რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა კრემლის მიერ კონტროლირებად საინფორმაციო სააგენტო "ტასთან" ინტერვიუში საქართველოსთან რუსეთის ურთიერთობების საკითხზეც ისაუბრა, მათ შორის უპასუხა შეკითხვას საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესაძლებლობაზე.
ლავროვის თქმით, საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა საქართველოს იმჟამინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივა იყო.
„დიპლომატიური ურთიერთობები ჩვენ არ გაგვიწყვეტია. ეს იყო სააკაშვილის რეჟიმის ინიციატივა, რომელმაც აშშ-ის წახალისებით ხელი ასწია საკუთარ მოქალაქეებზე, ოსებზე, რომლებსაც თავის მოქალაქეებად თვლიდა და ხელი ასწია მშვიდობისმყოფელებზე და როცა საკადრისი პასუხი მიიღო, დაიწყო თავისი სრული პოლიტიკური და სამხედრო მარცხის კომპენსირება ანტირუსული მოქმედებებით. ჩვენ ქართველი ხალხის მიმართ უარყოფით დამოკიდებულება არასდროს გვქონია. ჩვენ ნამდვილად გვიყვარს ქართველი ხალხი, ისევე როგორც ამიერკავკასიის ყველა ხალხი. ხოლო რუსეთის ისტორიაში და საბჭოთა კავშირის ისტორიაში, ჩვენი ხელოვნების, კულტურისა და მეცნიერების ისტორიაში ქართველებს განსაკუთრებული ადგილი უჭირავთ“, - თქვა ლავროვმა.
მისი სიტყვებით, საქართველოს მოქმედი მთავრობის მხრიდან ურთიერთობების ნორმალიზების სურვილის დანახვის შემდეგ აღდგა ფრენები და გაუქმდა სავიზო რეჟიმი, რაც ორი ქვეყნის მოქალაქეებს შორის ურთიერთობებს მოხერხებულს ხდის.
„და როდესაც დავინახეთ, რომ თბილისის ამჟამინდელი ხელისუფლება დაინტერესებულია ურთიერთობების ნორმალიზებით, თუნდაც უბრალო ადამიანების ინტერესებით, რომლებსაც სურთ ერთმანეთთან ურთიერთობა, ერთმანეთთან სტუმრობა, ჩვენს ქვეყანაში ტურისტებად ჩამოსვლა, სურთ ბიზნესის კეთება, ბოლოს და ბოლოს ის, რაც ტრადიციულად აკავშირებდა ჩვენს ეკონომიკურ სისტემებს, ჩვენ ბატონი [საქართველოს პრემიერ-მინისტრი] ღარიბაშვილის მთავრობასთან შევთანხმდით ფრენების აღდგენაზე და გაუქმდა სავიზო რეჟიმი, ვინაიდან რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი უკვე საკმაოდ დიდი ხანია არსებობდა და ჩვენი ბევრი მოქალაქე სარგებლობდა ამით. მაგრამ ახლა, ორმხრივობის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღება და საჰაერო კავშირის დამყარება, რა თქმა უნდა, ჩვენს კავშირებს ბევრად მოსახერხებელს, ბევრად კომფორტულს ხდის. იზრდება ფრენების რაოდენობა, ფართოვდება პირდაპირი ფრენების გეოგრაფიაც, იზრდება სავაჭრო ბრუნვა. ჩვენში დიდი პოპულარობით სარგებლობს ბევრი ქართული ტრადიციული საექსპორტო პროდუქტი: ღვინო, ბორჯომი და მრავალი სხვა", - ამბობს სერგეი ლავროვი.
2008 წელს, ომის შემდეგ, საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა. შეწყდა ავიამიმოსვლა. რუსეთმა სავიზო მიმოსვლის პირობები კიდევ უფრო გაამკაცრა. ავიამიმოსვლა, თავდაპირველად ჩარტერული რეისებით, 2010 წლიდან აღდგა. საქართველომ რუსეთს სავიზო რეჟიმი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაუწესა და 2012 წელს თავადვე გააუქმა, რასაც რუსეთის საპასუხო ნაბიჯი არ მოჰყოლია. მანამდე, 2010 წელს, საქართველოს იმჟამინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განკარგულებით, საქართველოში შემოსასვლელად ვიზები გაუქმდა მხოლოდ რუსეთის ფედერაციაში შემავალი შვიდი ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკის მკვიდრთათვის. ესენია: ჩეჩნეთი, ინგუშეთი, ჩრდილოეთი ოსეთი, დაღესტანი, ყაბარდო-ბალყარეთი, ყარაჩაი-ჩერქეზეთი და ადიღე.
მათ საქართველოში 90 დღის განმავლობაში დარჩენის უფლება მიეცათ. ამ გადაწყვეტილებამ გააღიზიანა რუსეთი.
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიმდინარე წლის 10 მაისის განკარგულებების თანახმად, რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა აღდგა და გაუქმდა სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის. 19 მაისს შესრულდა პირველი ავიარეისი მოსკოვიდან თბილისში.
ივლისის დასაწყისში რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ ("როსავიაცია") რუსეთისა და საქართველოს ქალაქებს შორის კვირაში 284 ფრენის ნებართვა დაამტკიცა. ნებართვების უმეტესობა ავიაკომპანია Red Wings-ზე იყო გაცემული. საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ განაცხადა, რომ ავიაკომპანიებს ფრენის უფლებით სარგებლობა მხოლოდ რიგი დამატებითი პირობის შესრულების შემდეგ შეეძლებათ.
ვაშინგტონი, ევროკავშირის ქვეყნები და კიევი საქართველოს აკრიტიკებენ რუსეთთან ფრენების აღდგენის გამო.