ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის 15 წლის ვაჟმა, ადამმა, მიიღო კიდევ ერთი ჯილდო - პირველი ხარისხის ორდენი „ისლამის რელიგიის მსახურებისთვის“. ეს ადამ კადიროვის მეშვიდე ჯილდოა ბოლო თვე-ნახევრის განმავლობაში.
მას ორდენი გადასცა ჩეჩნეთის მუფთმა, სალახ მეჟიევმა, ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების ყველა მუფთისა და „სხვა ქვეყნების გამოჩენილი რელიგიური მოღვაწეების“ თანდასწრებით, - განაცხადა ჩეჩნეთის პრესის მინისტრმა ახმედ დუდაევმა. დაჯილდოების ცერემონია გაიმართა კონფერენციაზე სულიერი და მორალური ფასეულობების შესახებ.
მინისტრმა აღნიშნა, რომ 15 წლის ადამ კადიროვმა „მნიშვნელოვანი პირადი წვლილი შეიტანა ისლამის განმტკიცებასა და მისი ღირებულებების დაცვაში“. დუდაევმა არ დააკონკრეტა, რა არის მოზარდის დამსახურება.
ასევე ნახეთ კადიროვების მუსლიმური ანკლავი? ღირსი ადამის ჯილდოების ახალი კოლექციაგასული თვე-ნახევრის განმავლობაში ადამ კადიროვმა მიიღო ჩეჩნეთის გმირის წოდება, რესპუბლიკის მეთაურის უსაფრთხოების განყოფილების უფროსის თანამდებობა, უმაღლესი ორდენები სათათრეთში, ყარაჩაი-ჩერქეზეთში, ყაბარდო-ბალყარეთში, ჩეჩნური ორდენი „ერის სიამაყე“ და რელიგიური ორდენი „უმის წინაშე დამსახურებისთვის“.
დაჯილდოების სერია მას შემდეგ დაიწყო, რაც ადამ კადიროვმა ყურანის დაწვის საქმეზე დაკავებულ ნიკიტა ჟურაველს სცემა კამერის წინ. მაშინ რუსული საზოგადოების ნაწილმა მოზარდის პასუხისგებაში მიცემა მოითხოვა, მაგრამ პოლიციამ უარი თქვა საქმის აღძვრაზე, ვინაიდან ადამს ჯერ არ მიუღწევია სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკისთვის. მან ასაკის გამო ვერ მიიღო ვერც ზემოთ ჩამოთვლილი ზოგიერთი ჯილდო.
ყურანის დაწვაში ეჭვმიტანილი ვოლგოგრადის მკვიდრი, 19 წლის ნიკიტა ჟურაველი, 21 მაისს დააკავეს. გამომძიებლების თქმით, მან ყურანი დაწვა უკრაინის უშიშროების სამსახურის მითითებით, რისთვისაც მას, სავარაუდოდ, 10 ათასი რუბლი აღუთქვეს. გამომძიებლების თქმით, ჟურაველმა, სავარაუდოდ, უკვე აღიარა და განაცხადა, რომ იღებდა სამხედრო ობიექტებს უკრაინის უშიშროების სამსახურისთვის. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელის, ალექსანდრ ბასტრიკინის განკარგულებით ჟურაველის საქმე ჩეჩნეთში გადავიდა.
ადამ კადიროვმა 15 აგვისტოს გროზნოს წინასწარი დაკავების იზოლატორში სცემა ნიკიტა ჟურაველს - ამის შესახებ თავად ჟურაველმა განაცხადა. 25 სექტემბერს ჩეჩნეთის ხელმძღვანელის ტელეგრამის არხზე ცემის ამსახველი ვიდეოჩანაწერი გამოქვეყნდა. რამზან კადიროვმა თქვა, რომ ამაყობს შვილის საქციელით. დაკავებულის ცემაზე რუსეთის ხელისუფლებას არანაირი რეაგირება არ მოუხდენია.