23 ნოემბერს, „ვარდების რევოლუციის“ 20 წლისთავზე, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ თბილისში საიუბილეო ღონისძიება გამართა. პარტიამ თავისი მმართველობის პერიოდში გატარებული რეფორმების გარდა, სამომავლო ხედვები წარმოადგინა. შეკრებაზე დამსწრე ათეულობით ადამიანმა მოისმინა ევროპარლამენტის წევრების, ანდრიუს კუბილიუსის და ანა ფოტიგას ვიდეომიმართვებიც.
ანდრიუს კუბილიუსის განცხადებით, რევოლუცია იყო სიგნალი, რომ ამ ადგილას, რომელსაც აღმოსავლეთ პარტნიორობას უწოდებენ, ხალხს უნდოდა ცვლილება - დემოკრატიულ, ნორმალურ, ევროპულ ქვეყანაში ცხოვრება.
„სწორედ ასე დაიწყო საქართველოსთვის გზა ევროპისკენ. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ დავივიწყებთ მიხეილ სააკაშვილის როლს, როგორც "ვარდების რევოლუციის" ლიდერის და მისი მთავრობის განხორციელებულ ყველა რეფორმას, რამაც გზა გაუხსნა საქართველოს, გამხდარიყო ქვეყანა, რომელიც ევროპისკენ ისწრაფვის. ახლა საქართველოსთვის მარტივი დრო არ არის, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი ქვეყანას და მთავრობას დააბრუნებს ევროკავშირთან დაახლოების გზაზე. მომავალი წლის არჩევნები იქნება გადამწყვეტი არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთლიანად ევროპისთვის, რადგან ევროპას სჭირდება საქართველო როგორც ქვეყანა, რომელიც არის გამჭვირვალე და ოლიგარქიისა და კრემლის გავლენებისგან თავისუფალი“, - განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის და „ნაციონალური მოძრობის“ დამფუძნებლის, ამჟამად პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ ღონისძიების წინაშე წარადგინა პარტიის და ექსპრეზიდენტის 11-პუნქტიანი მანიფესტი: „რუსი ოლიგარქი ან საქართველო - ტოტალური შეტევა სისტემაზე“.
ასევე ნახეთ სააკაშვილის და ენმ-ის მანიფესტი: სახელმწიფო არ დაუშვებს მიგრანტების უკონტროლო შემოდინებასოპოზიციური პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, იგორ ნარმანიამ კი მიხეილ სააკაშვილის მიმართვა წაიკითხა. „განსხვავება ივანიშვილისა და შევარდნაძე-აბაშიძის რეჟიმებს შორის არის მხოლოდ სპეცრაზმის ეკიპირებაში, მაგრამ ჩვენც მეტი ჯავშანი გვაქვს“, - ნათქვამია სააკაშვილის წერილში. მისი განცხადებით, „ჩვენი ჯავშანი არის მეტი გამოცდილება, ბევრად უფრო მაგარი ახალი თაობა და ცივილიზებული დემოკრატიული სამყაროს ტოტალური მხარდაჭერა. ჩვენ უნდა განვახორციელოთ ტოტალური შეტევა ოლიგარქატზე და გვახსოვდეს, რომ ჩვენს ტოტალურ შეტევას ექნება ტოტალური საერთაშორისო მხარდაჭერა. აქ საკითხი ზუსტად ასე დგას - ან ოლიგარქი, ან საქართველო და გამარჯვება“.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა „ვარდების რევოლუციის“ მიღწევებზე ილაპარაკა და დაამატა: „ჩვენ ერთხელ უკვე დაგვიმარცხებია კორუფცია, ქვეყანა ამოგვიყვანია ჭაობიდან და ახლაც ასევე დავამარცხებთ, ავაშენებთ და ვემსახურებით ხალხს, წარსულის შეცდომებზე გამობრძმედილები და ნასწავლები“.
„გამარჯვების პლატფორმის“ (ენმ, „სტრატეგია აღმაშენებელი“) საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ პოლიტიკური გაერთიანების სამომავლო ხედვები წარადგინა. მან სიტყვით გამოსვლა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროკავშირის რეკომენდაციაზე საუბრით დაიწყო.
„ქართულ ოცნებას" ხელისშეშლის მეტი არაფერი უკეთებია იმისთვის, რომ არ დამდგარიყო ეს დღე [საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ რეკომენდაციის გაცემა] და მე იმედი მაქვს, რომ საბოლოო გადაწყვეტილებაც იქნება დადებითი, მაგრამ მთავარი კითხვაც ჩანს: ევროკავშირი კანდიდატის სტატუსს რატომ გვაძლევს, თუ პრორუსული ხელისუფლება გვყავს? ამას აქვს სამი მნიშვნელოვანი მიზანი: პირველი, ისინი [ევროკავშირში] ხედავენ ქართველი ერის ბრძოლას, მათ დაინახეს ასობით ათასი შეკრებილი, გულანთებული ქართველი თბილისსა და სხვა ქალაქებში იმისათვის, რომ ვითხოვდით ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს და გვითხრეს, დიახ, საქართველოს ადგილი ევროკავშირშია.
