტელეარხ BFM-ს განუცხადა, რომ ისრაელი სრულად იცავს ზავის პირობებს.

სააგენტო AP-ის თანახმად, ჯგუფი ამტკიცებს, რომ ისრაელის მიერ ნებადართული დახმარების მარაგი, სავარაუდოდ, არ შეესაბამება დაპირებულს, ასევე არასაკმარისი რაოდენობის დახმარება მიეწოდება ღაზის ჩრდილოეთ ნაწილს, რომელიც ისრაელის სახმელეთო შეტევის ცენტრს და მთავარ საბრძოლო ზონას წარმოადგენს.

მანამდე გავრცელებული ცნობით, ისრაელმა კატარისგან მიიღო იმ მძევლების სახელობითი სია, რომლებიც შაბათს, 25 ნოემბერს, ღაზის სექტორში ცეცხლის დროებით შეწყვეტის მეორე დღეს, უნდა გათავისუფლდნენ. სიაში შედიან ქალები და ბავშვები.

სააგენტო France Presse-ი ისრაელის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ 14 ადამიანი უნდა გათავისუფლდეს.

ასევე ნახეთ

ისრაელმა მიიღო მძევლების სია, რომლებსაც დღეს გაათავისუფლებენ

წინა დღით, „ჰამასსა“ და ისრაელს შორის დადებული ოთხდღიანი ზავის პირობებით, „ჰამასმა“ 13 მძევალი გადასცა „საერთაშორისო წითელ ჯვარს“.

გათავისუფლებულმა მძევლებმა ღაზის სექტორი ეგვიპტესთან საზღვრის გამშვები პუნქტის, რაფაჰის გავლით დატოვეს.