პატიმრობაში მყოფმა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე ისაუბრა პარტია "ნაციონალური მოძრაობის" შესახებ. მან სხდომის მუშაობაში დისტანციურად ჩართვის დროს ახსენა არაფორმალური მმართველობა, თავისი კანდიდატურის დასახელება პრემიერ-მინისტრის პოსტზე და ასევე ძველი წევრების გასვლა პარტიის პოლიტსაბჭოდან.
სააკაშვილმა თანაგუნდელებს მოუწოდა: "შევძლოთ საერთო ენის გამონახვა და სწრაფი ნაბიჯებით ვიაროთ წინ".
ასევე ნახეთ "დღეს ნაციონალურ მოძრაობაში ფარდის მიღმა მყოფებმა პოლიტსაბჭოს არჩევითობა გააუქმეს" - მელია ყრილობას ეხმაურება"ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა შეცდომა, თუკი იქნა დაშვებული, იქნას აღმოფხვრილი. მე ვიღებ ჩემს თავზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, რომ ყველა ჩვენი გამოცდილი მებრძოლი და ძალიან ბევრი ასეთი დამსახურებული ადამიანი, რატომღაც გარიყული აღმოჩნდა პოლიტიკური საბჭოდან, დაბრუნდეს. მე ვიღებ ჩემს თავზე პოლიტიკური საბჭოს კოორდინაციას, მე ვიღებ ჩემს თავზე ხელმძღვანელობას, რეინტეგრაცია მოახდინონ პარტიის და იყოს გახსნილი სხვა კავშირებისთვის და სხვა ადამიანებისთვის", - თქვა მიხეილ სააკაშვილმა კლინიკა "ვივამედის" პალატიდან სასამართლო სხდომაზე ჩართვისას. სხდომა ე.წ. პიჯაკების (სახელმწიფო ქონების გაფლანგვის) საქმეს განიხილავს.
მასალა არქივიდან ენმ-ის ახალ პოლიტსაბჭოს კობა ნაყოფიაც ტოვებსსხდომაზე დისტანციური ჩართვისას, მიხეილ სააკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ადრეა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის დასახელება მომავალი არჩევნებისთვის, რომელიც 2024 წელს უნდა გაიმართოს. სწორედ ამ კონტექსტში ილაპარაკა მან საკუთარ თავზე:
"ისმოდა ხშირად, რომ პრემიერ-მინისტრად დამასახელონ მე. ჯერ არის ძალიან ადრე, ჩემო მეგობრებო. ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. რამდენიმე თვე უნდა შევხედოთ სიტუაციას, რა თქმა უნდა, ვიპოვოთ ოპტიმალური კანდიდატი, მაქსიმალურად ბევრი ხალხისთვის მისაღები კანდიდატი, რადგან ჩვენ მივდივართ გასამარჯვებლად და არა საპატიო მეორე ადგილისთვის. რაც მთავარია, საარჩევნო სიები უნდა შედგეს არა ვიღაცის გარიგებით, არამედ ქვემოდან ზემოთ - პარტიის ყველა წევრმა უნდა მისცეს ხმა სიაში მყოფ ადამიანებს."
სააკაშვილი შეეხო პარტიაში არაფორმალური მმართველობის შესახებ გაჩენილ კითხვებსაც:
"როდესაც იძახიან არაფორმალურ მმართველობაზე, მე არაფორმალურად ვერავინ მმართავს. თუ ჩემს არაფორმალურ მმართველობაზეა საუბარი, მე იმ პირობებში აღმოვჩნდი, როგორც აღმოვჩნდი არა ჩემი ნებით. ამის გამო პასუხისმგებლობას ვერ მოვიხსნი იმ პარტიაზე და იმ ბრძოლაზე, რომელიც ჩვენ წინ გვაქვს..."
ასევე ნახეთ ახალი რეალობა „ნაციონალურ მოძრაობაში“ - ვინ ვინ არის?მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის 1 ოქტომბრიდანაა პატიმრობაში. ის საქართველოში თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩამოვიდა და ქვეყნის საზღვარი მალულად გადმოკვეთა. იმის მიუხედავად, რომ საქართველოს სასამართლოებმა ბრალი ორ საქმეზე შეუფარდეს, სამი ეპიზოდი კი მიმდინარეა, ისიც და მისი თანაგუნდელებიც ექსპრეზიდენტ სააკაშვილს პოლიტპატიმრად თვლიან. საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, მის შეწყალებასთან დაკავშირებით ნათქვამი აქვს, რომ "არა და არასდროს".
მას შემდეგ, რაც სააკაშვილი ციხეშია, შეიცვალა პარტია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე - ნიკა მელიას ნაცვლად, ამ თანამდებობაზე ახლა ლევან ხაბეიშვილია. ახალი თავმჯდომარის არჩევის შემდეგ პოლიტსაბჭო ახალი წევრებით დაკომპლექტდა და ძველ კადრებს თანამდებობის დატოვება მოუწიათ. ნიკა მელია ღიად ლაპარაკობს "ნაციონალურ მოძრაობაში" არაფორმალურ მმართველობაზე, თუმცა, ამის მიუხედავად, ჯერ პარტიის დატოვების გადაწყვეტილება არ მიუღია.