მეორე, ამით დაასრულეს რუსული დეზინფორმაცია, რომელსაც "ქართული ოცნება" დღენიადაგ იმეორებდა: თუ ომს არ დავიწყებთ რუსეთთან, კანდიდატის სტატუსი არ იქნება, გეოგრაფიულად შორს ვართ ევროკავშირისგან და ამიტომ არ გვაძლევენ კანდიდატის სტატუსს. ამის საპასუხოდ, ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა გამონაკლისი დაუშვეს და საქართველო არის პირველი ქვეყანა, რომელსაც სახმელეთო საზღვარი არ აქვს ევროკავშირთან, მაგრამ სულ მალე გახდება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი.
მესამე, ამით გზავნილი გაუგზავნეს მთელ ცივილიზებულ სამყაროს, - ვისაც უნდა დემოკრატია, განვითარება, თავისუფლება, ევროკავშირი და ევროპა მის გვერდით იქნება“.
გიორგი ვაშაძის თქმით, საქართველო დაჩქარებული წესით უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი.
პოლიტიკოსი ქვეყნისთვის მთავარ იდეად ევროპას ასახელებს: „როგორც ეროვნული მოძრაობის დროს თავისუფლება და დამოუკიდებლობა იყო ეროვნული იდეა, სწორედ ამ თავისუფლების და ეროვნული დამოუკიდებლობის განმტკიცებისთვის, ახალი ეროვნული იდეა არის ევროპა. ამის გარშემო უნდა გავერთიანდეთ ყველანი, - თქვა მან და განაგრძო, - ჩვენი მთავარი დაპირება არის, რომ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, უმოკლეს ვადაში, ცხრავე წინაპირობა იქნება შესრულებული და დაჩქარებული წესით საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი... დავაჩქარებთ NATO-ში საქართველოს გაწევრიანებას და გადავდგამთ მნიშვნელოვან ნაბიჯს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისკენ. აფხაზეთსა და ცხინვალში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს აქვთ ორი ალტერნატივა: აქეთ რუსული პასპორტი, რომელიც სიკვდილთან და უბედურებასთან არის ასოცირებული და მეორე მხარეს ქართულ-ევროპული პასპორტი, რომელიც გასაღებია წარმატებისა და განვითარებისკენ“.
გიორგი ვაშაძემ „გამარჯვების პლატფორმის“ რამდენიმე პრიორიტეტი დაასახელა. „გპირდებით, გვექნება ევროკავშირის სტანდარტის და დონის სასამართლო, რომელსაც აუცილებლად გავაკეთებთ და არასდროს არავინ საქართველოში არ იტყვის, რომ ჩემი უფლებები არის დარღვეული. ყველა იქნება თანაბარი და თანასწორი კანონის წინაშე. ის სასამართლო სისტემა, რომელსაც ჩვენ ავაშენებთ, იქნება ამის გარანტი“, - თქვა მან.
ვაშაძე ახალი ფონდის შექმნის დაპირებასაც იძლევა: „ახალგაზრდებს ექნებათ განვითარების საშუალება - ჩვენ შევქმნით სპეციალურ ერთმილიარდიან ფონდს და ახალგაზრდა თაობას დავუფინანსებთ "სტარტაპებს", რომ აქ, საქართველოში, მათ მიაღწიონ დიდ წარმატებას“, - განაცხადა მან. გარდა ამისა, გამოყო რამდენიმე პრიორიტეტული პროფესია: „ჩვენი განსაკუთრებული პრიორიტეტი იქნება მასწავლებელი, მეცნიერი, ექიმი და ჯარისკაცი. ეს არის გამარჯვების ფორმულა. ეს ოთხი პრიორიტეტული პროფესია იქნება ჩვენთან და ყველას დაუფასდება შრომა“, - თქვა გიორგი ვაშაძემ.
„გამარჯვების პლატფორმის“ ლიდერად ვაშაძემ მიხეილ სააკაშვილი დაასახელა.
პარტიის ღონისძიებაში მონაწილეობა არ მიუღია „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას.
მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის 1 ოქტომბრიდანაა პატიმრობაში. ის საქართველოში თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩამოვიდა და ქვეყნის საზღვარი მალულად გადმოკვეთა. იმის მიუხედავად, რომ საქართველოს სასამართლოებმა ბრალი ორ საქმეზე შეუფარდეს, სამი ეპიზოდი კი მიმდინარეა, ისიც და მისი თანაგუნდელებიც ექსპრეზიდენტ სააკაშვილს პოლიტპატიმრად თვლიან. საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, მის შეწყალებასთან დაკავშირებით ნათქვამი აქვს, რომ „არა და არასოდეს“.
მას შემდეგ, რაც სააკაშვილი ციხეშია, შეიცვალა პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე - ნიკა მელიას ნაცვლად, ამ თანამდებობაზე ახლა ლევან ხაბეიშვილია. ახალი თავმჯდომარის არჩევის შემდეგ პოლიტსაბჭო ახალი წევრებით დაკომპლექტდა და ძველ კადრებს თანამდებობის დატოვება მოუწიათ. ნიკა მელია ღიად ლაპარაკობს „ნაციონალურ მოძრაობაში“ არაფორმალურ მმართველობაზე, თუმცა, ამის მიუხედავად, ჯერ პარტიის დატოვების გადაწყვეტილება არ მიუღია.
ასევე ნახეთ „ვარდების რევოლუცია“–20: ვიხსენებთ ყველაფერს