„მოქალაქე წმინდანი“ (2023, საქართველო, რეჟისორი თინათინ ყაჯრიშვილი)
ეროვნული კინოცენტრის მიერ შექმნილმა კომისიამ ამერიკის კინოაკადემიის პრემიის მოსაპოვებლად, ნომინაციაში „საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი“ წელს თინათინ ყაჯრიშვილის „მოქალაქე წმინდანი“ წარადგინა. კომისიის ეს გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო - ახალ ქართულ ფილმს, რომელიც მე პირადად პრემიერიდან რამდენიმე დღეში სრულიად ცარიელ დარბაზში ვნახე, ვერც პროფესიონალიზმს დაუწუნებ, ვერც კინოს ენის არცოდნასა და ვერც სათქმელის არააქტუალურობას. ცხადია, ისიც გასათვალისწინებელია, რომ ფილმის ავტორს ეროვნული კინოცენტრის ე.წ. რეფორმის მიმართ პროტესტი არ გამოუხატავს. არა, ბატონებო, ცდებით ისინი, ვინც ფილმის მრავალმნიშვნელოვანი სათაური თქვენებურად გაიგეთ - „მოქალაქე წმინდანი“, როგორც პერსონაჟი, ის კაცი არაა, თქვენ რომ გგონიათ - ყაჯრიშვილის ფილმს მეტი პრეტენზია აქვს. ავტორი აქ მარადიულ, შეიძლება ითქვას, „არქაულ თემებს“ შეეჭიდა და მარადიულობის (თუ სიძველის) განცდის შესაქმნელად შავ-თეთრ გამოსახულებას მიანიჭა უპირატესობა.
„მოქალაქე წმინდანი“ იგავია, თითქმის ფანტასტიკური სიუჟეტით. მოქმედება ხდება მაღაროელთა პატარა ქალაქში, სადაც მთავარ მოედანზე დაღუპული მუშის ჯვარცმული ქანდაკება დგას. ეს ფაქტობრივად გოლგოთაა, რომელიც ქალაქის მთავარ ღირსშესანიშნაობად გადაუქცევიათ. ცოტა ხანში ძეგლი სარესტავრაციოდ მიაქვთ. ამასობაში გამოჩნდება უცნობი, რომელსაც აქ გაცოცხლებულ წმინდანად აღიქვამენ. გიორგი ბაბლუანის გმირი სასწაულებს სჩადის. მაგრამ ქალაქს ცოცხალი მესია არ სჭირდება. ცოცხალს ყველა საიდუმლოს ვერ ანდობ, მის გულს ადვილად ვერ მოიგებ. უკეთესია, ქვის კერპად იქცეს ჯვარზე და მთელი ქალაქი წარსულით აცხოვროს - თუნდაც ათი წლის წინ მომხდარი ტრაგედიით, რომელმაც ახალგაზრდა მაღაროელები იმსხვერპლა. ქალაქი ისევ ამ ავარიას გლოვობს და იმის გააზრება არ უნდა, რომ ჯოჯოხეთიდან თავის დასაღწევად საჭიროა ბრძოლა თუნდაც საწარმოს ბატონ-პატრონის (თემიკო ჭიჭინაძე) წინააღმდეგ, რომელიც თავის თანაშემწესთან ერთად (გია ბურჯანაძე) განკარგულებებს იძლევა. პირველ რიგში მას არ აწყობს მოქალაქე წმინდანი, სწორედ მას ეშინია ქალაქის მცხოვრებლებში მოქალაქეობრივი თვითშეგნების ამაღლებისა.
ერთ-ერთ ინტერვიუში ფილმის პროდიუსერმა მადლობა გადაუხადა „ჯორჯიან მანგანეზის“ ხელმძღვანელობას დახმარებისთვის - „მოქალაქე წმინდანი“ ხომ მოქმედ მაღაროებშია გადაღებული. სხვაგვარად რომ ვთქვათ, კომპანია, რომელსაც მაღაროელების არაერთი პროტესტი ახსოვს, თავად ჩაერთო გადაღების პროცესში და არც კი დაეჭვებულა იმაში, რომ „მოქალაქე წმინდანი“ შესაძლებელია სწორედ იმ სოციალური პროტესტების ანარეკლად ქცეულიყო, ანდა კომპანიის მმართველების სახეებში საკუთარი თავი დაენახა. ვფიქრობ, აქ გამოადგათ ფილმის ავტორებს ეს განყენებული სტილი, იგავური თხრობა, კონკრეტულობას მოკლებული გარემო, სრულიად დაუმუშავებელი და ფსიქოლოგიურ სიღრმეს მოკლებული სახეებით. მაყურებლის ყურადღება გადატანილია ოპერატორ როდრიგესის შესამჩნევად სურათოვან კადრებზე (მკაცრად კონსტრუირებული კომპოზიციებით და მაღაროელთა „დაწყობილი“ ფიგურებით) და ამ ვიზუალური რიგისთვის უაღრესად ზუსტად შერჩეულ მუსიკაზე (კომპოზიტორი თაკო ჟორდანია), რომელიც დიდხანს გაგყვებათ ფილმის დასრულების შემდეგ. ასეთი კინო ვიღაცას თეო ანგელოპულოსის სტილს გაახსენებს, ვიღაცას ტარკოვსკის... თუმცა მე სხვა ასოციაციებიც მქონდა - უფრო 70-იან წლებში გადაღებული ქართული ფილმებისა, რომლებსაც თავის დროზე კრიტიკოსმა იური ბოგომოლოვმა სკანდალური სტატია მიუძღვნა სათაურით „ქართული კინო: სინამდვილისადმი დამოკიდებულება“. თბილისი (დისკუსიაში ლამის ედუარდ შევარდნაძეც კი ჩაერთო) მაშინ გააღიზიანა არა იმდენად ქართული ფილმებისთვის დამახასიათებელი „ეზოპეს ენის“ კრიტიკამ, რამდენადაც სტატიის მორალურმა მხარემ - ყველამ კარგად იცოდა, რომ ეს განყენებულობა, რეალობისგან დისტანცირება და ყოფის დეტალების გამოხატვაზე უარის თქმა, პირველ რიგში, ცენზურის ბორკილებისგან თავის დაღწევის საშუალება იყო. იმას, რასაც „რეალისტური კინო“ ჰქვია, საბჭოთა ცენზურის პირობებში იშვიათი გამონაკლისის გარდა შანსი არ ჰქონია.
