ისრაელმა კატარისგან მიიღო იმ მძევლების სახელობითი სია, რომლებიც შაბათს, 25 ნოემბერს, ღაზის სექტორში დროებითი ცეცხლის შეწყვეტის მეორე დღეს უნდა გათავისუფლდნენ. სიაში შედიან ქალები და ბავშვები.
სააგენტო France Presse-ი ისრაელის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ 14 ადამიანი უნდა გათავისუფლდეს.
წინა დღით, აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნებში ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეულ „ჰამასსა“ და ისრაელს შორის დადებული ოთხდღიანი ზავის პირობებით, „ჰამასმა“ 13 მძევალი გადასცა „საერთაშორისო წითელ ჯვარს“.
გათავისუფლებულმა მძევლებმა ღაზის სექტორი ეგვიპტესთან საზღვრის გამშვები პუნქტის, რაფაჰის გავლით დატოვეს.
მათ დახვდნენ ისრაელის არმიის წარმომადგენლები, ასევე ექიმები და ფსიქოლოგები. იქიდან გათავისუფლებულები წაიყვანეს ხაცერიმის სამხედრო ბაზაზე, ისრაელის სამხრეთში.
ისრაელმა, თავის მხრივ, წინა დღით ციხიდან 39 ადრე გასამართლებული ქალი და მოზარდი გაათავისუფლა. სავარაუდოდ, დღეს კიდევ 42 პალესტინელი გათავისუფლდება.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისმა საღამოს გამოაქვეყნა გათავისუფლებული 13 ისრაელელის სია. მათ შორის იყო ოთხი პირი, რომლებსაც, მათი ოჯახების თქმით, ასევე გერმანიის მოქალაქეობა აქვთ. ეს არის 34 წლის ქალი, მისი ორი და ოთხი წლის ქალიშვილი და 77 წლის ქალი.
ტაილანდის პრემიერ-მინისტრი ავრცელებს ინფორმაციას, რომ „ჰამასმა“ მისი 10 მოქალაქე, ასევე რადიკალური ორგანიზაციის მიერ მძევლად აყვანილი პირი, გაათავისუფლა.
გავრცელებული ინფორმაციით, გაათავისუფლეს ასევე ფილიპინელი მძევალი.
ოთხი დღის განმავლობაში, სანამ მოქმედებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, მთლიანობაში გათავისუფლდება სულ მცირე 50 მძევალი, ქალები და ბავშვები.
ცეცხლის შეწყვეტის დროებითი რეჟიმის მოქმედების დროს, ღაზის სექტორში უნდა შეწყდეს ნებისმიერი ბრძოლა, ისრაელის სამხედროებმა ასევე უნდა შეაჩერონ ჰაერიდან მონიტორინგი. ღაზის სექტორს უნდა მიეწოდოს ჰუმანიტარული დახმარება.