CNN-მა და AP-მა უარი თქვეს ფოტოგრაფთან მუშაობაზე, რომელმაც „ჰამასის“ ისრაელში შეჭრა და ექსტრემისტების ლიდერთან სელფი გადაიღო

პალესტინელები ზეიმობენ ისრაელის ტანკის აფეთქებას. 7 ოქტომბერი, 2023 წ.

ამერიკულმა ტელეარხმა CNN-მა და საერთაშორისო სააგენტო Associated Press-მა (AP) შეწყვიტეს თანამშრომლობა ფოტოგრაფ ჰასან ესლაიასთან, რომელმაც 7 ოქტომბერს გადაიღო შეიარაღებული დაჯგუფება „ჰამასის“ (შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მიერ ტერორისტული ორგანიზაციების სიაშია შეტანილი) ისრაელში შეჭრის მომენტი.

ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ორგანიზაცია HonestReporting-მა, რომელიც აცხადებს, რომ მისი მიზანია ისრაელის დაცვა მედიის მიკერძოებისგან, - ეჭვქვეშ დააყენა AP-ისა და Reuters-ის მიერ გამოქვეყნებული იმ ფოტოების ეთიკურობა, რომლებიც „ჰამასის“ ისრაელში შეჭრის მომენტს ასახავენ.

ამ ორი სააგენტოს ფოტოგრაფებმა გადაიღეს ისრაელის ტანკები, რომლებიც იწვიან და ასევე „ჰამასის“ წევრები. გარდა ამისა, HonestReporting-ი აღნიშნავს, რომ ზოგიერთმა ფოტოგრაფმა, სავარაუდოდ, დაარღვია საზღვარი ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის.

ფოტოებზე აღბეჭდილია ოთხი ჟურნალისტი: ჰასან ესლაია, იუსეფ მასუდი, ალი მაჰმუდი და ჰატემ ალი. HonestReporting-ის განკარგულებაში აღმოჩნდა ასევე ესლაიას უკვე წაშლილი ტვიტების სქრინშოთი, რომელშიც ჩანს სელფი დამწვარი ისრაელის ტანკის ფონზე არაბული წარწერით: „პირდაპირი ეთერი ღაზის სექტორის დასახლებებიდან“. ორგანიზაციამ ასევე აღმოაჩინა ესლაიას ფოტო „ჰამასის“ ლიდერ იაჰია სინვართან, რომელიც ფოტოგრაფს ლოყაზე კოცნის.

ომი ისრაელში ოცდამეოთხე დღეა გრძელდება. ის 7 ოქტომბრის დილით, ღაზის სექტორიდან ტერორისტების მასიური სარაკეტო თავდასხმებით, „ჰამასისა“ და „ისლამური ჯიჰადის“ მებრძოლების ისრაელში შეჭრითა და მძევლების აყვანით დაიწყო.

ასევე ნახეთ

"ომში ვართ" - ისრაელის პრემიერ-მინისტრი

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ჰამასის თავდასხმაზე საპასუხოდ მათ ოპერაცია „რკინის ხმლები“ დაიწყეს. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა სამხედრო რეზერვისტების გაწვევაც დაამტკიცა.

ისრაელის თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ამჟამად არმიის ჯარისკაცები ქალაქ ღაზის ცენტრში მოქმედებენ და საკმაოდ ახლოს არიან ღაზის პორტთან. გალანტმა დეტალების დაუკონკრეტებლად ისიც განაცხადა, რომ ისრაელის არმიამ ახალი მეთოდებით დაიწყო „ჰამასის“ მიწისქვეშა გვირაბების განადგურება.

  • კონფლიქტის მხარეთა მონაცემებით, 7 ოქტომბრიდან ისრაელში დაღუპულია 1400-ზე მეტი, ხოლო ღაზის სექტორში 10 800-ზე მეტი ადამიანი.
  • ისრაელის არმიის ცნობით, „ჰამასს“ 240-ზე მეტი მძევალი ჰყავს.
  • დასავლეთის სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები ადასტურებენ, რომ ისრაელს თავდაცვის უფლება აქვს, თუმცა მისგან მოითხოვენ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დაცვას.
  • ღაზის სექტორის სამოქალაქო მოსახლეობაში დიდი მსხვერპლის და უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისის გამო, გაერო ისრაელს ადანაშაულებს საერთაშორისო სამართლის დარღვევაში. თავის მხრივ, ისრაელის მთავრობა ირწმუნება, რომ მისი სამიზნეა მხოლოდ „ჰამასი“, რომელიც სამოქალაქო მოსახლეობას ფარად იყენებს.