უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაასახელა ფრონტის ის მიმართულებები, სადაც სიტუაცია ყველაზე მძიმეა. 13 ნოემბერს, უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვისას, ზელენსკიმ თქვა, რომ რთული ვითარებაა ქვეყნის აღმოსავლეთსა და სამხრეთში - ავდეევკის, მარინკის, ბახმუტის, ლიმანის, კუპიანსკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის მიმართულებებით.
უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, 13 ნოემბერს მოისმინა სამხედრო დაზვერვის და საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელების, კირილო ბუდანოვის და ოლექსანდრ ლიტვინენკოს ანგარიშები. ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ იცის და მომავალშიც ეცოდინება, რას ამზადებს მტერი და როგორი უნდა იყოს სწორი პასუხი როგორც ხმელეთზე, ისე შავ ზღვაში.
ფრონტზე არსებული ვითარება უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ განიხილა აშშ-ის არმიის შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარესთან, გენერალ ჩარლზ ბრაუნთან. მათი სატელეფონო საუბარი 13 ნოემბერს გაიმართა. ზალუჟნის თანახმად, ყველაზე ცხელ წერტილებად რჩებიან ავდეევკის, კუპიანსკის და მარინკის მიმართულებები, სადაც სიტუაცია რთული, მაგრამ კონტროლირებულია.
ასევე ნახეთ წინსვლა ხერსონში - უკრაინის პლაცდარმი დნეპრის მარცხენა სანაპიროზეგენერალი ზალუჟნი ტელეგრამ-არხზე წერს, რომ უკრაინის თავდაცვის ძალები განაგრძობენ შეტევას გარკვეული მიმართულებებით, სადაც მოწინააღმდეგეს მნიშვნელოვანი დანაკარგი აქვს. უკრაინის არმიის მთავარსარდალს კონკრეტული მიმართულებები არ დაუსახელებია.
ზალუჟნის ინფორმაციით, გენერალ ბრაუნთან განიხილა ზამთრის პერიოდისთვის არსებული გეგმები და უკრაინის თავდაცვის ძალების საჭიროებები, პირველ ყოვლისა ჭურვები, საჰაერო თავდაცვის საშუალებები და უპილოტო საფრენი აპარატები.
ასევე ნახეთ ზელენსკი: რუსეთი ზამთრისთვის ემზადებაუკრაინა დასავლელი პარტნიორებისგან განსაკუთრებით ითხოვს საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას. გასული ზამთრის განმავლობაში, რუსეთის სამხედრო ძალები ინტენსიურად უტევდნენ უკრაინის ენერგოობიექტებს. სისტემის მწყობრიდან გამოსვლის გამო, უკრაინაში ელექტროენერგიის მიწოდების მკაცრი გრაფიკი მოქმედებდა.