"ჯორჯიან ეარვეისმა" შესაძლოა დაიწყოს მაჰაჩყალა-თბილისის რეისის შესრულება

საილუსტრაციო ფოტო: მაჰაჩყალის აეროპორტი

ქართული ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“, სავარაუდოდ, გეგმავს რეისებს თბილისი-მაჰაჩყალა-თბილისის მიმართულებით. როგორც რადიო თავისუფლების პროექტი „ეხო კავკაზა“ წერს, მაჰაჩყალის აეროპორტის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, რეისები შესრულდება 23 ნოემბრიდან 30 მარტის ჩათვლით, კვირაში სამჯერ - სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს. მაჰაჩყალიდან გაფრენის დროდ მითითებულია 07:45 საათი.

ფრენების განრიგი მაჰაჩყალის აეროპორტის ვებსაიტიდან

ასევე ნახეთ მეტი ავიარეისი რუსეთიდან - ვის აწყობს, ვინ სარგებლობს?

ამჟამად „ჯორჯიან ეარვეისი“ რუსეთის მიმართულებით მხოლოდ თბილისი-მოსკოვი-თბილისის რეისებს ასრულებს. რადიო თავისუფლება ცდილობს ინფორმაციის დაზუსტებას ეკონომიკის სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან, რომელიც ქვეყანაში ფრენების უფლებას გასცემს. სატელეფონო ზარებს არ პასუხობს არც ავიაკომპანიის წარმომადგენელი თამაზ გაიაშვილი.

ასევე ნახეთ "რუსეთს სანქციებს არ ვუწესებთ" - პარლამენტმა უარი თქვა ფრენების აკრძალვის პეტიციის განხილვაზე
ოქტომბრის ბოლოს მაჰაჩყალის აეროპორტი მასობრივი არეულობების ადგილად იქცა. 29 ოქტომბერს, თელ-ავივიდან სამგზავრო თვითმფრინავის დაშვების წინ, აეროპორტში ასეულობით ადამიანი შეიკრიბა ანტისემიტურ აქციაზე. მონაწილეებს თან ჰქონდათ პალესტინელთა დროშები და პლაკატები ანტისემიტური ლოზუნგებით და მოითხოვდნენ რეგიონიდან ებრაელების განდევნას. პოლიციამ აქციის მონაწილეთა შეჩერება ვერ შეძლო. მათ აეროპორტის შენობასა და ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე შეაღწიეს და თვითმფრინავში შეჭრაც სცადეს. ანტისემიტური გამოსვლის მონაწილეები აეროპორტიდან გამსვლელებს დოკუმენტებსაც უმოწმებდნენ, მათი წარმომავლობის დასადგენად. ხელისუფლებამ აეროპორტში წესრიგის აღსადგენად სპეცდანიშნულების რაზმი გაგზავნა. ოფიციალური მონაცემებით, სამართალდამცავებმა 200-ზე მეტი პირი დააკავეს.
ასევე ნახეთ ლავროვი: როცა დავინახეთ, თბილისის ხელისუფლება დაინტერესებულია ურთიერთობების ნორმალიზებით, აღვადგინეთ ფრენები

მიმდინარე წლის 10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებებს საქართველოსთან 2019 წლის ზაფხულიდან გაუქმებული პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის და 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ. ამის შემდეგ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ რუსულ და ქართულ ავიაკომპანიებს რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების უფლება მისცა.

პირდაპირი ფრენების შესრულება დაიწყეს რუსულმა ავიაკომპანიებმა "აზიმუტმა" და "რედ ვინგსმა", ასევე - ერთადერთმა ქართულმა ავიაკომპანიამ, "ჯორჯიან ეარვეისმა".

დასავლეთის ბევრი ქვეყანა, მათ შორის აშშ, რუსულ თვითმფრინავებს საკუთარ საჰაერო სივრცეში შესვლას უკრძალავს. აშშ შეაშფოთა რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიარეისების განახლებამ, რადგან ამან შესაძლოა, სანქციების რისკი შეუქმნას კომპანიებს საქართველოს აეროპორტებში.

რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო საქართველოს დემარში გამოუცხადა ევროკავშირის 27-ვე ქვეყანამ.

საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, რომ პირდაპირი ავიამიმოსვლა დადებითად აისახება რუსეთში მცხოვრებ მილიონამდე თანამემამულეზე და საქართველოს ეკონომიკაზეც და რომ საქართველოს ბაზარზე არ დაიშვებიან უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო დასავლეთის მიერ სანქცირებული ავიაკომპანიები და მათი თვითმფრინავები.