„მოქალაქე წმინდანმა“ დაგვიბრუნა ეს დრო, დაგვიბრუნა კინემატოგრაფისტთა მცდელობა შეეჭიდონ სერიოზულ თემებს ისე, რომ „იქ, ზევით“ არავინ გააბრაზონ, არავის აწყენინონ - არც კერძო კომპანიებს, არც მსხვილ კორპორაციებს და, რა თქმა უნდა, არც იმას, ვინც ქართული ფილმის გადაღებისთვის ფულს იძლევა და „ოსკარზე“ გიშვებს. გამოსავალი ერთი რჩება - ზოგადად „ხალხს“ დააბრალო ჯოჯოხეთი, რომელსაც ასეთი მონდომებით გვიხატავენ „მოქალაქე წმინდანის“ შემქმნელები.
ავტორი ირჩევს ქართველი მაღაროელის მძიმე ცხოვრებას, თუმცა მაღაროელების ნაცვლად უბრალო გლეხები რომ გვენახა, ანდა მწყემსები, არსებითად არაფერი შეიცვლებოდა. სავარაუდოდ, ეს მაღარო და მაღაროელები, ეს გვირაბები და ლაბირინთები, კლდოვანი და მტვრიანი პეიზაჟები აქ ეფექტური ფაქტურის შესაქმნელად აირჩიეს. ფილმის მსვლელობის პროცესში რჩება შთაბეჭდილება, რომ ავტორები თავად არიან აღფრთოვანებულები მათ მიერვე შექმნილი ერთდროულად ინდუსტრიული და არქაული სურათებით, რომლებსაც ფილმის სტატიკურ კადრებში დიდი მონდომებით გვაწონებენ.
„მოქალაქე წმინდანში“ ყველაფერი მკვდარია. გარემოც და ადამიანებიც. ჩეზარე ძავატინი ამაზე იტყოდა, რომ „ეს კინო არ არის. სურათებია“. ასეთი ფორმა, ერთი შეხედვით, იდეალურად შეესაბამება სათქმელს - ავტორები ქმნიან ნეკროფილიის, წარსულში გაჭედვის, ცრურწმენის სახეებს, რომლებსაც მართლაც არა აქვს დრო და სივრცე. მეორე მხრივ, მარადიულის გამოხატვის უნარი კონკრეტულში, იოლი არ არის. ამის ნიჭი მხოლოდ დიდ ოსტატებს აქვთ. გაცილებით უფრო ადვილია მიმართო განყენებულ გარემოს, გადააქციო ცოცხალი ადამიანები მოდელებად, მოერიდო სოციალურ სიმწვავეს და მთელი კინემატოგრაფიული რესურსი „ატმოსფეროს“ შექმნას მოახარჯო, მერე ასე გაამართლო შენი არჩევანი: „ეს ამბავი ყველგან და ყოველთვის შეიძლებოდა მომხდარიყო!“. გოლგოთა და ჯვარცმული წმინდანი მართლაც რომ უკვდავი და ეფექტური სახეა. რატომაც არ უნდა დამკვიდრდეს ქართულ კინოში?
სხვა საქმეა, რომ პრეტენზიას გლობალურ და მარადიულ იდეებზე ერთი ბეწო თვითირონია არ ახლავს, ერთი ბეწო იუმორი, ეს აბსურდული ჯოჯოხეთი თვითტკბობისგან რომ განთავისუფლდეს. საბოლოო შედეგი კი ის ცარიელი დარბაზია, რომელშიც ახალი ქართული ფილმის ნახვა მომიხდა - ესთეტიკური კინო სასიამოვნო საყურებელია, მაგრამ ესთეტიკაც იწვევს დაღლას, როცა საათ-ნახევარი არ ვითარდება.